Thumbnail

ბრაიან მეი: Live Aid-ის შემდეგ ვთქვით, რომ, ასე თუ ისე, ნორმალური გამოსვლა გვქონდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Queen-ის გიტარისტმა, ბრაიან მეიმ რადიოსადგურში TalkRADIO-ს სტუმრობისას 1985 წლის 13 ივლისს, ლონდონის უემბლის სტადიონზე ჩატარებული საკონცერტო მარათონის Live Aid დღე გაიხსენა. მუსიკოსის თქმით, 22-წუთიანი პერფორმანსის შემდეგ კოლექტივის წევრებს საერთოდ არ გასჩენიათ განცდა, რომ კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო გამოსვლა ჰქონდათ.

ბრაიან მეი: Queen-მა გააკეთა ის, რაც The Beatles-მა ვერ შეძლო

ნახეთ: ბრაიან მეიმ ცნობილ გიტარისტებთან ერთად Bohemian Rhapsody შეასრულა

"იმ მომენტში ვერ ვხვდებოდით, რამდენად ეპოქალური იყო ის, რაც მოხდა. პერფორმანსის შემდეგ ვფიქრობდით, რომ, ასე თუ ისე, ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა. გააზრებული არ გვქონდა, ამხელა შთაბეჭდილება თუ მოახდინა ჩვენმა გამოსვლამ სატელევიზიო ეთერში. ის ემოცია დღემდე ცოცხლობს ხალხში, ასე არაა?", - თქვა მუსიკოსმა.

მეიმ ინტერვიუს დროს ფრედი მერკურის სასცენო ქარიზმაზეც გაამახვილა ყურადღება.

"მას სივრცის აღქმის არაჩვეულებრივი უნარი ჰქონდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ მაყურებლების წინაშე გამოდიხარ, მათთან მუსიკალური კონტაქტი უნდა დაამყარო, მაგრამ ასევე არსებითია ფიზიკური მიზიდულობა - უნდა იაზრებდე, სად ხარ და სად გზავნი შენს ენერგიას. ფრედის ამის გასაოცარი უნარი ჰქონდა", - აღნიშნა ბრაიანმა.

მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ლონდონში გამართული საქველმოქმედო მარათონი ეთიოპიის მოსახლეთა ფინანსურ დახმარებას ისახავდა მიზნად. უემბლის სტადიონზე შეკრებილი 72 000 მაყურებლის წინაშე "ქუინთან" ერთად ისეთი არტისტები გამოვიდნენ, როგორებიც არიან: დევიდ ბოუი, ელტონ ჯონი, პოლ მაკკარტნი, U2 და სხვები. ხოლო ფილადელფიაში მაყურებლის წინაშე წარდგნენ: მიკ ჯაგერი, მადონა, თინა თერნერი, ბრაიან ადამსი, ბობ დილანი, ნილ იანგი, Led Zeppelin, Black Sabbath, The Beach Boys და ა.შ. კონცერტები 150 ქვეყანაში სატელევიზიო ეთერით გადაიცემოდა, რასაც ჯამში 1,9 მილიარდმა ადამიანმა მიადევნა თვალი. ბოლო მონაცემებით, იმ დღეს ქველმოქმედებისთვის დაახლოებით 195 მილიონი დოლარი შეგროვდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული