Thumbnail

ჯონ ლენონის სიმღერა, რომელიც საზოგადოებამ არასწორად გაიგო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ჯონ ლენონმა სიკვდილამდე ერთი დღით ადრე, 1980 წლის 7 დეკემბერს ჟურნალ Rolling Stone-ს ინტერვიუ მისცა. სხვადასხვა თემაზე საუბრისას, არტისტმა აღნიშნა, რომ მისი სოლო კომპოზიცია Working Class Hero საზოგადოების ნაწილმა არასწორად გაიგო, როდესაც ის სოციალიზმს დაუკავშირა.

იოკო ონო ეხმაურება ჭორს, რომ ჯონ ლენონს მამაკაცებიც მოსწონდა

სიმღერა, რომელიც ჯონ ლენონს სურდა, რომ თავად დაეწერა

"ამ ნამუშევრის შინაარსს საერთოდ ვერავინ მიხვდა. სიმღერას სოციალიზმთან კავშირი არ აქვს. კომპოზიციის ტექსტში მე ვესაუბრები იმ ადამიანს, რომელსაც სურს, მუშათა კლასის გმირად იქცეს და ვეუბნები, რომ ამისთვის სწორედ ის გზა უნდა გაიაროს, რომელიც მე განვვლე. და საბოლოოდ იმად იქცევა, რასაც მე დღეს წარმოვადგენ. ეს იყო ჩემი სათქმელი. იმიტომ, რომ მე წარმატებული არტისტი ვარ. ვყოფილვარ ბედნიერიც და უბედურიც. რეალური წარმატება კი ჩემი პიროვნების სრულყოფაა, ურთიერთობაა იოკოსა და ჩვენს შვილთან…", - ამბობდა ლენონი.

Working Class Hero ჯონ ლენონის სადებიუტო სოლო ალბომში John Lennon/Plastic Ono Band წარმოდგენილი სიმღერაა, რომელიც მუსიკოსმა "ბითლზის" დაშლის შემდეგ, 1970 წელს გამოუშვა.

ჯონ ლენონმა თავისი პირველი ბენდი The Quarrymen თინეიჯერობისას, თანასკოლელებთან ერთად ჩამოაყალიბა. მუსიკოსი საზოგადოებამ ჯგუფ "ბითლზში" მოღვაწეობით გაიცნო. 1968 წელს, კოლექტივში ყოფნის პარალელურად, მან სოლო კარიერა დაიწყო. მას და იოკო ონოს ერთობლივი და სოლო ნამუშევრებისთვის დუეტი Plastic Ono Band ჰქონდა ჩამოყალიბებული. ლენონი ისეთი საკულტო ჰიტების ავტორია, როგორებიცაა Imagine, Working Class Hero, Happy Xmas (War Is Over) და ა.შ. არტისტი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ორჯერ შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული