Thumbnail

მაიკლ ჯექსონისა და ფრედი მერკურის სიმღერა, რომელიც 33 წლის შემდეგ გავრცელდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპის მეფედ აღიარებულ მაიკლ ჯექსონს 40-წლიანი კარიერის განმავლობაში არაერთ მუსიკოსთან უთანამშრომლია. მათ შორის იყო ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Queen-ის ფრონტმენი, ფრედი მერკური, რომელთან ერთადაც 1981 წელს რამდენიმე კომპოზიციაზე იმუშავა. ერთ-ერთი იყო There Must Be More To Life Than This, რომელიც მაიკლის რიგით მეექვსე სტუდიური ნამუშევრისთვის Thriller ჩაიწერა, თუმცა, საბოლოოდ, მისი ალტერნატიული ვერსია ფრედის სოლო ალბომში Mr. Bad Guy მოხვდა. მას მხოლოდ მერკური ასრულებს. თავდაპირველი ჩანაწერი კი 2014 წლამდე არ გავრცელებულა.

რატომ ვერ ჩაწერეს მაიკლ ჯექსონმა და უიტნი ჰიუსტონმა საერთო სიმღერა

რატომ აიძულებდა ფრედი მერკური მეგობრებს პრინსის ვიდეოების ყურებას

მერკური ჯექსონთან ერთად ჩაწერილ კომპოზიციაზე საუბრისას აღნიშნავდა:

"მგონი, ერთ-ერთი ტრეკი ალბომში Thriller შევიდოდა, მე რომ დამესრულებინა მასზე მუშაობა, მაგრამ თავი ვერ მოვაბი".

მუსიკოსებმა იმ პერიოდში აგრეთვე იმუშავეს სიმღერებზე Victory და State of Shock. პირველი მათგანი დღემდე არ გამოსულა, State of Shock-ის განახლებული ვერსია კი 1984 წელს ჯგუფმა Jackson 5 გამოუშვა სინგლის სახით და მასში მაიკლთან ერთად საკულტო კოლექტივის, The Rolling Stones-ის ვოკალისტი, მიკ ჯაგერი მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ იუთუბზე ფრედისთან ერთად ჩაწერილი ორიგინალური კომპოზიციის დემო ვერსია მოიპოვება.

2009 წელს, პოპვარსკვლავის გარდაცვალების შემდეგ, "ქუინის" წევრებმა ზემოხსენებული სიმღერების გამოშვებაზე დაიწყეს მუშაობა. როგორც გამოცემა Express წერს, მაიკლისა და ფრედის ერთობლივი ტრეკები კომპილაციურ ალბომში Queen Forever უნდა შესულიყო და 2012 წელს გამოცემულიყო, თუმცა, კოლექტივის გიტარისტს, ბრაიან მეის ჯექსონის წარმომადგენლებთან მუშაობა გაუჭირდა. საბოლოოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ალბომში მხოლოდ There Must Be More to Life Than This შევიდოდა.

"ქუინის" დრამერმა, როჯერ ტეილორმა მომღერლის წარმომადგენლებთან მუშაობის პროცესი შემდეგნაირად აღწერა:

"ეს წებოიან ზედაპირზე სიარულს გავდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ალბომისთვის სამი ახალი ტრეკი გამოგვიჩნდა. ერთ-ერთს სახელად State of Shock ძლიერი როკ ჟღერადობა ჰქონდა. მაგრამ, საბოლოოდ, მაიკლთან ჩაწერილი მხოლოდ ერთი სიმღერის გამოშვება შევძლით, რაც დიდი სირცხვილია".

კომენტარები

ბოლოს დამატებული