Thumbnail

Black Sabbath-ის გიზერ ბათლერი: Cardi B-ს WAP ამაზრზენი კომპოზიციაა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილი მეტალ კოლექტივის Black Sabbath ყოფილი წევრი, ბასისტი გიზერ ბათლერი ჟურნალ Kerrang!-თან ინტერვიუში საუბრობდა, რამდენად ნეგატიურად აღიქმება მუსიკის ინდუსტრიაში ყოველი სიახლე, მანამ მსმენელი მას შეეგუება. მან, მაგალითად, პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტების, Cardi B-ისა და Megan Thee Stallion-ის ჰიტი WAP მოიყვანა, რომელსაც "ამაზრზენი" უწოდა, თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ შესაძლოა, თავად იქცა ისეთ ადამიანად, რომელიც სიახლეს ითვალწუნებს.

Cardi B-ს ჰიტი WAP 2021 წლის გრემიზე ნომინირებული არ იქნება

"როგორც კი ახლებური მუსიკა გამოდის, ის ეშმაკისეულად აღიქმება. მახსოვს, როცა ელვის პრესლი გამოჩნდა, ყველა ამბობდა - სატანააო. 1960-70-იან წლებში კი ის ამერიკის ეროვნულ საუნჯედ იქცა. ასე ხდება მუსიკაში ყოველი ახალი ტალღის გამოჩენისას. რა თქმა უნდა, ამის ყველაზე კარგი მაგალითი მეტალია. ქრისტიანები გაგიჟდნენ, როცა Black Sabbath პირველად ნახეს. შემდეგ კი, როცა რეპი გახდა აქტუალური, ხალხი უკვე მისით იყო უკმაყოფილო. უნდა ვაღიარო, რომ ახლა უკვე მე მაღიზიანებს ქარდი ბი თავისი WAP-ით. ამაზრზენი კომპოზიციაა. ჩემს ერთ მეგობარს არ ჰქონდა მოსმენილი, მაგრამ მისი 10 წლის გოგონა მღეროდა ამ ნამუშევრის ტექსტს. მე კი გაოცებული ვუსმენდი. მისი ალბომში შეტანა კიდევ შეიძლება, მაგრამ მთავარ სინგლად გამოშვება? ეს ცოტა გადაჭარბებულია. მაგრამ მე ხომ ძველი გვარდია ვარ, 71 წლის წყეული მოხუცი, რომელიც ახალგაზრდებს კრიტიკით აძულებს თავს", - ამბობს მუსიკოსი.

WAP შვიდ აგვისტოს გავრცელდა და კომერციულ წარმატებასთან ერთად კრიტიკაც ხვდა წილად. უარყოფითი გამოხმაურებები მოჰყვა როგორც მასზე გადაღებულ კლიპს, ისე, კომპოზიციის სახელწოდებას (Wet A*s P***y) და ტექსტს. ქარდიმ ერთ-ერთ ინტერვიუში განმარტა, რა აუდიტორიაზეა გათვლილი მისი ახალი ნამუშევარი.

"ეს კომპოზიცია ძირითადად კონსერვატიული ღირებულებების მქონე, ანაც მოჩვენებითად რელიგიურ ადამიანებს აღიზიანებს. მე ამ ტიპის მუსიკაზე გავიზარდე, ასე რომ, ის, რაც სხვებს შეიძლება, უცნაურად და ვულგარულად მოეჩვენოთ, ჩემთვის თითქმის სრულებით ნორმალურია. რა თქმა უნდა, არ ვისურვებდი, რომ ეს ჩანაწერი ჩემს შვილს მოესმინა, რადგან ის ზრდასრულებისთვის არის განკუთვნილი", - ამბობს ქარდი.

გიზერ ბათლერი Black Sabbath-ის ერთ-ერთი დამაარსებელია. ის კოლექტივის ბასისტი და ერთ-ერთი მთავარი ლირიცისტი იყო. მუსიკოსმა ჯგუფის ფრონტმენ, ლეგენდარულ ოზი ოსბორნთან თანამშრომლობა ამ უკანასკნელის სოლო კარიერის ფარგლებშიც გააგრძელა. ბათლერი ასევე უკრავდა ჯგუფებში Heaven & Hell და GZR, ამჟამად კი Deadland Ritual-ის ბასისტია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული