Thumbnail

ჯენიფერ ლოპესმა განმარტა, რატომ არ მართავს ბოლო 25 წელი მანქანას

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ჯენიფერ ლოპესმა გამოცემა Complex-ის ონლაინ გადაცემაში Complex News სტუმრობისას განმარტა, რატომ არ ჯდება საჭესთან. როგორც 51 წლის მუსიკოსმა არაერთხელ აღნიშნა, 25 წელზე მეტია, ავტომობილს არ მართავს, იმის მიუხედავად, რომ პირად ავტოსადგომზე რამდენიმე მანქანა უდგას.

ჯენიფერ ლოპესს ბიონსეს მიბაძვაში ადანაშაულებენ

ჯენიფერ ლოპესი: ხალხი ჩემზე ამბობდა, არც მუსიკოსია კარგი და არც მსახიობიო

ჯენიფერ ლოპესს ჰკითხეს, გაუსინჯავს თუ არა მარიხუანა

"კარიერის დასაწყისში ყველგან ჩემი მანქანით დავდიოდი, მაგრამ რამდენჯერმე საჭესთან კინაღამ ჩამეძინა, ძალიან ბევრს ვმუშაობდი. ახალგაზრდა ვიყავი, ფილმებში მიღებდნენ, მე კი ჩემს Honda Hatchback-ს ვატარებდი. რამდენიმე ავარიას გადავურჩი კიდეც. ამიტომაც, მძღოლის მომსახურება შემომთავაზეს, რომ გადაღებებზე უსაფრთხოდ მევლო. მას შემდეგ სულ მძღოლი მყავდა, ახლა კი უკვე მეშინია საჭესთან დაჯდომის, რადგან გამოცდილება არ მაქვს და მგონია, რომ ამას ვერ შევძლებ", - აღნიშნავს მუსიკოსი.

ამის შემდეგ გადაცემის წამყვანმა, სპიდი მორმენმა არტისტს ჰკითხა, რამდენი ხანია, რაც ბანკში, სუპერმარკეტებსა თუ მოლებში არ შესულა, ანაც მატარებლითა და ავტობუსით არ უმგზავრია, რაზეც ჯეილომ უპასუხა:

"დიდი ხანია. ჩვენ ასეთი ფორმით არ ვსარგებლობთ საბანკო მომსახურებით. წლებია, იქ არ მივსულვარ. ცნობილ ადამიანებს განსხვავებული ცხოვრების წესი გვაქვს, მაგრამ ამით არ ვამაყობ. ასე ცხოვრება ზოგჯერ, რაღაც მხრივ, უმწეოდ გაქცევს. შენ მაგივრად ამ ყველაფერს სხვები აკეთებენ და, რაღაც მომენტში, არც კი იცი, სად გიდევს რაიმე ნივთი. ხანდახან გინდება, უფრო დამოუკიდებელი იყო. ხალხი ფიქრობს, რომ შენ ისედაც ასეთი ხარ, რადგან წარმატებული ხარ, მაგრამ ამან ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება, უუნარო გაგხადოს. ეს ის უცნაური მხარეა, რომლის შესახებაც ადამიანებმა არ იციან. სუპერმარკეტებშიც იშვიათად დავდივარ, მხოლოდ მაშინ, როცა ბავშვებისთვის რაიმეს გამოცხობა მინდა, მოლებში შესვლა კი კიდევ უფრო რთულია, ისევ ჩემი შვილების გამო, თუ რომელიმე კონკრეტულ მაღაზიაში, გასართობ ან კვების ობიექტში უნდებათ სტუმრობა. საზოგადოებრივ ტრანსპორტში კი ბოლოს მაშინ მოვხვდი, როცა 2013 წელს ბრონქსში კლიპს ვიღებდი სიმღერაზე Same Girl. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ამის გამო შევიცვალე. ისევ ვაკეთებ ისეთ რაღაცებს, რასაც სხვები - ბავშვებს ვუმზადებ საჭმელს, ვვარჯიშობ და ასე შემდეგ".

ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2013 წელს მუსიკოსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. 2018 წელს კი გამოცემა Time-მა ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: If You Had My Love, Jenny from the Block, Papi და On The Floor მოუტანა. 2020 წელს ჯეილო აშშ-ის ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ფინალური მატჩის, Super Bowl-ის ტაიმებს შორის შესვენებაზე გამართული გრანდიოზული შოუს ერთ-ერთი ჰედლაინერი იყო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული