Thumbnail

Beyoncé-სა და Jay-Z-ის 8 წლის შვილი, ბლუ აივი გრემის ნომინანტია

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკის ხმის ჩამწერმა აკადემიამ 2021 წლის გრემის დაჯილდოების ნომინანტების გაფართოებული სია გამოაქვეყნა, რომელშიც ვარსკვლავური წყვილის, ბიონსესა და ჰიპ ჰოპ არტისტ ჯეი ზის უფროსი შვილის, წლის ბლუ აივის სახელიც გვხვდება. 8 წლის გოგონა კლიპში Brown Skin Girl შეტანილი წვლილისთვის დედის, ბიონსესა და ნიგერიელი შემსრულებლის, WizKiD-ის გვერდით არის დასახელებული. მუსიკოსების ერთობლივი ნამუშევარი ჯერ კიდევ ნოემბერში წარადგინეს წლის ვიდეორგოლის კატეგორიაში. აღსანიშნავია, რომ რეპერი Saint Jhn, რომელიც სიმღერაში ასევე მონაწილეობს, კანდიდატთა შორის არ მოუხსენებიათ.

ნახეთ: საოჯახო ვიდეო, რომელშიც ბიონსეს შვილი, ბლუ აივი დედის გვერდით მღერის

Beyoncé შვილის, ბლუ აივის მონაწილეობით სიმღერის Brown Skin Girl კლიპს ავრცელებს

ბლუ აივი ანიმაციური ფილმის The Lion King რიმეიქის საუნდტრეკების ალბომში The Lion King: The Gift წარმოდგენილი კომპოზიციის Brown Skin Girl ერთ-ერთი ავტორი და შემსრულებელია. კომპოზიციაზე გადაღებული კლიპი კი ბიონსეს ვიზუალურ ალბომში Black is King არის წარმოდგენილი. ნამუშევრისთვის ვიზუალური მასალა სამხრეთ აფრიკაში, დასავლეთ აფრიკაში, ბელგიაში, ლოს ანჯელესში, ნიუ იორკსა და ლონდონში გადაიღეს.

ბიონსეს ნამუშევარს გრემიზე კონკურენციას უწევენ ბრიტანელი მუსიკოსის, ჰარი სტაილზის სიმღერის Adore You კლიპი, კალიფორნიელი არტისტის, ანდერსონ ფექის მუსიკალური ვიდეო Lockdown და გავლენიანი მუსიკოსების, Future-სა და Drake-ის ერთობლივ ტრეკზე Life Is Good გადაღებული ვიდეორგოლი. გრემის რიგით 63-ე დაჯილდოების გამარჯვებულთა ვინაობა 31 იანვარს გახდება ცნობილი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ბლუ აივიმ კომპოზიციაში Brown Skin Girl მონაწილეობისთვის წარმატებას მიაღწია. სწორედ ამ სიმღერის დამსახურებით მიიღო მოზარდმა თავისი პირველი მუსიკალური ჯილდო Ashford & Simpson Songwriter's Award-ის დაჯილდოებაზე წლის ჩანაწერის კატეგორიაში. ამავე ტრეკისთვის მას BET Her Awards-ისა და NAACP-ის პრიზებიც ხვდა წილად და გასულ თვეს, Soul Train Award-ზე ბიონსეს, WizKiD-ისა და Saint Jhn-ის გვერდით წლის ვიდეორგოლის კატეგორიაში გამარჯვებულადაც გამოცხადდა. გოგონას მუსიკალური დებიუტი 2017 წელს ჯეი ზის ალბომში 4:44 შესული ტრეკში Blue's Freestyle შედგა, რომელშიც ის მამასთან ერთად რეპავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული