Thumbnail

მუსიკალური პუბლიცისტის, გია ხადურის საავტორო რუბრიკა.

ნახეთ სრული ფლეილისტი

10. Alice Cooper - The Quiet Room

ამ სიაში ელის კუპერს ვერანაირად ავცდებოდით, მისი პერსონაჟები ხომ სწორედ უმართავი მანიაკი-პარანოიკები არიან. თუმცა, ეს სიმღერა ისევე, როგორც მთელი ალბომი, უაღრესად პირადულია და ინტიმური. საქმე იმაშია, რომ 1977 წელს კუპერმა ალკოჰოლიზმის ნიადაგზე გარეკა, შეიშალა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა. აი, სწორედ საგიჟეთში მიღებულ შთაბეჭდილებებზეა აგებული ჩანაწერის ყველა კომპოზიცია.

"წყნარი ოთახი" პალატაა, სადაც განსაკუთრებით მძიმე პაციენტები ჰყავთ მოთავსებული. ელისმა იქ, როგორც ჩანს, კარგა ხანს დაჰყო და თვითმკვლელობის მცდელობაც ჰქონდა. სწორედ მისი ეს უმძიმესი მდგომარეობაა ასახული ამ სიმღერაში, მაგრამ მთავარი აქ მაინც ის არის, თუ როგორ ასრულებს მას კუპერი სცენაზე. ის თამაშობს ისე, რომ სტანისლავსკის სისტემით გაწვრთნილ ნებისმიერ მსახიობს შეშურდება. მომავალში, ფსიქიკური აშლილობა არაერთი როკ არტისტისთვის იმიჯის ლამის განუყოფელი ატრიბუტი გახდება, მაგრამ კუპერს ამ მხრივ ვერავინ შეედრება, რაც ჩვენს ვიდეოშიც ნათლად ჩანს. მარტო ვენების გადაჭრის სცენა რად ღირს, თუმცა სჯობს, ყველაფერი თავად ნახოთ და მოისმინოთ.

9. The Screamers - 122 Hours of Fear

"სქრიმერსი" თავის დროზე ლოს ანჯელესის პანკ სცენაზე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და პერსპექტიული ბენდი იყო, მაგრამ პრომოუტერებს მისი საუნდი აშინებდა - არანაირი გიტარები, არც ბასი, ერთი დანჯღრეული სინთეზატორი, ელექტრონული კლავიში და დრამი. ამიტომაც, მაშინ უკონტრაქტოდ დარჩნენ. თუმცა, მუსიკოსებს ისედაც გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ აუდიოს ნაცვლად მხოლოდ ვიდეო ალბომებს გამოუშვებდნენ, რაც უფულობის გამო ვერ განახორციელეს. ისე, რაღაც ვიდეომასალა მაინც შემორჩათ. მაგალითად, ეს ჩანაწერი, რომლის სათაურიც "შიშის 122 საათი" საკმაოდ ნათლად მიგვანიშნებს, რასთან გვაქვს საქმე.

ამ ვიდეოთი თუ ვიხელმძღვანელებთ, კოლექტივის ფრონტმენი, ტომატა დუ პლენტიც გვარიანად შექანებული, ფობიებით შეპყრობილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. სამწუხაროდ, სტუდიაში ჩაწერილი კომპოზიციები ბენდს არ აქვს და 2004 წელს გამოსული სადებიუტო ალბომი-კომპილაციაც 1977-79 წლების კონცერტების დროს ჩაწერილი უხარისხო მასალითაა დაკომპლექტებული. არადა, ძალზე საინტერესო და ექსცენტრიკული მუსიკა აქვთ, რომლის დასახასიათებლადაც ჯერ კიდევ 70-იანების მიწურულს გაზეთმა Los Angeles Times ნოვატორული დეფინიციაც კი მოიგონა - ტექნო პანკი.

8. Radiohead - Just

ამ ჯგუფს აქვს სიმღერა Paranoid Android, რომელიც ჩვენი სიის მთავარ თემას იდეალურად ერგება, მაგრამ მე მაინც ეს კომპოზიცია ავირჩიე, რადგან ვიდეოა ფანტასტიკური, ერთ-ერთი საუკეთესო, რაც ოდესმე გადაღებულა და იმის მიუხედავად, რომ თავად ჩანაწერი ცუდი ნამდვილად არაა, ვფიქრობ, რომ კლიპი აქ მუსიკასაც ჩაგრავს.

ტომ იორკისა და მისი კოლექტივის შემოქმედებისთვის აკუსტიკური პათოლოგიები და ისტერია უცხო არ არის. ამ თვალსაზრისით Just-იც ტიპურია, თუმცა "რედიოჰედის" სიმღერებში ყველაფერი მაინც ლოგიკას ექვემდებარება და მარტივად პროგნოზირებადია. სწორედ ამ იდილიას არღვევს ეს ვიდეო, რომელიც ბადებს შეკითხვას, მაგრამ არ იძლევა არანაირ პასუხს და ყველაფერს მაყურებლის (და არა მსმენელის) წარმოსახვას ანდობს. ნათელი აქ მხოლოდ ის არის, რომ ყოფიერებასა და რუტინულ არსებობას შორის უფსკრულის გაცნობიერება სტრესს, პარანოიასა და შიშის მძაფრ განცდას იწვევს. სწორედ აქედან ის აკვიატებული იდეა, კლიპის მთავარ პერსონაჟს რომ წამოაგორებს გაუნძრევლად შუა ქუჩაში. სიმბოლურია ფინალური კადრიც, სადაც მუსიკოსები ფანჯრიდან უყურებენ უცნაურ სცენას და აშკარად ჩანს, რომ მათაც არ აქვთ პასუხი, ისევე, როგორც არავის ამქვეყნად.

7. Zvuki Mu - Консервный нож

მახსოვს, ჯერ კიდევ "პერესტროიკის" დროს, ერთმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა პიოტრ მამონოვის მუსიკას "რუსული ხალხური შიზოფრენია" უწოდა. ის, რაც ადრე მამონოვისთვის ადეკვატურობის ფარგლებს მიღმა არსებული არტ-თამაში იყო, თანამედროვე რუსეთში რეალობად იქცა. როგორც ჩანს, არტისტი ამას სხვებზე ადრე მიხვდა, ამიტომაც მიჰყო ხელი სულიერების ძიებას და დღეს ლამის განდეგილივით ცხოვრობს.

ეს ჩანაწერი, იმის გარდა, რომ ძალიან კარგია, მშვენივრად ასახავს იმ შინაგან მდგომარეობას, რომელიც დაბნეული რუსი ინტელიგენტებისთვის და არა მხოლოდ მათთვისაა დამახასიათებელი. ერთხელ, ტელევიზორში რომელიღაც იქაური ოლიგარქის ინტერვიუ ვნახე, უზარმაზარ მდიდრულ სახლში რომ ცხოვრობდა ესპანეთის კურორტზე, სამზარეულოში კი მაინც თავახდილი კონსერვის ქილა - კილკა ტომატში ედო და ხელშიც გასახსნელს ათამაშებდა. როგორც აკვიატებული სიმბოლო, ერთგვარი ეთნიკური პარანოია, ისე ჩანდა ყველაფერი და ამის შემდეგ, კიდევ უფრო მეტად დავაფასე ეს კომპოზიცია, რუსის მეტი რომ ვერავინ დაწერს, ისეთი. აბა, სხვას ვის მოუვა თავში, სიმღერა კონსერვის გასახსნელ დანას მიუძღვნას.

6. Suicide - Ghost Rider

უცნაურია, მაგრამ "სუისაიდის" სადებიუტო ალბომი დღევანდელი გადმოსახედიდან უფრო აღიქმება სენსაციად, ვიდრე მისი გამოსვლისას 1977 წელს და ამაში გარკვეული ლოგიკაც არის. აგერ უკვე ოთხ ათწლეულზე მეტია, ბევრი ცდილობს მასთან გატოლებას, თუმცა უშედეგოდ. რატომ? იმიტომ, რომ დღემდე ვერავინ მოახერხა ისეთი შიდა აკუსტიკური წინააღმდეგობის შექმნა, როგორსაც ამ დუეტმა მანიაკალურ-მინიმალისტური ელექტრონული საუნდისა და ნერვული როკაბილი ვოკალის ურთიერთდაპირისპირებით მიაღწია. სწორედ ეს ჯახი ქმნის რაღაც უცნაურ სტატიკურ-დინამიკურ მდგომარეობას, რომელიც მსმენელშიც ნამდვილ პარანოიას იწვევს.

მეორე მხრივ, ალან ვეგასა და მარტინ რევის მუსიკა იმდენად ზუსტად ირეკლავს იმ ეპოქის ნიუ იორკის არანორმალურ და საშიშ ყოფას, მისი მონოტონური პულსაცია ისე ემთხვევა ქალაქის სტრესულ მაჯისცემას, რომ მაშინ ეს აკუსტიკური დოკუმენტი ყველამ ბუნებრივ მოვლენად აღიქვა. ამიტომაც ავარჩიე ჩვენი სიისთვის ვიღაც ენთუზიასტის მიერ აწყობილი ვიდეო. შეიძლება ითქვას, რომ ეს ტრეკი მარტინ სკორსეზეს ფილმის "ტაქსის მძღოლი" იდეალური აკუსტიკური კვინტესენციაა. მართლაც, შეუძლებელია, გეცხოვრა იმდროინდელ ნიუ იორკში და გქონოდა გარანტია, რომ ჭკუიდან არ შეიშლებოდი.

5. Death Grips - Guillotine

აქ უკვე ისეთ პარანოიასთან გვაქვს საქმე, რომელიც აღარ იკურნება. მახსოვს, პირველად როცა ვნახე და მოვისმინე ეს ნამუშევარი, მყისვე გამახსენდა კოშმარები, ბავშვობაში რომ ვნახულობდი სიზმრად, თუმცა შემაძრწუნებელი ზემოქმედება კომპოზიციას მაინც არ მოუხდენია. პირიქით, გავმხიარულდი და ვიხალისე, მაგრამ თავად მუსიკოსებს რომ სახალისოდ არ აქვთ საქმე და პარანოიდულ თვითგვემაში არიან, ფაქტია.

რამ გაახსენათ 21-ე საუკუნეში გილიოტინა, გაუგებარია. ეტყობა, ეგზისტენციური შიშებით არიან შეპყრობილი. ალბათ, ამიტომაც წამოჰყვეს თავი შინაგანმა დემონებმა, რომლებმაც, როგორც ჩანს, ავტორებს ტრეკის იდეა უკარნახეს. მეორე მხრივ, ეს მუსიკა ძალზე წააგავს ნარკოტიკების უზომო მოხმარების შედეგად ფსიქიკურად დაავადებული პაციენტის ნეგატიურ ჰალუცინაციებს, ტექსტი კი არანაკლებ შეშლილი ფსიქიატრის მიერ შედგენილ ავადმყოფობის ისტორიას. ამიტომაც არის ასეთი საკაიფო და მძაფრი, ისევე, როგორც მთელი ალბომი, რომელსაც, სხვათა შორის, დღემდე დიდი სიამოვნებით ვუსმენ.

4. Wolfgang Voigt - Kafkatrax 2.1

იქიდან გამომდინარე, რომ თანამედროვე ელექტრონულ მუსიკაში აკუსტიკურმა მაზოხიზმმა კულმინაციას მიაღწია, ჩვენი სიისთვის შესაბამისი ტრეკის პოვნა, ერთი შეხედვით, ადვილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ, მეორე მხრივ, საქმეს ის ამბავი ართულებს, რომ თანამედროვე "მწვალებელი" ელექტრონშიკები კონკრეტულ თემებზე იშვიათად აპელირებენ და მუსიკასაც მხოლოდ მუსიკისთვის ქმნიან. ამიტომაც, მარტივი, მაგრამ ეფექტური გზა ავირჩიე.

როდესაც ტრეკი, ისევე როგორც მთელი ალბომი ფრანც კაფკას ეძღვნება, უკვე ნათელია, რომ საქმე ფანტასმაგორიულ პარანოიასთან გვაქვს. მით უმეტეს, რომ ავტორი ერთ-ერთი უდიდესი გერმანელი ელექტრონული არტისტი, ვოლფგანგ ვოიტია, რომელსაც უმთავრესად პროექტით Gas იცნობენ. ამ ჩანაწერში განსაკუთრებით ეფექტურად ვოკალური სემპლები ჟღერს. ნამდვილი ქვეცნობიერის ნაკადია - უცნაური, აბსურდულიც, მაგრამ ზუსტი და დრამატურგიულად გამართული. აი, მხოლოდ გერმანელებს რომ შეუძლიათ, ისეთი. ტრეკი ალბომში საუკეთესო ნამდვილად არ არის, მაგრამ სამაგიეროდ, ვიდეოში 1991 წლის ფილმიდან "კაფკა" აღებულ ნაწყვეტებს ვხედავთ. ასე რომ, ყველაფერი თავის ადგილას დგება, თან არცთუ ურიგოდ.

3. Wipers - When it’s Over

თუ ბრიტანული პოსტ პანკი მელანქოლიური, ელეგიური და დეპრესიულია, ამერიკული უფრო აჟიტირებულია, ნერვული და საგანგაშო. შეერთებულ შტატებში მუსიკის ეს მიმდინარეობა სწრაფად გადაიზარდა ე.წ. ალტერნატივაში და ამიტომაც სუფთა სახით ვერ გახურდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ამერიკული პოსტ პანკის საუკეთესო წამომადგენლები თავის ბრიტანელ კოლეგებს არა თუ ჩამორჩებიან, არამედ სჯობნიან კიდეც. მათ მუსიკაში ვერ შეხვდებით მანერიზმსა და სნობიზმს. ის უფრო ოსტატურია, შინაარსიანი, მეტყველი და პირდაპირი. ჟღერადობაც შედარებით ნედლია, შესაბამისად კომერციულად არამომგებიანი და ალბათ, ამიტომაც ვერ დაიმსახურა ის აღიარება, რომელსაც უდავოდ იმსახურებდა.

ეს პორტლენდური ჯგუფი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ამერიკულ პოსტ პანკ კოლექტივებს შორის, რაც მათი ფრონტმენის, შესანიშნავი გიტარისტისა და სიმღერების ავტორის, გრემ სეიჯის დამსახურებაა. ასეთი იმედგაცრუება, აპათია, ფრუსტრაცია და ამავდროულად, უცნაური აკუსტიკური მოქნილობა, რომელიც ამ ტრეკიდან მოდის, ძალზე იშვიათია. კომპოზიცია გრძელია, ტექსტი პატარა, აბსოლუტურად უიმედო, უმომავლო და პარანოიდული. "ვაიფერსის" სულიერ მემკვიდრედ თავს თავად კურტ კობეინი მიიჩნევდა, რაც შემთხვევითი სულაც არ არის.

2. Talking Heads - Crosseyed and Painless

ეს სიმღერა "თოქინგ ჰედსის" ლეგენდარულ ალბომში Remain in Light შედის. მასზე ოფიციალური ვიდეოც არის გადაღებული, მაგრამ რომის 1980 წლის ლაივი, როგორც ვიზუალურად, ასევე აკუსტიკურად, იმდენად მძლავრია, ისეთი ეფექტური, რომ მასთან შედარებით სტუდიური ვერსიაც და კლიპიც ფერმკრთალდება. თანაც ჩვენს სიას ამ ექსტატური, რიტუალური ფანკ კომპოზიციის სწორედ ეს ცოცხალი შესრულება ესადაგება.

დევიდ ბირნის ტექსტების უმეტესობა ისედაც მეგაპოლისის ურბანული წნეხით გამოწვეულ შიშებს, გაუცხოებასა და პარანოიას ეხება, მაგრამ აქ ეს თემები შედარებით უფრო დაწმენდილია და გამოკვეთილი. როგორც ლირიკაში, ასევე სიმღერის მანერასა და სასცენო პერფორმანსშიც მუსიკოსისთვის დამახასიათებელ ნევროზებსა და ინფანტილიზმს ვხვდებით, თუმცა აქ საქმე მხოლოდ მის არტისტული კრედოში არ არის. ის რეალურ ცხოვრებაშიც ასეთია - ინტროვერტი, მორცხვი და აფორიაქებული. რაც შეეხება დანარჩენებს, ვფიქრობ, "მოლაპარაკე თავების" ეს გაფართოებული საკონცერტო შემადგენლობა ერთ-ერთი საუკეთესოა მუსიკის ისტორიაში, ამიტომაც არის რომის ეს ლაივი უნიკალური.

1. The Rolling Stones - Gimme Shelter

ყველა თემატურ სიაში ეს სიმღერა საპროტესტო, ანტისაომარ კომპოზიციადაა მოხსენიებული, რაც სრული სისულელეა. სინამდვილეში, ეს ჩანაწერი კომენტარია იმ პარანოიაზე, რომელიც ვიეტნამის ომმა, ქუჩებში ძალადობამ, რასისტულ თუ პოლიტიკურ ნიადაგზე დაუნდობელმა დაპირისპირებამ და მკვლელობებმა გამოიწვია. თაობა თანდათან საყოველთაო აპათიაში ვარდებოდა, სწორედ ეს იგრძნობა ამ ბრუტალურ ტრეკში. არანაკლებ მნიშვნელოვანია მუსიკის ავტორის, კიტ რიჩარდსის (ჯაგერს მხოლოდ ტექსტი ეკუთვნის) სიტყვები: "შიში უმძაფრესი ემოციაა, სწორედ აქედან იწყება პარანოია და ფობიები, მაგრამ ამ მდგომარეობამ შეიძლება, ძალიან მძლავრი მუხტი მოგცეს კარგი სიმღერის დასაწერად. სწორედ ასე გაჩნდა Gimme Shelter".

ამ კომპოზიციაში კულმინაცია მაშინ დგება, როდესაც ბექ ვოკალისტი ქალი, მარი კლეიტონი ერთ-ერთ კუპლეტში სოლირებს, თან ისე, რომ სიმღერა ლამის აკუსტიკურ აპოკალიფსად იქცევა. თუმცა, ჩვენი სიისთვის მე მაინც სადებიუტო სატელევიზიო ლაივ ვერსია ავირჩიე, სადაც ქალის ვოკალური პარტია საერთოდ არ არის, მაგრამ სამაგიეროდ მიკ ჯაგერი მღერის საოცრად, ყველა ნერვს აშიშვლებს და ლამის ტრაგედიად აქცევს ამ ისედაც უაღრესად დრამატულ სიმღერას. ჩემი გემოვნებით, ეს ჩანაწერი საუკეთესოა, რაც როკ-ენ-როლში შექმნილა. ასე ვფიქრობ ბოლო ოცი წელია, რაც შეიძლება, უკვე ჩემი პირადი პარანოიაა.


0. Black Sabbath - Paranoid

ამ სიმღერის გარეშე ჩვენი სია არასრულყოფილი გამოვიდოდა. თამამად შეიძლებოდა მისი პირველ პოზიციაზე მოთავსებაც, მაგრამ პირადად მე ის დიდად არ მომწონს. მისი რიგით ადგილებზე გამწესებაც არ შეიძლება, მკრეხელობაა ელემენტარულად. ამიტომაც მოვახვედრე აქ, მით უმეტეს, რომ თრეშულ-კურიოზული ბექგრაუნდიც საკმარისად აქვს.

როგორც "ბლექ საბათის" წევრები ამბობდნენ, მათი მშობლიური ქალაქი ბირმინგემი ყველაზე მოსაწყენი ადგილია დედამიწის ზურგზე. ცხადია, ასეთ დროს იქ მცხოვრები მოზარდების თავში ილუზიები და ფანტაზიები ისადგურებს. თუ ოზი ოსბორნივით ოდნავ შექანებულიც ხარ, წარმოსახვამ შეიძლება, მანიაკალურ-ავადმყოფური ხასიათიც მიიღოს და აი, სწორედ ასეთი საგანგაშო მდგომარეობიდან გამოსავალი ხდება როკ-ენ-როლი.

ფაქტობრივად, სახეზეა თინეიჯერული ფობიების, კომპლექსებისა და კოშმარების სუბლიმაცია როკ მუსიკაში. ასეთი რამ მანამდე არავის უცდია. ალბათ, სწორედ ამიტომ ჟღერს ეს მუსიკა სპეციფიკურად სწორხაზოვანად, არაესთეტიკურად, მძიმედ და თრეშულად. ოზიც თითქოს უკვე მიწამიყრილ კუბოში წევს და იქიდან ითხოვს შველას. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ "პარანოიდი" მილიონობით ადამიანისთვის ნამდვილ თერაპიულ სეანსად გადაიქცა. რამდენად წარმატებულად, რთული სათქმელია, თავად ოსბორნის პიროვნებიდან გამომდინარე, ალბათ, არც ისე.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია გამოხატავს ავტორის პოზიციას, რასაც, შესაძლოა, რედაქცია არ იზიარებდეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული