Thumbnail

ნახეთ: 15-წლიანი პაუზის შემდეგ System of a Down-მა ორი ახალი სიმღერა გამოუშვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

15-წლიანი პაუზის შემდეგ, ცნობილმა სომხურ-ამერიკულმა ჯგუფმა System of a Down ორი ახალი სიმღერა Protect The Land და Genocidal Humanoidz გაავრცელა. მუსიკოსებმა კომპოზიციები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით ჩაწერეს. ბენდმა ფეისბუქის გვერდზე განცხადებაც გაავრცელა.

"15 წლის შემდეგ სიმღერა პირველად გამოვუშვით. სწორედ ახლა იყო ამის დრო. გვინდოდა, რომ მნიშვნელოვანი სათქმელი გადმოგვეცა თქვენთვის. ეს კომპოზიციები ჩვენს მშობლიურ ქვეყანაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით დავწერეთ. ალიევისა და ერდოღანის დიქტატორულ რეჟიმებს სურთ, რომ მთიანი ყარაბაღი თავიანთ საკუთრებად გამოაცხადონ და ამისთვის სომეხი ხალხის გენოციდსაც არ ერიდებიან. უნდა დავიცვათ ჩვენი მიწა, კულტურა და ერი. თვალის დახუჭვის დრო არ არის", - ნათქვამია ბენდის განცხადებაში.

"ალბათ, ერთადერთი როკ ჯგუფი ვართ, რომელიც ხელისუფლებებს ებრძვის. ალბათ, ერთადერთი როკ ბენდი ვართ, რომელიც ომშია. ეს სიმღერები ჩვენი ჯარისკაცებისა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები სომხების წასახალისებლად დავწერე", - განაცხადა ჯგუფის წევრმა, დარონ მალაქიანმა.

System of a Down კალიფორნიაში 1994 წელს ჩამოაყალიბეს. 2006-ში ჯგუფი დაიშალა, თუმცა, 4 წლის შემდეგ მუსიკოსები კვლავ შეიკრიბნენ. კარიერის განმავლობაში კოლექტივმა 40 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. არტისტებს გრემის ჯილდო ერთხელ აქვთ მოგებული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული