Thumbnail

Dr. Dre-ს ცოლი მოითხოვს, გაირკვეს, ჰყავს თუ არა მუსიკოსს უკანონო შვილები

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

გავლენიანი კალიფორნიელი მუსიკოსის, დოქტორ დრეს ცოლი, ნიკოლ იანგი სასამართლოში წამოწყებული განქორწინების პროცესის ფარგლებში არტისტისგან ყველანაირი დოკუმენტის წარმოდგენას მოითხოვს, რომელიც მას მამობის აღიარებასთან დაკავშირებით შეიძლება, ჰქონდეს შევსებული. ნიკოლი ამ გზით ცდილობს, გაარკვიოს, ჰყავს თუ არა დრეს შვილები ქორწინების მიღმა. როგორც გამოცემა TMZ წერს, უცნობია, აქვს თუ არა თავად იანგს რაიმე მტკიცებულება, რომ 24-წლიანი თანაცხოვრების განმავლობაში დრეს სხვა ქალისგანაც ეყოლა შვილები.

სასამართლოს დადგენილებით, Dr. Dre ცოლს თვეში $2 მილიონს არ გადაუხდის

50 Cent: Dr. Dre-ს შვილმა მითხრა, ენა ჩაიგდეო

ამასთან, გაზეთ Daily Mail-ის ინფორმაციით, ნიკოლმა ერთი კვირის წინ მოითხოვა, სასამართლოში მოწმეებად გამოიძახონ მუსიკოსები ჯილიან სპირი და კრისტალ სიერა, აგრეთვე, მოდელი კილი ანდერსონი, რომლებთანაც, მისი აზრით, დრეს შესაძლოა, რომანი ჰქონოდა.

"ღალატის შესაძლო ფაქტებს სასამართლოში არანაირი ძალა არ ექნება, რადგან განქორწინებისას ბრალეული მხარის დადგენა არ ხდება. შესაბამისად, მსგავსი დოკუმენტების მოთხოვნა და წარდგენა გაუმართლებელი და დაუშვებელია", - განუცხადა გამოცემას ადვოკატმა, კრის ლეფანმა.

წყვილს ორი საერთო შვილი, 19 წლის გოგონა Truly და 23 წლის ვაჟი Truice ჰყავთ. სწორედ მათი ქორწინების შემდეგ ჩაება წარმატებული მუსიკოსი ტექნოლოგიების ბიზნესში და ბრენდი Beats Electronics დააარსა, რომელიც მუსიკალურ აქსესუარებს Beats By Dre აწარმოებს. 2014 წელს კომპანია 3 მილიარდ აშშ დოლარად Apple-მა შეიძინა. ბიზნესგამოცემა Forbes-ის მონაცემებით, რეპერის აქტივები $800 მილიონად არის შეფასებული.

ანდრე იანგი, იგივე Dr. Dre, ჰიპ ჰოპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. მან შემოქმედებითი მოღვაწეობა 1985 წელს ელექტროჰოპ კოლექტივში World Class Wreckin' Cru დაიწყო. შემდეგ იყო ეპოქალური ჰიპ ჰოპ გაერთიანება N.W.A, რომლის წევრებიც, მის გარდა, Arabian Prince, DJ Yella, Eazy-E, Ice Cube და MC Ren იყვნენ. 1992 წელს კი მუსიკოსმა სადებიუტო სოლო ალბომი The Chronic გამოუშვა. მსოფლიო მასშტაბით ნამუშევრის 6 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა.

დოქტორ დრე ერთ-ერთი უმსხვილესი ლეიბლის Interscope Records-ის თანადამფუძნებელია. დრეს უკავშირდება ისეთი არტისტების წარმატება, როგორებიც არიან: Snoop Dogg, Eminem, 50 Cent, The Game და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული