Thumbnail
ფოტო: TV Pirveli

მიხაილო: იმედია, დარჩნენ ადამიანები, რომლებიც სამართლიან გადაწყვეტილებებს იღებენ

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს უნდა გადაწყვიტოს, დაკმაყოფილდება თუ არა პრობაციის სამსახურის მოთხოვნა და დაბრუნდება თუ არა შინაპატიმრობიდან ციხეში ელექტრონული არტისტი, მიხეილ თოდუა, იგივე Michailo. სხდომაზე შესვლამდე არტისტმა კომენტარი გააკეთა:

► Michailo შესაძლოა, ციხეში დააბრუნონ

"ვერ გეტყვით, რა მოლოდინით შევდივარ იქიდან გამომდინარე, რომ, ჩემი აზრით, საერთოდ არ უნდა კარგავდეს სასამართლო ასეთი საქმეების განხილვაში დროს. მიზეზი არის აბსურდული. არ ვიცი, რა მოლოდინი უნდა მქონდეს. რაღაც იმედი მაქვს, რომ ჯერ კიდევ დარჩნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც სამართლიანად ცხოვრობენ და სამართლიან გადაწყვეტილებებს იღებენ. არ ვიცი, რას იტყვის სასამართლო. ლოგიკამ საერთოდ აზრი დაკარგა და...", - აღნიშნა მიხაილომ "ტვ პირველთან" საუბარში.

როგორც პრობაციის ბიუროს გადაწყვეტილებაში ნათქვამი, მუსიკოსმა შინაპატიმრობის განრიგი დაარღვია, რაც არ ჩაეთვალა საპატიოდ:

"მიხეილ თოდუას 2020 წლის 13 ოქტომბერს დაუფიქსირდა შინ ყოფნის განრიგის დარღვევა. კერძოდ, ამ დღეს, 22:36 საათზე დატოვა საცხოვრებელი ადგილი და დაბრუნდა 14 ოქტომბერს 04:26 საათზე. მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ მსჯავრდებული მიწვეული იყო შპს ბელტა ვიტას მიერ ორგანიზებულ ელექტრონული მუსიკის საღამოზე ხმის რეჟისორად. აღნიშნული საფუძველი არ წარმოადგენს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის შესახებ საქართველოს კანონის 12(1) მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებულ საპატიოდ ჩათვლის საფუძველს, ასევე არ შეესაბამება ამავე მუხლის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებულ საფუძველს. ვიხელმძღვანელე რა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის #146 ბრძანებით, გადავწყვიტე მიხეილ თოდუას რეჟიმის დარღვევა არ ჩაეთვალოს საპატიოდ".

ფოტო: infosakartvelo

მიხაილოს თქმით, მან 13 ოქტომბერს ერთ-ერთ ივენთზე დაუკრა, ორი დღით ადრე, მანამ მთავრობა 22:00 საათის შემდეგ გასართობი ღონისძიებების გამართვაზე შეზღუდვებს დააწესებდა. პრობაციის ბიუროს განკარგულება კი 16 ოქტომბერსაა გამოცემული. ამის შემდეგ მან პოლიტიკური გაერთიანების, "გირჩის" წინასაარჩევნო ღონისძიებაზე დაუკრა. მუსიკოსის თქმით, სავარაუდოდ, სწორედ ამან გამოიწვია იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული პრობაციის ბიუროს წარმომადგენლების გაღიზიანება. აღსანიშნავია, რომ არტისტს ღამით გასვლასთან დაკავშირებით ნებართვა ორივე შემთხვევაში ჰქონდა აღებული.

მიხაილომ ციხე შარშან, 11 ოქტომბერს დატოვა და სასჯელის დარჩენილი ვადა, 2 წელიწადი და 11 თვე შინაპატიმრობაში, ელექტრონული სამაჯურით უნდა გაეტარებინა.

მიხაილო 12 გრამი MDMA-ს ფლობისთვის 2013 წელს დააკავეს და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პროდიუსერს ახალ ნამუშევრებზე მუშაობა ციხეშიც არ შეუწყვეტია. მან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილი ოთახი საკუთარი ხარჯებით მუსიკალურ სტუდიად აქცია. 2018 წელს არტისტის ალბომები ბრიტანულ და გერმანულ ლეიბლებზე გამოვიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პროდიუსერს ციხეში ცნობილი გამოცემა Telekom Electronic Beats ეწვია და მისგან ინტერვიუ აიღო. არტისტმა ბოლო რელიზი Solitude to Sanctuary მიმდინარე წლის სექტემბერში ავსტრალიურ ლეიბლზე Rebellie Music გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული