Thumbnail

პერის ჯექსონი: ყოველთვის მეშინოდა, რომ მამაჩემს შემადარებდნენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ამერიკელი შემსრულებლის, მაიკლ ჯექსონის შვილმა, მოდელმა, მსახიობმა და მუსიკოსმა, პერის ჯექსონმა სადებიუტო სოლო ალბომი Wilted გამოუშვა. ამასთან დაკავშირებით მან National Public Radio-ს ეთერში, ლულუ გარსია ნავაროს პოდკასტში სტუმრობისას ისაუბრა. 22 წლის არტისტის თქმით, წლების განმავლობაში ჰქონდა შიში, რომ, თუ საკუთარ თავს მუსიკოსს დაარქმევდა, მამამისს შეადარებდნენ.

პერის ჯექსონი: მამის მადლიერი ვარ, რომ ბავშვობაში ხალხისგან დასაცავად ნიღბით მატარებდა

პერის ჯექსონი: მამამ ბავშვობაშივე შემატყო, რომ გოგონები მომწონდა

"სევდიანი სიმღერების წერა უფრო მიადვილდება, რადგან დარდი და ტკივილი უფრო კომპლექსურია, სიყვარული კი ძალიან მარტივი რამაა. ბევრ მეტაფორას ვიყენებ, ასე უფრო პოეტურია. რატომ არ ვუწოდებდი ჩემს თავს მუსიკოსს? მეშინოდა, რომ მამაჩემს შემადარებდნენ. იყო კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მუსიკას საკუთარ პროფესიად არ აღვიქვამდი. მას ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის დიდი ადგილი ეკავა, ჰაერივითაა. ჩემი მუსიკოსი მეგობრების ნაწილმა კი მას შეხედა, როგორც სამსახურს. ყოველთვის მეგონა, რომ, თუ მეც სამსახურად აღვიქვამდი, ეს გამაღიზიანებდა. თუ ჩემს ცხოვრებაში მუსიკა არ იქნება, ბევრი არც არაფერი დამრჩება", - აღნიშნა პერისმა.

გოგონამ აგრეთვე გაიხსენა, როგორ შეეგუა იმას, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი ფიგურა იყო.

"ყურადღების ცენტრში ადრეულ ასაკში აღმოვჩნდი. 13 წლის ვიქნებოდი, როცა სოციალურ ქსელში პირველად შევედი და ძალიან დავიბენი, რადგან ვერაფერს ვამბობდი ისე, ვინმე რომ არ გამებრაზებინა. ძალიან დიდი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ საკუთარი თავისთვის მეთქვა - ყურადღებას ნუ მიაქცევ, ყველას მაინც ვერ გააბედნიერებ შენი საქციელით-მეთქი. ასე რომ, უნდა დავრჩენილიყავი ის, ვინც სინამდვილეში ვარ", - ამბობს არტისტი.

პერის ჯექსონმა 2018 წელს შეყვარებულთან, გაბრიელ გლენთან ერთად პროექტი Soundflowers ჩამოაყალიბა და 2020 წლის ივნისში სადებიუტო ალბომიც გამოუშვა. ამის შემდეგ, აგვისტოში წყვილი ერთმანეთს დაშორდა. ჯერჯერობით უცნობია, გააგრძელებს თუ არა დუეტი მუსიკალურ თანამშრომლობას. პერისი გადაღებულია ისეთი ცნობილი ჯგუფების კლიპებში, როგორებიცაა: The xx და Thirty Seconds to Mars. მას არაერთ სატელევიზიო შოუსა და ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული