Thumbnail

Cardi B-ის ინდუისტური ღვთაების განსახიერების გამო ბოდიშის მოხდა მოუწია

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ჰიპ არტისტმა, ქარდიმ ბიმ სპორტულ ბრენდ Reebok-თან თანამშრომლობით ტანსაცმლისა და ფეხსაცმელის კოლექცია შექმნა. პროდუქციის პრომოუშენის ფარგლებში მუსიკოსმა ჟურნალ FN-ის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, რა დროსაც ინდუიზმის მთავარი ქალღმერთი, დურგა განასახიერა. სურათის გავრცელების შემდეგ ქარდი არაერთმა ინტერნეტმომხმარებელმა დაადანაშაულა ღვთაების შეურაცხყოფაში, რის გამოც მას ბოდიშის მოხდა მოუწია.

რა უპასუხა Cardi B-მ კომენტარს, რომ მან ბირკინის ძვირფასი ჩანთები გააუფასურა

Cardi B-მ განმარტა, როგორ გააზიარა შემთხვევით თავისი შიშველი ფოტო

"ამ ფოტოსესიის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა მითხრა, რომ უნდა განმესახიერებინა ქალღმერთი, რომელიც ძლიერების, ქალურობისა და თავისუფლების სიმბოლოა. რადგან ეს ყველაფერი ჩემთან ძალიან ახლოსაა, იდეა მოვიწონე. თუ ხალხი თვლის, რომ მე მათი კულტურა ან რელიგია შეურაცხვყავი, ბოდიშს ვუხდი - ეს არ ყოფილა ჩემი განზრახვა. არც მე მომეწონება, ვინმემ ჩემს რელიგიას მიაყენოს შეურაცხყოფა, გამოეწყონ ქალწული მარიამის ან იესოს კოსტიუმში, თუნდაც ეს ლამაზად გააკეთონ. ალბათ, წინასწარ ინფორმაცია უნდა მომეძიებინა. ვწუხვარ. წარსულს ვერ შევცვლი, მაგრამ მომავალში უფრო მეტ ყურადღებას გამოვიჩენ", - ამბობს ქარდი გავრცელებულ ვიდეოში.

ინდუიზმის მიმდევრები რეპერის თაყვანისმცემლების პოსტებმაც გააღიზიანა, რომელთა მტკიცებითაც, ქარდიმ ამ ფოტოსესიით ქალღმერთ დურგას პატივი მიაგო.

"ხალხი ამბობს, რომ ქარდიმ ჩვენს ქალღმერთს პატივი მიაგო. როგორც ინდუიზმის მიმდევარს, მინდა, ყურადღება გავამახვილო - ტაძარში ფეხსაცმლით შესვლა არ შეიძლება; დურგას გამოსახულების ესთეტიკური დანიშნულებით გამოყენება არ შეიძლება; მას არასდროს არ გამოსახავენ შიშველს; ეს არ არის პატივის მიგება, ეს შეურაცხყოფის გამოხატვაა".

"ქარდი ბის პატივი არ მიუგია ინდუისტური ქალღმერთისთვის, როცა ფეხსაცმლით ხელში გადაიღო სურათი. ეს პირიქით უპატივცემულობის გამოვლინებაა და ვერაფრით ვერ ჩაითვლება სხვისი კულტურის დაფასებად. ჩვენი დაცინვისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს", - წერდნენ ტვიტერზე.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ქარდის საკუთარი განცხადების ან ქმედების გამო ბოდიშის მოხდა უწევს. აზერბაიჯანის და სომხეთის სამხედრო დაპირისპირების დროს მან შემთხვევით ამ უკანასკნელი მხარე დაიჭირა, როცა ნაცნობის თხოვნით ინსტაგრამზე პოსტერი გამოაქვეყნა, რომელიც მოქალაქეებს მოუწოდებდა, სომხეთის დასახმარებლად სატელევიზიო ფანდრაიზინგში მიეღოთ მონაწილეობა. როგორც მან მოგვიანებით აღნიშნა, არაფერი სმენოდა ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის შესახებ. წარსულში კი ქარდი ჰომოფობიასა და რასიზმშიც დაუდანაშაულებიათ.

Cardi B აზერბაიჯანელებს ბოდიშს უხდის

ქარდიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს ორმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული