Thumbnail

საოპერო ხელოვნების მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში გამოჩენილმა კომპოზიტორებმა არაერთი არაჩვეულებრივი არია შექმნეს. ეს ერთხმიანი, უმეტესწილად ორკესტრის თანხლებით შესრულებული ვოკალური ნაწარმოებები მსმენელებს ასწლეულების შემდეგაც იზიდავს, მათი პოპულარობა კი ხშირად კლასიკური მუსიკის სამყაროს მიღმაც ვრცელდება.

ნახეთ სრული ფლეილისტი

ჩვენს დღევანდელ სტატიაში სწორედ ათ საუკეთესო საოპერო არიას შემოგთავაზებთ. მაქსიმალურად ეკლექტური სიის შედგენის მიზნით, თითოეულ პოზიციაზე სხვადასხვა კომპოზიტორის ნამუშევარია წარმოდგენილი.

10. ჯოაკინო როსინი - Largo al Factotum

კომედიური ჟანრის ოპერის შედევრი "სევილიელი დალაქი" ცნობილმა იტალიელმა კომპოზიტორმა, ჯოაკინო როსინიმ ფრანგი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, პიერ ბომარშეს ამავე სახელწოდების პიესის საფუძველზე 1816 წელს შექმნა. მასში გაჟღერებული Largo al Factotum კლასიკური მუსიკის ისტორიაში ბარიტონისთვის დაწერილი ერთ-ერთი ურთულესი არიაა. სწრაფი ტემპი და ტექსტის არცთუ მარტივად არტიკულირებადი მონაკვეთები მას შემსრულებლისთვის ნამდვილ ენის გასატეხად აქცევს. ნაწარმოები პრემიერის დღიდან უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და პოპკულტურაში საოპერო ხელოვნების ერთგვარ სავიზიტო ბარათადაა მიჩნეული.

9. შარლ გუნო - Je Veux Vivre

მე-19 საუკუნეში მოღვაწე ფრანგი კომპოზიტორის, შარლ გუნოს "რომეო და ჯულიეტა" ის შემთხვევაა, როდესაც ოპერის წარმატებას ერთი კონკრეტული არია განაპირობებს. უილიამ შექსპირის ამავე სახელწოდების ტრაგედიის მიხედვით შექმნილი ნაწარმოები მთლიანობაშიც საკმაოდ შთამბეჭდავია, თუმცა უდავოა, რომ მის უმთავრეს ღირსებას ჯულიეტა კაპულეტის პერსონაჟისთვის დაწერილი Je Veux Vivre წარმოადგენს. ვალსის სტილში გადაწყვეტილი ეს კომპოზიცია დღემდე გამორჩეული პოპულარობით სარგებლობს და იმ შემთხვევაშიც კი, თუ საოპერო მუსიკის დიდი მოყვარული არ ბრძანდებით, დიდი ალბათობით, მის მელოდიას ამა თუ იმ ფილმსა ან ტელესერიალში ერთხელ მაინც მოჰკრავდით ყურს.

8. რუჯერო ლეონკავალო - Vesti la Giubba

სევდიანი და ტრაგიკული კლოუნის პერსონაჟს ძალზე ბევრ ხელოვნების ნაწარმოებში შეხვდებით, თუმცა ცნობილი იტალიელი კომპოზიტორის, რუჯერო ლეონკავალოს ოპერას "ჯამბაზები" ამ მხრივ ნამდვილად გამორჩეული ადგილი უჭირავს. მთავარი პერსონაჟისთვის დაწერილმა არიამ Vesti la Giubba ლეგენდარული ტენორის, ენრიკო კარუზოს შესრულებით მე-20 საუკუნის დასაწყისში უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა და მუსიკის ისტორიაში პირველ ჩანაწერად იქცა, რომლის გაყიდვებმაც მილიონს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული ბრიტანული როკ ჯგუფის, Queen-ის ჰიტში It's a Hard Life სწორედ ამ კომპოზიციის ელემენტებია გამოყენებული.

7. ვინჩენცო ბელინი - Casta Diva

XIX საუკუნეში მოღვაწე იტალიელი კომპოზიტორის, ვინჩენცო ბელინის ოპერა "ნორმა", რომელიც რომაელების მიერ დაპყრობილ გალიაში გათამაშებული სასიყვარულო სამკუთხედის ამბავს აღწერს, სიმღერის სპეციფიკური სტილის, ბელკანტოს ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. 1831 წელს შექმნილი ნაწარმოების განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ნაწილი პირველ სცენაში გაჟღერებული, სოპრანოსთვის დაწერილი არია Casta Diva გახლავთ. ეს პარტია სხვადასხვა დროს არაერთმა ცნობილმა საოპერო მომღერალმა შეასრულა, ჩვენს სიაში კი ლეგენდარული მარია კალასის არაჩვეულებრივ პერფორმანსს წარმოგიდგენთ.

6. ჰენრი პერსელი - Dido's Lament

გამოჩენილი ინგლისელი კომპოზიტორის, ჰენრი პერსელის ოპერა "დიდო და ენეასი" ძველი რომაელი მწერლის, ვერგილიუსის პოემის "ენეიდა" მეოთხე წიგნს ეფუძნება. ნაწარმოების ფინალში მთავარი გმირი, ენეასი იძულებული ხდება კართაგენი და მასზე უზომოდ შეყვარებული დედოფალი დიდო მიატოვოს. ეს უკანასკნელი განშორებას ვერ გაუძლებს და თვითმკვლელობას გადაწყვეტს, მანამდე კი ქვეშევრდომებს უზარმაზარი სვეტის აგებასა და დაწვას უბრძანებს, რათა ზღვაში მყოფმა ენეასმა მისი გარდაცვალების შესახებ შეეტყოს. საოპერო ხელოვნების კლასიკად მიჩნეულ არიაში Dido's Lament ამ ტრაგიკული ეპიზოდის ატმოსფერო უსაზღვრო დრამატიზმითა და ექსპრესიულობითაა ასახული.

5. ჟორჟ ბიზე - Habanera

ამ საყოველთაოდ ცნობილი არიის მოსმენისას იბერიული მუსიკის საგრძნობ გავლენას, დიდი ალბათობით, ძალზე მარტივად შეამჩნევთ. საქმე იმაშია, რომ ეს მელოდია მე-19 საუკუნეში მოღვაწე ბასკ ხელოვანს, სებასტიან ირადიერს ეკუთვნის, რომელიც სხვა არაერთ ნაწარმოებთან ერთად ისტორიაში ყველაზე მეტჯერ ჩაწერილი ესპანურენოვანი სიმღერის La Paloma ავტორიც გახლავთ. სამწუხაროდ, ამ უნიჭიერესმა მუსიკოსმა სიცოცხლეში წარმატებას ვერ მიაღწია და თავისი ნამუშევრების აღიარებასაც ვერ მოესწრო. ირადიერის გარდაცვალებიდან ათი წლის შემდეგ ცნობილი ფრანგი კომპოზიტორი, ჟორჟ ბიზე მის კომპოზიციას El Arreglito ou la Promess de Mariage წააწყდა და მის საფუძველზე ოპერა "კარმენის" ყველაზე დასამახსოვრებელი ნაწილი Habanera შექმნა.

4. ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი - Der Hölle Rache

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი თავისი უნივერსალური ტალანტის გამოვლენას კლასიკური მუსიკის ყველა სხვა დარგის მსგავსად, ოპერაშიც ბრწყინვალედ ახერხებდა. ავსტრიელი ხელოვანის შედევრში "ჯადოსნური ფლეიტა" გაჟღერებული არია Der Hölle Rache შესასრულებლად ძალზე რთულია. კოლორატურული სოპრანოსთვის დაწერილი, სტაკატოებით სავსე ნაწარმოები ვოკალის საკმაოდ ფართო დიაპაზონსა და მკაცრ კონტროლს მოითხოვს. ის საჯაროდ პირველად მუსიკოსის ცოლის დამ, იოზეფა ხოფერმა შეასრულა. ეს უკანასკნელი ხმის მძლავრი ტემბრითა და მაღალი რეგისტრის ტონების უნაკლო ფლობით გამოირჩეოდა, მოცარტს კი ნამუშევრის შექმნისას სწორედ მისი მონაცემების სრულყოფილად დემონსტრირება ჰქონდა ჩაფიქრებული.

3. გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი - Ombra Mai Fu

გეორგ ფრიდრიხ ჰენდელს ბეთჰოვენი ისტორიაში უდიდეს კომპოზიტორად მოიხსენიებდა, ჰაიდნი ყველაზე მაღლა მდგომ დიდოსტატს უწოდებდა, მოცარტის თქმით კი, თუ სხვა მუსიკოსად მოუწევდა  დაბადება, სწორედ ჰენდელობას ისურვებდა. გერმანული წარმოშობის ბრიტანელი ხელოვანის მიმართ კოლეგების ასეთი დამოკიდებულების მიზეზს მისივე ნაწარმოებების მოსმენა ცხადყოფს, რომელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო Ombra Mai Fu, 1738 წელს შექმნილი ოპერის "ქსერქსე" გამხსნელი არია გახლავთ. ამ ბრწყინვალე ნამუშევრის პრემიერა კომერციული თვალსაზრისით წარუმატებელი გამოდგა, თუმცა მე-20 საუკუნიდან მისმა პოპულარობამ საგრძნობლად იმატა და დღეს ის ავტორის შემოქმედების ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად მიიჩნევა.

2. ჯუზეპე ვერდი - La Donna è Mobile

რომ არა შესავალში ნახსენები პრინციპი, რომლის მიხედვითაც თითოეულ პოზიციაზე სხვადასხვა კომპოზიტორია გამწესებული, ჩვენი სია სანახევროდ ჯუზეპე ვერდის ნამუშევრებითდაკომპლექტებოდა. საოპერო ხელოვნების ისტორიაში უდიდესი ფიგურის სახელს უამრავი დაუვიწყარი არია უკავშირდება, რომელთა შორის არჩევანი "რიგოლეტოს" მესამე აქტში გაჟღერებულ La Donna è Mobile-ზე შევაჩერეთ. ოპერის პრემიერამ, რომელიც 1851 წელს ვენეციაში გაიმართა, ნამდვილი ფურორი მოახდინა და როგორც ამბობენ, მომდევნო დღეს ამ არიას ყველა გონდოლიერი ღიღინებდა. იმ დროიდან მოყოლებული,ეს კომპოზიცია ოპერის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და დასამახსოვრებელ ნაწარმოებად რჩება.

1. ჯაკომო პუჩინი - Nessun Dorma

ეპოქალური იტალიელი კომპოზიტორის, ჯაკომო პუჩინის ოპერაში "ტურანდოტი" ამ არიას მთავარი პერსონაჟი, პრინცი კალაფი ასრულებს. კლასიკური მუსიკის მოყვარულთა წრეებში Nessun Dorma-ს დაფასება და პოპულარობა არასდროს აკლდა, თუმცა გლობალური ჰიტის სტატუსი ამ კომპოზიციამ მას შემდეგ მოიპოვა, რაც 1990 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის გაშუქებისას ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წამყვან მუსიკალურ თემად ლუჩანო პავაროტის მიერ ჩაწერილი ვერსიის გამოყენება გადაწყვიტა. ჩვენს სიაში ნაწარმოებს სწორედ ლეგენდარული ტენორის შესრულებით წარმოგიდგენთ. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული