Thumbnail

მოუსმინეთ: Floating Points-მა Thundercat-ის კომპოზიცია Fair Chance გაარემიქსა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

გრემის მფლობელმა მულტიინსტრუმენტალისტმა და მომღერალმა, სტივენ ბრანერმა, სასცენო სახელით Thundercat, ბოლო ალბომში It Is What It Is შესული კომპოზიციის Fair Chance რემიქსი გაავრცელა. ალტერნატიული ვერსიის ავტორი ინგლისელი ელექტრონული არტისტი სემ შეფარდი, სასცენო სახელით Floating Points გახლავთ. ჩანაწერში კალიფორნიელი არენბი შემსრულებელი, ტაირონ უილიამსი, ფსევდონიმით Ty Dolla Sign და რეპერი Lil B მონაწილეობენ.

მოუსმინეთ: Thundercat კომპოზიციის Dragonball Durag რემიქსს ავრცელებს

ნახეთ: Thundercat - Grune the Destroyer Song

სტივენ ბრანერმა მუსიკალური მოღვაწეობა 2000 წელს დაიწყო. მისი დისკოგრაფია 4 ალბომს აერთიანებს, რომელთა შორისაც განსაკუთრებული მოწონება 2017 წლის ნამუშევარმა Drunk დაიმსახურა. თანდერქეთი ფართო საზოგადოებამ 2015 წელს, ქენდრიქ ლამართან თანამშრომლობის შემდეგ გაიცნო. მათმა ერთობლივმა კომპოზიციამ These Walls გრემის ჯილდო მოიპოვა. კალიფორნიელი მულტიინსტრუმენტალისტის, მომღერლისა და პროდიუსერის შემოქმედება ფანკის, არენბის, ჯაზის, სოულისა და ელექტრონული მუსიკის სინთეზია.

Floating Points-მა კი შემოქმედებით მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. მინი ალბომების Vacuum და Shadows გავრცელების შემდეგ, 2015 წელს მან სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Elaenia გამოუშვა, რომელმაც კრიტიკოსების დადებითი შეფასებები დაიმსახურა. არტისტი ლეიბლის Eglo Records თანადამფუძნებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული