Thumbnail

50 Cent-ის ჰიტი Many Men 2020 წლის ყველაზე შთამაგონებელ ტრეკად დასახელდა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

გავლენიანი ნიუ იორკელი რეპერის, კურტის ჯექსონის, ფსევდონიმით 50 Cent, მუსიკალური მემკვიდრეობა დღითიდღე უფრო ფასდება. ჟანრის ახალი თაობის არაერთ წარმომადგენელზე ქუინსელი ემსის გავლენა მარტივი შესამჩნევია. ახლახან კი ცნობილმა მუსიკალურმა პლატფორმამ Spotify არტისტის 2003 წლის ჰიტი Many Men მიმდინარე წლის ყველაზე შთამაგონებელ ჩანაწერად დაასახელა.

50 Cent: ხანდახან გვაიძულებენ, რომ ცუდი ბიჭები ვიყოთ

"ახალგაზრდა არტისტებიც იმავეს გრძნობენ, რასაც მე 17 წლის წინ. არავის შეუძლია, ვინმეს შთააგონოს, მისი რომელიმე კონკრეტული კომპოზიციის გავლენით დაწეროს ახალი ტრეკი. ვფიქრობ, ამ ჩანაწერის ამოტივტივების მიზეზი მისი ენერგია, შინაარსი და მელოდიურობაა. ამასთან, ის ალბომის Get Rich Or Die Tryin' ყველაზე ნელი ტემპის მქონე ნამუშევარია. თანამედოვე ჰიპ ჰოპის გარკვეული ნაწილის ერთ-ერთი მახასიათებელიც სწორედ შენელებული ტემპია", - განაცხადა კურტისმა.

სინგლი Many Men ჰიპ ჰოპის ახალი თაობის არაერთმა ცნობილმა წარმომადგენელმა, მათ შორის 21 Savage და გარდაცვლილმა ფოფ სმოუქმა საკუთარ ნამუშევრებში გასემპლეს და 17 წლის შემდეგ ტრეკს ახალი სიცოცხლე შთაბერეს.

კომპოზიცია ქუინსელმა მუსიკოსმა სადებიუტო, ჟანრის ისტორიაში კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ალბომზე Get Rich Or Die Tryin' მუშაობისას შექმნა. ჩანაწერში კურტისი მისი დაჭრის ფაქტს ეხმაურება, როდესაც ცეცხლსასროლი იარაღიდან 9 ტყვია ესროლეს. თუმცა, რეპერი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა - განსხვავებით თავდამსხმელისგან, რომელიც, ნიუ იორკელის მტკიცებით, მომხდარიდან რამდენიმე კვირაში მოკლეს. აღსანიშნავია, რომ სინგლის ერთ-ერთი პროდიუსერი ლეგენდარული ემინემი გახლავთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული