Thumbnail

Michailo შესაძლოა, ციხეში დააბრუნონ

ელექტრონული არტისტი, მიხეილ თოდუა, იგივე Michailo, შესაძლოა, კვლავ გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს. ამის შესახებ გადაწყვეტილებას მოსამართლე 11 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მიიღებს, რომელიც 14:00 საათზეა ჩანიშნული. ქვეყნდება პრობაციის ბიუროს გადაწყვეტილებაც, რომელშიც წერია:

"მიხეილ თოდუას 2020 წლის 13 ოქტომბერს დაუფიქსირდა შინ ყოფნის განრიგის დარღვევა. კერძოდ, ამ დღეს, 22:36 საათზე დატოვა საცხოვრებელი ადგილი და დაბრუნდა 14 ოქტომბერს 04:26 საათზე. მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ მსჯავრდებული მიწვეული იყო შპს ბელტა ვიტას მიერ ორგანიზებულ ელექტრონული მუსიკის საღამოზე ხმის რეჟისორად. აღნიშნული საფუძველი არ წარმოადგენს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის შესახებ საქართველოს კანონის 12(1) მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებულ საპატიოდ ჩათვლის საფუძველს, ასევე არ შეესაბამება ამავე მუხლის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებულ საფუძველს. ვიხელმძღვანელე რა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის #146 ბრძანებით, გადავწყვიტე მიხეილ თოდუას რეჟიმის დარღვევა არ ჩაეთვალოს საპატიოდ".

ფოტო: infosakartvelo

არსებული ინფორმაციით, შინაპატიმრობის გამო მიხაილო სხვადასხვა ივენთზე დაკვრის წინ პრობაციის ბიუროს სავალდებულო დოკუმენტებს, ხელფასის ცნობასა და ხელშეკრულებას უგზავნიდა. 13 ოქტომბერს მუსიკოსმა უწყებას გასვლის შესახებ აცნობა და ნებართვაც აიღო, დოკუმენტებიც გაუგზავნა, თუმცა, მას სახლის ღამით დატოვება მაინც არასაპატიოდ ჩაეთვალა. მიხაილოს თქმით, მან პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და, სავარაუდოდ, სწორედ ამან გამოიწვია იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული პრობაციის ბიუროს წარმომადგენლების გაღიზიანება.

მიხაილოს მხარდასაჭერად 11 ნოემბერს, 13:00 საათიდან საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბებიან მოქალაქეები.

აღსანიშნავია, რომ მიხაილომ ციხე შარშან, 11 ოქტომბერს დატოვა და სასჯელის დარჩენილი ვადა, 2 წელიწადი და 11 თვე შინაპატიმრობაში, ელექტრონული სამაჯურით უნდა გაეტარებინა.

მიხაილო 12 გრამი MDMA-ს ფლობისთვის 2013 წელს დააკავეს და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პროდიუსერს ახალ ნამუშევრებზე მუშაობა ციხეშიც არ შეუწყვეტია. მან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილი ოთახი საკუთარი ხარჯებით მუსიკალურ სტუდიად აქცია. 2018 წელს არტისტის ალბომები ბრიტანულ და გერმანულ ლეიბლებზე გამოვიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პროდიუსერს ციხეში ცნობილი გამოცემა Telekom Electronic Beats ეწვია და მისგან ინტერვიუ აიღო. არტისტმა ბოლო რელიზი Solitude to Sanctuary მიმდინარე წლის სექტემბერში ავსტრალიურ ლეიბლზე Rebellie Music გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული