Thumbnail

სამხრეთ კორეის პარლამენტი BTS-ის წევრებს ნებას აძლევს, ჯარში 30 წლამდე არ წავიდნენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

სამხრეთ კორეის პარლამენტმა სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც მსოფლიოში აღიარებულ კეიპოპ არტისტებს, მაგალითად, როგორიც BTS-ია, ჯარში გაწვევის გადავადების საშუალება ეძლევათ. როგორც გამოცემა Reuters წერს, კანონში შეტანილი შესწორებით, იმ მუსიკოსებისთვის, რომლებიც კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ, ჯარში წასვლის ზედა ზღვარი 28-ის ნაცვლად 30 წლამდე გადაიწევს. ცვლილება იმ არტისტებსა და ჯგუფებს შეეხებათ, რომლებიც საკუთარი საქმიანობით "ქვეყნის კულტურულ სტატუსს აუმჯობესებენ და ეკონომიკის სტიმულირებას ახდენენ".

"ძალიან კარგები არიან" - პოლ მაკკარტნიმ BTS "ბითლზს" შეადარა

BTS გრემიზე წარადგინეს

კანონში შესწორების შეტანას წლების განმავლობაში ითხოვდნენ "ბითიესის" თაყვანისმცემლები, ხოლო ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც კოლექტივმა არაერთი საერთაშორისო ჯილდო და გრემის ნომინაციაც მოიპოვა, ამასთან, მსოფლიოს, მათ შორის აშშ-ის წამყვან ჩარტებში პირველი პოზიციები დაიკავა, საკანონმდებლო ინიციატივას პოლიტიკოსებმაც დაუჭირეს მხარი.

"ჩვენ არ ვსაუბრობთ ჯარისგან სრულად გათავისუფლებაზე, მაგრამ პოპ არტისტების, მაგალითად, BTS-ის წევრების კარიერა სწორედ 20-იან წლებშია წარმატების პიკში. არ უნდა დავუშვათ, რომ სამხედრო სამსახურმა მათ უმაღლესი მწვერვალების დაპყრობაში შეუშალოს ხელი", - ამბობდა მიმდინარე წლის სექტემბერში დემოკრატიული პარტიის წევრი, ჩიონ იონგი, რომელიც კანონის გადახედვის ინიციატივით გამოვიდა.

BTS-ის წევრი, ჯინი დეკემბერში 28 წლის ხდება. რაც იმას ნიშნავდა, რომ ბიჭებიდან პირველს მას მოუწევდა სამხედრო სამსახურში წასვლა და კარიერაში ორწლიანი პაუზის აღება. ჯგუფის ლეიბლს Big Hit Entertainment ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივია, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. ამასთან, "ბითიესი" გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. 2019 წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული