Thumbnail

Megan Thee Stallion-ს კაბის დიზაინის მოპარვაში ადანაშაულებენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ჰიუსტონელმა რეპერმა, მეგან პიტმა, ფსევდონიმით Megan Thee Stallion, ე.წ. სწრაფი მოდის ბრენდისთვის Fashion Nova ტანსაცმლის კოლექცია შექმნა, რომელიც 18 ნოემბერს ჩაეშვა გაყიდვაში. რამდენიმე დღის შემდეგ დიზაინერმა სახელით Aazhia არტისტი მისი ბრენდის TLZ L'FEMME ერთ-ერთი კაბის დიზაინის მოპარვაში დაადანაშაულა. მან ინსტაგრამზე ორივე კაბის ფოტოები გამოაქვეყნა შესადარებლად და აღნიშნა, რომ, აშკარა მსგავსების მიუხედავად, ნებართვის სათხოვნელად არავინ დაკავშირებია.

მოუსმინეთ: Megan Thee Stallion სადებიუტო ალბომს Good News ავრცელებს

"ჩემი კაბა მოიპარეს და MEGAN X FN-ს კოლაბორაციისთვის გამოიყენეს. ვინმემ გამაფრთხილა? - არა. ჰონორარი გადამიხადა? - არა. ამ ამბავში ყველაზე დაუჯერებელი ისაა, რომ მისი გუნდი მანამდე ამ კაბით დაინტერესდა, ის მეგანისთვის უნდოდათ. ასე რომ, მათ შესანიშნავად იციან ამ ბრენდის შესახებ, მათ შორის თავად სთელიონმა. როგორც შავკანიან ქალს, მწყინს, რომ ასეთი უპატივცემულობა სხვა შავკანიანი ქალისგან ვიგრძენი. სულ იმაზეა ლაპარაკი, რომ ჩვენ დაუფასებლები ვართ, მაგრამ სინამდვილეში ჩვენვე არ ვაფასებთ ერთმანეთს. ასეთ რამეს რიანას და მის ბრენდს, Fenty-ს ვერ გაუბედავდნენ, რადგან მას ავტორიტეტი აქვს, ჩემს ბავშვებს კი შეიძლება, რომ ლუკმა წაართვან, რადგან მათ საფეხურზე არ ვარ", - დაწერა დიზაინერმა.

Aazhia-მ ტექსტური შეტყობინების სქრინიც გაავრცელა, რომელიც, მისი მტკიცებით, 25 წლის მუსიკოსის წარმომადგენლისგან მიიღო.

"მეგანი დღეს ღამით ლოს ანჯელესში ივენთს ესწრება, შეგვიძლია, თქვენ მოგმართოთ?".

მეგანი, რომელიც მოძრაობის Protect Black Women (დაიცავით შავკანიანი ქალები) აქტიური მხარდამჭერია, ბრალდებას რადიოშოუში The Morning Hustle სტუმრობისას გამოეხმაურა.

"ხშირად ამბობენ, რომ ჩემს გუნდთან ჰქონდათ კომუნიკაცია. თან ვერც მისახელებენ, კონკრეტულად ვის გაესაუბრნენ. თუ შენ შესახებ არაფერი მსმენია, არც ეს კაბა მინახავს თვალით. ამას ისეთი დიზაინი აქვს, რომელიც უკვე მრავალი წელია, ტრიალებს. ასე რომ, ჩემზე უარყოფითად მოქმედებს, როცა ხალხის პირველი რეაქცია ასეთია - "შავკანიანო ქალო, შენ სხვა შავკანიანი ქალისგან იპარავ" - მე კი არც მსმენია ამ ადამიანის შესახებ. გადავამოწმებდი სტილისტთან და თუ მართლა ქურდობა აღმოჩნდებოდა, უპრობლემოდ მოვიხდიდი ბოდიშს, რა ფულიც არ უნდა მოეტანა ჩემთვის კაბას, ამ გოგონას მივცემდი", - თქვა მან.

სთელიონის ინტერვიუს მოსმენის შემდეგ დიზაინერმა ვიდეომიმართვა ჩაწერა:

"გაბრაზებული ვარ, რადგან ეს ქედმაღლობა, უპატივცემულობა და ფარისევლობაა. მეგანმა ამ ინტერვიუთი თქვა, რომ კაბა მოპარული არ არის. ჩემთვის კი ეს ასეა".

მეგან პიტმა მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო და მსმენელს რამდენიმე სინგლი შესთავაზა. ჰიუსტონელმა არტისტმა სადებიუტო EP მხოლოდ 4 წლის შემდეგ გაავრცელა. რეპერი ფართო საზოგადოებამ 2019 წლის მიქსტეიპით Fever გაიცნო. 2020 წლის მარტში მეგანმა გაყიდვაში კიდევ ერთი ჩანაწერი სახელწოდებით SUGA ჩაუშვა. სტუდიური ნამუშევრის სინგლმა Savage ბილბორდის ცხელ ასეულში პირველი პოზიცია დაიკავა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული