Thumbnail

მაილი საირუსი: ჩემი პრობლემა ისაა, თუ რა გადაწყვეტილებებს ვიღებ სიმთვრალეში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, მაილი საირუსმა თავის მომავალ ალბომზე Plastic Hearts სასაუბროდ საკუთარ სტუდიაში პლატფორმა Apple Music-ის რადიოსადგურის Beats 1 წამყვანს, ზეინ ლოუის უმასპინძლა. ამ უკანასკნელმა არტისტს ჟურნალ Variety-სთვის ივნისში მიცემული ინტერვიუ შეახსენა, რომელშიც მაილი ამბობდა, რომ უკვე 6 თვე იყო, რაც სასმელსა და მოსაწევს არ ეკარებოდა. კითხვაზე, მას შემდეგაც წარმატებით შეინარჩუნა თუ არა სიფხიზლე, მუსიკოსმა უპასუხა, რომ პანდემიის განმავლობაში "ჩავარდნა" ჰქონდა, თუმცა, ბოლო ორი კვირაა, კვლავ ფხიზლადაა.

მაილი საირუსი: მამაჩემს ეშინოდა, რომ ბრიტნი სპირსი სტრიპტიზიორად მაქცევდა

ნახეთ: მაილი საირუსმა მომავალი ალბომის Plastic Hearts ტრეკლისტი გაავრცელა

მაილი საირუსი: ბევრი ტკივილი განმიცდია, მაგრამ ტირილით თავი არ მომიკლავს

ამის შემდეგ მაილიმ, რომელსაც ახლახან 28 წელი შეუსრულდა, უფრო დეტალურად განმარტა, თუ რატომ ერიდებოდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნას. მისი თქმით, თავს უნდა მოფრთხილებოდა, რათა ე.წ. 27-იანელთა კლუბში არ გაწევრიანებულიყო ამ ასაკში გარდაცვლილი მუსიკოსების, კურტ კობეინის, ემი უაინჰაუსის, ჯიმ მორისონის, ჯიმი ჰენდრიქსისა და სხვების მსგავსად.

27 წლის ასაკში გარდაცვლილი 27 მუსიკოსი

"27 წელი ჩემთვის ის ასაკი იყო, როცა თავს განსაკუთრებით უნდა მოვფრთხილებოდი. ამან მომანდომა ფხიზლად ყოფნა, რადგან ჩვენ ამ წლოვანების იმდენი კერპი დავკარგეთ... ეს გარდამტეხი პერიოდია - ან გადახვალ ცხოვრების მომდევნო ეტაპზე, ანაც შენთვის ყველაფერი დასრულებულია", - აღნიშნა მომღერალმა.

მაილისვე თქმით, სიფხიზლის შენარჩუნებაში ხელი კორონავირუსის პანდემიის გამო თვითიზოლაციაში გატარებულმა დღეებმა შეუშალა.

"ჩავფლავდი, ბოლო თვეების განმავლობაში სიფხიზლეს ვეღარ ვინარჩუნებდი. ეს ჩემთვის მარცხია, რადგან არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ზომიერებას იცავს. სმასთან დაკავშირებული პრობლემები არ მაქვს, უფრო ის მიქმნის პრობლემას, თუ რა გადაწყვეტილებებს ვიღებ არაფხიზელ მდგომარეობაში. ვერ მოგატყუებდით, რომ მთელი ეს დრო ფხიზლად ვიყავი. ასე ნამდვილად არ ყოფილა. ამ დროს თქვენს თავს არ უნდა გაუბრაზდეთ, უბრალოდ, უნდა ჰკითხოთ - რა მოხდა? რისი ბრალია ეს", - აღნიშნავს არტისტი.

მაილი საირუსმა პოპულარობა დისნეის სერიალ "ჰანა მონტანაში" მონაწილეობით მოიპოვა. მუსიკოსის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად კომპოზიცია Wrecking Ball ითვლება, რომელიც 2013 წელს გაყიდვებისა და ჩარტების ლიდერი გახდა. კარიერის განმავლობაში მან 100 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. მუსიკოსი რამდენიმე ფილმშიც არის გადაღებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული