Thumbnail

ბილი აილიში: რატომ უკვირს ხალხს, მანქანაში ჩემს მუსიკას რომ ვუსმენ?

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა ახალ კომპოზიციასთან Therefore I Am და მომავალ ალბომთან დაკავშირებით პლატფორმა Apple Music-ის რადიოსადგურის Beats 1 წამყვანს, ზეინ ლოუის ესაუბრა. როგორც 18 წლის მომღერალმა ინტერვიუში აღნიშნა, საკუთარ სიმღერებს დიდი სიამოვნებით უსმენს და უცნაურად მიაჩნია, რომ ხალხს ეს უკვირს.

ბილი აილიში: უცნაურად ვგრძნობდი თავს, ვამბობდი, ბილი აილიშს ვგავარ-მეთქი

ნახეთ: ბილი აილიშმა ახალ სიმღერაზე Therefore I Am კლიპი გადაიღო

"უცნაურია, რატომ უკვირს ხალხს იმ არტისტების, რომლებიც საკუთარ ნამუშევრებს უსმენენ? როცა მუსიკის კეთება დავიწყე, ჩემი მეგობრებიც კი მეკითხებოდნენ - მოიცა, შენივე სიმღერებს უსმენო? დიახაც. რატომ უნდა შევქმნა ისეთი მუსიკა, რომელიც არ მომეწონება? ეს განსაკუთრებით იმ ალბომს ეხება, რომელზეც ახლა ვმუშაობ. მათ შორის სიმღერას Therefore I Am, მე ის მიყვარს. როცა მანქანაში ვჯდები, პირველ რიგში, სწორედ მისი ჩართვა მინდება. მართლა მიყვარს ჩემი მუსიკა. უნდა მოგწონდეს ის, რასაც ქმნი", - აღნიშნა მან.

ბილის თქმით, ძალიან აინტერესებს, რა ინტერპრეტაციას მისცემენ მსმენელები მის ახალ სიმღერას.

"Therefore I Am ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ძალიან მაინტერესებს, როგორ მიიღებენ მას მსმენელები, ან რას იგრძნობენ. ამ კომპიზიციაში ცოტა უხეში ვარ. მე ძალიან მომწონს. შემეფერება. ალბომში შესული სხვა სიმღერებიც კარგად გამომხატავს, მაგრამ ეს ყველაზე უკეთ. სხვისი პერსპექტივიდანაც რომ შევხედო, ვფიქრობ, ფანი რომ ვიყო, ძალიან მომეწონებოდა", - ამბობს ახალგაზრდა შემსრულებელი.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მეხუთე გრემი მან საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის ნომინაციაში დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული