Thumbnail

პოლ მაკკარტნი: გეტყვით, როგორ ვიხსენებ სცენაზე "ბითლზის" სიმღერების ტექსტებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი, პოლ მაკკარტნი თავისი მომავალი, რიგით მეთვრამეტე ალბომის McCartney III პრომოუშენის ფარგლებში პლატფორმა Apple Music-ის პოდკასტს SmartLess ესტუმრა. გადაცემის წამყვანებმა 78 წლის არტისტს ჰკითხეს, ჰქონია თუ არა შემთხვევა, როცა სცენაზე გასულს თავისი რომელიმე სიმღერის ტექსტი დავიწყებია. პოლმა მათ უპასუხა, რომ კონცერტებზე The Beatles-ის ძველი სიმღერების შესრულებისას სუფლიორს იყენებს, რადგან ხანდახან ყურადღება ეფანტება და სიტყვები მართლაც ავიწყდება.

პოლ მაკკარტნი: "ბითლზის" ამ სიმღერას ეტყობა, რომ გამოუცდელმა მუსიკოსებმა დაწერეს

პოლ მაკკარტნი: ჩემს ყოველ ახალ ალბომზე ფიქრობენ, რომ უკანასკნელია

"ხანდახან, როცა, მაგალითად, 1966 წელს გამოშვებულ სიმღერას Eleanor Rigby ვასრულებ, გონება ავტოპილოტზე გადამყავს და დაახლოებით ასეთ რამეებზე ვიწყებ ფიქრს - სადილად რა მივირთვა? იქნებ წვნიანი გამოვტოვო და პირდაპირ ძირითად კერძზე გადავიდე? - შემდეგ კი ჩემს თავს ვეუბნები: გაჩერდი! შენ ხომ Eleanor Rigby-ს მღერი. ხანდახან ჩემი გონება სულ სხვაგან ქრის და სიმღერა მავიწყდება. ამიტომ სუფლიორს ვიყენებ", - ამბობს 78 წლის არტისტი.

1960-70 წლებში პოლ მაკკარტნი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის The Beatles ფრონტმენი იყო. ჯონ ლენონისა და მის მიერ დაწერილი სიმღერები დღემდე ჰიტებად რჩება. "ბითლზის" დაშლის შემდეგ პოლმა ცოლთან, ლინდასთან ერთად ბენდი Wings შექმნა, პარალელურად კი სოლო კარიერაც დაიწყო. არტისტს 17 ალბომი აქვს გამოშვებული. მათ შორის უკანასკნელი Egypt Station მაკკარტნიმ 2018 წლის 7 სექტემბერს გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული