Thumbnail

გარი ნიუმანი: ერთხელ ფრედი მერკურიმ ბურგერი ლიმუზინით მომიტანა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთმა პიონერმა, გარი ნიუმანმა ახლახან ავტობიოგრაფიული წიგნი (R)evolution: The Autobiography გამოსცა, რომელშიც ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Queen-ის წევრებთან ერთად ტოკიოში გატარებულ საღამოს იხსენებს. როგორც 62 წლის არტისტმა წიგნის პრომოუშენის ფარგლებში მოგვითხრო, ისე დაემთხვა, რომ იაპონიაში მაშინ იმყოფებოდა, როცა კოლექტივი იქ ტურნეს მართავდა და გადაწყვიტა, საყვარელი მუსიკოსების კონცერტის ბილეთი ეყიდა. მაყურებელთა რიგებში მისი ყოფნა აუდიტორიას შეუმჩნეველი არ დარჩენია და შოუს მიმდინარეობას ხელი რომ არ შეშლოდა, ორგანიზატორებმა ნიუმანი კულისებში შეიყვანეს.

ფოტოგალერეა: ფრედი მერკურის უკანასკნელი საჯარო გამოჩენა

ნახეთ: ბოლო დაბადების დღე, რომელიც ფრედი მერკურიმ გადაიხადა

რა პირადი ინფორმაციის გათქმის გამო დაითხოვა ფრედი მერკურიმ მენეჯერი

"ვერც კი წარმოვიდგენდი, იაპონიაში დიდ წარმატებას თუ მივაღწევდი. მხოლოდ ერთი წელი იყო გასული, რაც ბრიტანეთში პოპულარობა მოვიპოვე. აზრადაც კი არ მომსვლია, რომ დარბაზში ჩემს გამოჩენას აჟიოტაჟი მოჰყვებოდა. საბოლოოდ, "ქუინის" საკონცერტო გუნდს ჩემი კულისებში შეყვანა მოუხდა. იქ შევხვდი ბენდის წევრებს და ავუხსენი, რაც მოხდა, მათ კი შემიფარეს", - იხსენებს ნიუმანი.

მუსიკოსისვე თქმით, კონცერტის დასრულების შემდეგ "ქუინის" წევრებმა სუშის საჭმელად ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში დაპატიჟეს.

"ფრედი მერკური მომიახლოვდა და მითხრა: საყვარელო, რატომ არაფერს ჭამო? მე კი ვუპასუხე - ჩემზე არ იდარდო, უბრალოდ, ჯერ კიდევ აღფრთოვანებული ვარ აქ ყოფნის გამო, "ქუინის" დიდი ფანი ვარ-მეთქი. მან მკითხა, რას მივირთმევდი, მე კი ვუპასუხე, რომ McDonald’s-ის ბურგერი მესიამოვნებოდა. აქედან პირდაპირ იქ წავალ-მეთქი. 15 წუთში რესტორანს ლიმუზინი მოადგა და მძღოლმა "მაკდონალდსის" პაკეტი შემოიტანა. ფრედი მენეჯერს ერთი-ორი სიტყვით გაესაუბრა, რამდენიმე კუპიურა მისცა. ასე მივირთვი "მაკდონალდსის" საჭმელი ტოკიოს ყველაზე პრესტიჟულ სუშის რესტორანში. ასეთ ვარსკვლავურ გარემოცვაში ყოფნით დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, მაგრამ ისინი საოცრად კეთილი და თავმდაბალი ადამიანები აღმოჩნდნენ", - იხსენებს არტისტი.

ნიუმანისვე თქმით, "ქუინის" წევრებს მანამდე 16 წლის ასაკში შეხვდა, როცა ლონდონში, Rainbow Theatre-ში მათ პერფორმანსს დაესწრო.

"სხვა ბენდები თავიანთი ლიმუზინებისკენ მიიჩქაროდნენ და თაყვანისმცემლებს ყურადღების გარეშე ტოვებდნენ. "ქუინი" მათ არ ჰგავდა. ყველას ეპატიჟებოდნენ საგრიმიოროში, ფანებს ესაუბრებოდნენ და ავტოგრაფებს ურიგებდნენ. ეს ჩემთვის გაკვეთილი იყო, თუ როგორ უნდა მოექცე იმ ადამიანებს, რომლებიც მხარს გიჭერენ. მეც ყოველთვის ვცდილობდი ასე მოვქცეულიყავი, თუ ეს შესაძლებელი იქნებოდა", - აღნიშნავს არტისტი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული