Thumbnail

ბილი აილიში იხსენებს სიზმარს, რამაც Everything I Wanted დააწერინა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ამერიკელმა შემსრულებელმა, ბილი აილიშმა ძმასთან და მუსიკალურ პარტნიორ ფინიას ო’კონელთან ერთად Netflix-ის პოდკასტში Song Exploder მონაწილეობისას კომპოზიციის Everything I Wanted შექმნის პროცესზე ისაუბრა. თავდაპირველად ფინიასმა გაიხსენა, როგორ დაწერა სიმღერისთვის ინსტრუმენტალი.

ნახეთ: როგორ იღებდა ბილი აილიში ახალ კლიპს Therefore I Am

ბილი აილიში: სიმღერას Everything I Wanted თავიდან სხვა სახელი დავარქვით

ბილი აილიში: ოჯახს არ უნდოდა, ეს ტრეკი გამომეშვა, რადგან თვითმკვლელობაზე ვმღერი

"ჩემი მიზანი ისეთი ინსტრუმენტალის შექმნა იყო, რომელსაც ჰუმანური ჟღერადობა ექნებოდა. მომაფიქრდა, რომ ფორტეპიანოს ხმისთვის, რომელიც პირველი რამდენიმე წამის განმავლობაში ისმის, საიდჩეინინგის ეფექტი დამედო. მთელი ამ პროცესის განმავლობაში ბილი ჩემ გვერდით იყო, რადგან მსგავს საკითხებში კარგი რჩევების მოცემა შეუძლია. მან ბევრი დრო დამიზოგა, რადგან, თვალი რომ არ მიედევნებინა, თუ რას ვაკეთებდი, შესაძლოა, ტრეკისთვის ისეთი სახე მიმეცა, რომელიც მას არ მოეწონებოდა", - ამბობს ფინიასი.

და-ძმამ სმარტფონში ჩაწერილი პირველი ნამღერიც გააჟღერა. აუდიოფაილში ბილი კომპოზიციას ასრულებს ფოტეპიანოს თანხლებით. აილიშმა პოდკასტში ასევე დეტალურად გაიხსენა სიზმარი, რომლის შთაგონებითაც ეს ტრეკი შექმნა.

"იმ პერიოდში დეპრესიაში ვიყავი. სუიციდზეც ვფიქრობდი. შემდეგ კი სიზმარი ვნახე, რომელშიც ის მივიღე, რაც მინდოდა - მოვკვდი. მესიზმრა, რომ სიმაღლიდან გადმოვხტი, შენობის ქვევით კი ჩემი ფანები იდგნენ და ამ ყველაფერს იღებდნენ, არავინ შეეცადა ჩემს გადარჩენას. შემდეგ კი შორიდან ვუყურებდი, როგორ განვითარდა მოვლენები ჩემი სიკვდილის შემდეგ. იმასაც კი ვხედავდი, რა ჰედლაინებით აშუქებდნენ ამას გაზეთები - "16 წლის რთულად აღსაზრდელმა ბილი აილიშმა საბოლოოდ სიცოცხლე თვითმკველობით დაასრულა", ჩემი საუკეთესო მეგობრები კი ინტერვიუებში ამბობდნენ, რომ სინამდვილეში არასდროს მოვწონდი და მოხარულები იყვნენ, რომ მოვკვდი. ასე რომ, ეს ერთ-ერთი ისეთი სიზმარი იყო, რომელშიც ყველაფერი, რაზეც გიფიქრია, გისრულდება. მთელი დღე სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი, მხოლოდ ამ სიზმრით გამოწვეულ შიშს და ნერვიულობას განვიცდიდი. ყველაფერი ფინიასს მოვუყევი და სიმღერის დასაწერად დავსხედით. აუცილებელი იყო, რომ ამის შესახებ მომეთხრო", - ამბობს ბილი.

საბოლოოდ Everything I Wanted და-ძმის ურთიერთობას მიეძღვნა. როგორც მომღერალმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, ფინიასის ინიციატივით ტექსტს ფრაზა - "მანამ აქ ვარ, ვერავინ შეძლებს, გავნოს" (As long as I’m here, no one can hurt you) დაემატა. 2019 წლის იანვარში გავრცელებული კლიპის რეჟისორი თავად ბილია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული