Thumbnail

Cardi B პასუხობს კრიტიკას, რომ Billboard-ისგან წლის ქალის წოდებას არ იმსახურებდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კორონავირუსის პანდემიის გამო 10 დეკემბერს გამოცემა Billboard-ის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია Billboard Women in Music ონლაინ რეჟიმში გაიმართება. თუმცა, გამარჯვებულების ვინაობა წინასწარ გახდა ცნობილი. წლის ქალის წოდება პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქარდი ბიმ დაიმსახურა, რამაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში კრიტიკა გამოიწვია. მათი განცხადებით, რეპერმა წელს მხოლოდ ერთი კომპოზიცია, Megan Thee Stallion-თან ერთად ჩაწერილი ტრეკი WAP გამოუშვა და თავი სხვა დიდად არაფრით გამოუჩენია. ქარდი ბიმ კრიტიკოსებს სოციალური ქსელის საშუალებით უპასუხა.

ნახეთ: Cardi B-ს დიზაინით შექმნილი ფეხსაცმელები 24 საათში სრულად ამოიყიდა

Black Sabbath-ის გიზერ ბათლერი: Cardi B-ს WAP ამაზრზენი კომპოზიციაა

"დილა მშვიდობისა. ეს თქვენი გოგო, ქარდი ბია და დიახ, მე წლის ქალის წოდება მომენიჭა. მტირალა ადამიანებო, ვინც ჩემი გამარჯვების გამო წუწუნებთ, გეტყვით, რომ კი, მე წელს ნამდვილად ერთი კომპოზიცია გამოვუშვი, რომელიც დიდი რაოდენობით გაიყიდა, 3 თვეში ექვსმაგი პლატინის სტატუსი მოიპოვა. მასზე თქვენი ბებიებიც კი ცეკვავდნენ TikTok-ზე. ამის გარდა, მთელი წლის განმავლობაში ჩემს გავლენებს ვიყენებდი იმისთვის, რომ თქვენ ყველას არჩევნებში მონაწილეობა მიგეღოთ და დონალდ ტრამპი შეგვეცვალა. საკუთარ ფულს ვხარჯავდი იმისთვის, რომ კანდიდატებს შევხვედროდი და თქვენთვის მომეხსენებინა ყველაფერი. აშშ-ს თქვენ კი არა, მე წარმოვადგენ. დიდი მადლობა "ბილბორდს" და ყველას, ვინც მხარს მიჭერთ", - ამბობს მუსიკოსი.

ქარდიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს ორმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული