Thumbnail

ამერიკის ხმის ჩამწერმა აკადემიამ 2021 წლის გრემის დაჯილდოების ნომინანტები დაასახელა. მათ შორის მოხვდა პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდი BTS, რომელიც გამარჯვებისთვის "პოპ დუეტის/ჯგუფის საუკეთესო შესრულების" კატეგორიაში იბრძოლებს ბოლო ალბომში BE შესული სიმღერით Dynamite. ცერემონია 31 იანვარს გაიმართება და ტელეკომპანია CBS-ის ეთერით გადაიცემა.

ნახეთ: BTS ახალ ალბომს BE და კლიპს Life Goes On ავრცელებს

"ბითიესი" პირველი კოლექტივია კორეიდან, რომელიც გრემის ნომინანტი ერთ-ერთ ძირითად კატეგორიაში გახდა. ჯერ კიდევ 2018 წელს ბიჭების სტუდიური ჩანაწერი Love Yourself: Tear საუკეთესო შეფუთვის მქონე ალბომის ნომინაციაზე იყო წარდგენილი. გრემის 63-ე დაჯილდოებაზე მათ კონკურენციას ისეთი შემსრულებლები გაუწევენ, როგორებიც არიან: ლედი გაგა, არიანა გრანდე, ჯასტინ ბიბერი, ტეილორ სვიფტი და სხვები.

პოპ დუეტის/ჯგუფის საუკეთესო შესრულება

J Balvin, Dua Lipa, Bad Bunny & Tainy - Un Dia (One Day)
Justin Bieber Featuring Quavo - Intentions
BTS - Dynamite
Lady Gaga with Ariana Grande - Rain On Me
Taylor Swift Featuring Bon Iver - Exile

კოლექტივმა ტვიტერზე ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჩანს, როგორ ადევნებენ თვალს ბიჭები ნომინაციების გამოცხადებას და რა რეაქცია აქვთ თავიანთი ჯგუფის სახელის გაგონებაზე.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს კოლექტივი პირველი სამხრეთკორეული ბენდი გახდა, რომელიც გრემის სცენაზე პერფორმანსით წარდგა. "ბითიესმა" ლილ ნას იქსთან და ბილი რეი საირუსთან ერთად ჰიტი Old Town Road შეასრულა.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივია, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. ამასთან, "ბითიესი" გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. 2019 წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული