Thumbnail

პოლ მაკკარტნი განმარტავს, რატომაა კარგი ბევრი ფულის ქონა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, პოლ მაკკარტნიმ გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში ფულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მის მიმართ დამოკიდებულება თინეიჯერობისას ჩამოუყალიბდა და, იმის მიუხედავად, რომ მოგვიანებით გამდიდრდა, მისი შეხედულება არ შეცვლილა. როგორც ცნობილია, ბოლო მონაცემებით, არტისტის ქონება მილიარდ დოლარს აღემატება. მან მხოლოდ 2019-20 წლებში 68 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

პოლ მაკკარტნი: ჯორჯ ჰარისონს სიკვდილამდე შევხვდი, ვისხედით, მისი ხელი მეჭირა

"ძალიან კარგები არიან" - პოლ მაკკარტნიმ BTS "ბითლზს" შეადარა

"ჩემი ფინანსური მდგომარეობა ბავშვობის სიღატაკის შემდეგ ნამდვილად შეცვლილია. თუმცა, ფულის მიმართ დამოკიდებულება იგივე დამრჩა. მოზარდობისას ლივერპულში ხალხის ლაპარაკის მოსმენა მიყვარდა ხოლმე. მახსოვს, ორი ქალი ერთმანეთს ესაუბრებოდა - მე და ჩემი ქმარი მუდამ ფულის გამო ვჩხუბობთო. გავიფიქრე, რომ მოდი, ფულთან დაკავშირებით ასეთ პრობლემას არ შევიქმნი-მეთქი", - აღნიშნა პოლმა.

ამის გარდა, მაკკარტნიმ განაცხადა, რომ ფულის ხარჯვასთან მიმართებით საკუთარ თავს ხელმომჭირნედ მიიჩნევს.

"სადმე რომ წავალ, რაიმეს ვიყიდი და ლამაზ ჩანთაში ჩამიდებენ, ჩანთას ვინახავ ხოლმე და ვფიქრობ, რომ შესაძლოა, ხვალ გამომადგეს და მასში სენდვიჩები შევინახო. ფულთან მიმართებით საუკეთესო ისაა, თუ რის გაკეთება შეგიძლია მისი გამოყენებით. ოჯახი და მეგობრები - თუ მათ ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნება, ვეუბნები, მე დაგეხმარებით. ფულის ქონაში კარგი ისაა, რომ შეგიძლია, სხვებს ხელი გაუმართო", - განაცხადა მუსიკოსმა.

1960-70 წლებში პოლ მაკკარტნი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის The Beatles ფრონტმენი იყო. ჯონ ლენონისა და მის მიერ დაწერილი სიმღერები დღემდე ჰიტებად რჩება. "ბითლზის" დაშლის შემდეგ პოლმა ცოლთან, ლინდასთან ერთად ბენდი Wings შექმნა, პარალელურად კი სოლო კარიერაც დაიწყო. არტისტს 17 ალბომი აქვს გამოშვებული. მათ შორის უკანასკნელი Egypt Station მაკკარტნიმ 2018 წლის 7 სექტემბერს გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული