Thumbnail

როგორ ახერხებდა ფრედი მერკური სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე სიმღერების ჩაწერას

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილმა ფან გვერდმა Freddie Mercury Club, ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Queen-ის უკანასკნელი ალბომის Made in Heaven 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ინსტაგრამზე ნამუშევრის გარეკანი გამოაქვეყნა და კოლექტივის გიტარისტის, ბრაიან მეის სიტყვები დაურთო. მუსიკოსი იხსენებდა, როგორ მუშაობდა ჩანაწერში შესულ სიმღერებზე ფრედი მერკური გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე. მეის თქმით, ფრედიმ თავიდანვე იცოდა, რომ ავადმყოფობის გამო ალბომის დასრულებას ვერ მოესწრებოდა. ამიტომაც, ყველანაირად ცდილობდა, რაც შეიძლებოდა, მეტი ვოკალური პარტია ჩაეწერა, რათა კოლექტივის წევრებისთვის საკმარისი მასალა დაეტოვებინა სამუშაოდ.

ფოტოგალერეა: ფრედი მერკურის უკანასკნელი საჯარო გამოჩენა

ნახეთ: ბოლო დაბადების დღე, რომელიც ფრედი მერკურიმ გადაიხადა

ნახეთ: ფრედი მერკურის უკანასკნელი დამშვიდობება თაყვანისმცემლებთან

"ვიცოდით, რომ დროში ვიყავით შეზღუდული, რადგან ფრედიმ გვითხრა, ალბომის დასრულებამდე ვერ მივაღწევო. ფაქტობრივად, სტუდიაში ვცხოვრობდით. როგორც კი ფრედი დარეკავდა და გვეტყოდა, თავს შედარებით კარგად ვგრძნობ, რამდენიმე საათით შევძლებ მოსვლასო, ვცდილობდით, მაქსიმუმი მიგვეღო მისგან. რადგან მან გვთხოვა, მამღერეთ, რამე დამიწერეთ, რომ, რაც შეიძლება, ბევრი მასალის დატოვება მოვასწროო", - იხსენებდა ბრაიან მეი.

ფრედი მერკური 1991 წლის 24 ნოემბერს შიდსის ფონზე განვითარებული ბრონქიალური პნევმონიით გარდაიცვალა. მის მიერ დატოვებულ ვოკალურ და საფორტეპიანო ჩანაწერებზე მუშაობა ბრაიან მეიმ, როჯერ ტეილორმა და ჯონ დიკონმა შვეიცარიაში მოწყობილ სტუდიაში გააგრძელეს, ხოლო ალბომი 1995 წლის 6 ნოემბერს გამოუშვეს. ნამუშევარმა გაერთიანებული სამეფოს ჩარტებში პირველი პოზიცია დაიკავა და ოთხჯერ მიიღო პლატინის სტატუსი.

ფრედი მერკურის, ბრაიან მეის, როჯერ ტეილორისა და ჯონ დიკონის ლეგენდარული კოლექტივი Queen ლონდონში 1970 წელს შეიქმნა. არსებობის განმავლობაში ბენდმა 150-ზე მეტი სიმღერა და 15 სტუდიური ალბომი გამოუშვა, რომელთაგანაც შვიდს სხვადასხვა დროს ბრიტანულ ჩარტებში პირველი პოზიცია ეკავა. ჯგუფის ფრონტმენი ფრედი მერკური შიდსის ფონზე განვითარებული ბრონქიალური პნევმონიით 1991 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა. 2004 წლიდან ბრაიან მეიმ და როჯერ ტეილორმა პროექტით Queen + საკონცერტო მოღვაწეობა განაახლეს. მათ ტურნეებში ვოკალისტების როლში პოლ როჯერსი, 2011 წლიდან კი ადამ ლამბერტი მოგვევლინენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული