Thumbnail

რატომ მივიდა უიქენდი American Music Awards-ის ცერემონიაზე სახვევებით

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული კანადელი შემსრულებელი The Weeknd ამერიკული მუსიკის დაჯილდოებაზე (AMA) ბინტის სახვევებით გამოჩნდა, რომლის მიღმაც გრიმის საშუალებით ჩალურჯებული და შეშუპებული თვალები მოუჩანდა. მისმა თაყვანისმცემლებმა კარგად იციან, რომ არტისტი თავისი ბოლო ალბომის After Hours გავრცელების შემდეგ, სხვადასხვა ღონისძიებასა თუ სატელევიზიო ეთერს სწორედ მსგავს ფორმაში გამოწყობილი სტუმრობს, რადგანაც წითელი კოსტიუმი, შავი შარვალი, სახვევები და სისხლი სტუდიური ნამუშევრის ესთეტიკის შემადგენელი ნაწილია და ისინი ალბომში შესულ სიმღერებზე გადაღებულ კლიპებშიც გვხვდება. თუმცა, American Music Awards-ის სცენაზე უიქენდის გამოსვლა მაინც იქცა ინტერნეტმომხმარებლების განხილვის საგნად.

ნახეთ: 2020 წლის American Music Awards-ის გამარჯვებულები

2021 წლის Super Bowl-ის შოუზე The Weeknd იმღერებს

"ჯანდაბა, როცა უიქენდმა სიმღერაში Can't Feel My Face თქვა, სახეს ვერ ვგრძნობ, როცა შენ გვერდით ვარო, არ უხუმრია".

"უიქენდი AMA-ის დაჯილდოებაზე ასე გამოიყურებოდა".

"უიქენდს ექიმი სჭირდება", - ხუმრობდნენ ტვიტერზე.

თავად არტისტმა საკუთარ ვიზუალთან დაკავშირებით, ჟურნალთან Esquire ინტერვიუში, მაშინ ისაუბრა, როდესაც ალბომში შესული კომპოზიციის Blinding Lights კლიპი გამოვიდა.

"Blinding Lights იმის შესახებაა, თუ როგორ გინდება ღამით მთვრალ მდგომარეობაში კონკრეტული ადამიანის ნახვა. მანქანით მისკენ მიემართები და თვალებს ლამპიონების განათება გიჭრის, მაგრამ ესეც ვერ გაჩერებს, იმდენად გინდა ამ ადამიანის ნახვა, რადგან თავს ძალიან მარტოსულად გრძნობ. არ მინდა, ისე გამოვიდეს, რომ ამ კლიპით არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვას ვახალისებ, მაგრამ ჩემი ეს ვიზუალი კარგად გამოხატავს სათქმელს".

ცნობისთვის, აბელმა დაჯილდოებაზე სოულისა და არენბის ჟანრებში დაწესებულ ნომინაციებში - საუკეთესო მამაკაცი არტისტი, საუკეთესო ალბომი (After Hours) და საუკეთესო სიმღერა (Heartless) გაიმარჯვა.

კანადელმა მუსიკოსმა, აბელ ტესფაიემ, სასცენო სახელით The Weeknd, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. მან სახელი 2011 წელს გავრცელებული მიქსტეიპებით House Of Balloons, Thursday და Echoes Of Silence გაითქვა, რომლებიც მოგვიანებით კომპილაციური ალბომის სახით გამოუშვა.

2013 წელს უიქენდმა სადებიუტო სტუდიური ალბომი Kiss Land გაავრცელა. ორი წლის შემდეგ გამოცემული Beauty Behind the Madness კი მისი პირველი ჩანაწერი გახდა, რომელმაც "ბილბორდის" ჩარტში ლიდერის პოზიცია დაიკავა. 2016 წელს კანადელი შემსრულებლის მორიგი წარმატებული ნამუშევარი Starboy გამოდის. მიმდინარე წლის მარტში კი გაყიდვაში მისი მეოთხე სტუდიური ალბომი After Hours ეშვება. სამი გრემის მფლობელი მუსიკოსის შემოქმედება ალტერნატიული არენბისა და პოპის სინთეზია. არტისტის თქმით, მასზე გავლენა მაიკლ ჯექსონმა, პრინსმა და არ ქელიმ მოახდინეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული