Thumbnail

Megan Thee Stallion: თორი ლეინზი მეხვეწებოდა, პოლიციასთან არ ჩამიშვაო

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ჰიუსტონელმა რეპერმა, მეგან პიტმა, ფსევდონიმით Megan Thee Stallion, ჟურნალ GQ-სთან ინტერვიუში გაამხილა, რომ კანადელი მუსიკოსი Tory Lanez, რომელსაც მისი დაჭრის გამო 23-წლიანი პატიმრობა ემუქრება, ჯერ ეხვეწებოდა, შემდეგ კი ფულს სთავაზობდა, პოლიციაში მისთვის რომ არ დაედო ხელი.

Megan Thee Stallion-ის ალბომი Good News ოც ნოემბერს გამოიცემა

ნახეთ: Megan Thee Stallion-მა SNL-ში კომპოზიციები Savage და Don't Stop შეასრულა

"ლეინზი მეხვეწებოდა, არ თქვა, რომ გესროლეო. მე და ჩემს მეგობარს ფულიც კი შემოგვთაზა გაჩუმების სანაცვლოდ. ძალიან შემეშინდა, რადგან ეს აშშ-ში მიმდინარე პროტესტის დროს მოხდა. მქონდა შეგრძნება, რომ პოლიცია ხალხს ქუჩაში უმიზეზოდ კლავს. თორიზე გავიფიქრე - რატომ გეგონა, რომ ფულის აღებას მოვინდომებდი, შენ ხომ მესროლე-მეთქი", - ამბობს შემსრულებელი. აღსანიშნავია, რომ ლეინზის ადვოკატმა მალევე უარყო არტისტის ბრალდება ფულის შეთავაზებასთან დაკავშირებით.

მეგანმა დაწვრილებით გაიხსენა ის ღამე, როცა თორის მანქანაში დაჭრეს. მას არ დაუკონკრეტებია, რაზე მოუვიდა უთანხმოება მუსიკოსთან, თუმცა, აღნიშნა, რომ გასროლამდე კამათობდნენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი, სთელიონის გაღიზიანება ლეინზის ნათქვამმა სიტყვებმა "იცეკვე, ძუკნა" გამოიწვია.

"არ მინდოდა, თორის მივეყვანე სახლში, მანქანიდან გადმოსვლა დავაპირე. მძღოლისთვის უნდა დამერეკა, მაგრამ ტელეფონი დამიჯდა. ძალიან გვიანი იყო, მხოლოდ ბიკინი მეცვა, მარწმუნებდნენ, უკან დავბრუნებულიყავი და ასეც მოვიქეცი. ჩხუბი ისევ გაგრძელდა, რის გამოც მეორედ ვცადე მანქანიდან გადმოსვლა და სწორედ ამ დროს მესროლა ლეინზმა ფეხებში. ხელი არასდროს არავისთვის დამიკარებია. იმ კაცისთვისაც კი, რომელმაც მესროლა, თითქმის არაფერი მითქვამს", - ამბობს 25 წლის არტისტი.

მეგანი 12 ივლისს ლოს ანჯელესში მილიარდერი ტელევარსკვლავის, კაილი ჯენერის წვეულებაზე იმყოფებოდა, რომლის დატოვების შემდეგაც თორი ლეინზის ავტომობილში ესროლეს. ქალი თავდამსხმელის ვინაობას თავდაპირველად არ ასახელებდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ლეინზმა ბრალდება საჯაროდ, ინტერვიუებსა და ახალ კომპოზიციებში, უარყო, გაღიზიანებულმა თორის ღიად დაადო ხელი. თორის გამოძიება ცეცხლსასროლის იარაღის უკანონო ფლობას და მეგანისთვის ფიზიკური ზიანის მიყენებას ედავება.

გამოცემა TMZ-ის მიერ მოპოვებულ ვიდეოში ჩანს, როგორ გადმოდიან თორის მანქანიდან პოლიციის მითითებით მეგანი და მისი მეგობარი. კადრებში აგრეთვე ვხედავთ, რომ სთელიონს ფეხიდან სისხლი სდის.

მეგანმა მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო და მსმენელს რამდენიმე სინგლი მალევე შესთავაზა. თუმცა, ჰიუსტონელმა არტისტმა სადებიუტო EP მხოლოდ 4 წლის შემდეგ გაავრცელა. რეპერი ფართო საზოგადოებამ 2019 წლის მიქსტეიპით Fever გაიცნო. 2020 წლის მარტში მეგანმა გაყიდვაში კიდევ ერთი ჩანაწერი სახელწოდებით SUGA ჩაუშვა. სტუდიური ნამუშევრის სინგლმა Savage ბილბორდის ცხელ ასეულში პირველი პოზიცია დაიკავა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული