ვეტერანი ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტი, თოჰიდ ეფსი, ფსევდონიმით 2 Chainz, კომპოზიციაზე Southside Hov გადაღებულ ვიდეორგოლს აქვეყნებს. სამხრეთელი რეპერის ჩანაწერში მისი ნიუ იორკელი კოლეგის, ჯეი ზის 1996 წლის ნამუშევრის Feelin' It სემპლია გამოყენებული. კომპოზიცია სწორედ "ჰოვას" (ჯეი ზის მეტსახელი) მოღვაწეობის შთაგონებითაა შექმნილი. სინგლი თოჰიდის 2020 წლის ალბომში So Help Me God არის წარმოდგენილი.
► მოუსმინეთ: 2 Chainz ალბომს So Help Me God აქვეყნებს
► ნახეთ: 2 Chainz ვიდეორგოლს Toni ავრცელებს
► ნახეთ: 2 Chainz კლიპს Lambo Wrist ავრცელებს
თოჰიდის თქმით, მან ბრუკლინელ მუსიკოსთან თანამშრომლობის სურვილი არაერთხელ გამოთქვა, თუმცა, ამაოდ.
2 Chainz-ის მუსიკალური კარიერა 90-იან წლებში, ჰიპ ჰოპ გაერთიანებაში Playaz Circle მოღვაწეობით დაიწყო. თავდაპირველად მისი ფსევდონიმი Tity Boi გახლდათ. არტისტმა მოგვიანებით სასცენო სახელი შეიცვალა და 2012 წელს ლეიბლში G.O.O.D Music გაწევრიანდა. ამის შემდეგ მან სადებიუტო სტუდიური ალბომი Based On A T.R.U. Story გამოუშვა. ჩანაწერი კომერციულად წარმატებული გამოდგა. დღემდე მისი მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ნამუშევრის ერთ-ერთი მთავარი კომპოზიცია Birthday Song გახლავთ, რომელშიც ლეგენდარული ჩიკაგოელი შემსრულებელი ქანიე ვესთი მონაწილეობს. დღეისთვის რეპერის დისკოგრაფია 5 სოლო ალბომს, ლილ ვეინთან ერთად ჩაწერილ კოლაბორაციულ პროექტს ColleGrove, 2 კომპილაციურ ნამუშევარსა და 10 მიქსტეიპს აერთიანებს.
კომენტარები