Thumbnail

ჰანს ციმერი: ბილი აილიშის სიმღერა ჯეიმს ბონდის ფილმისთვის თავდაპირველად დაიწუნეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულმა გერმანელმა კომპოზიტორმა, ჰანს ციმერმა, რომელიც "ჯეიმს ბონდის" ახალი, რიგით 25-ე ფილმის No Time to Die მუსიკალური თემის ავტორია, ჟურნალ GQ-სთან ინტერვიუში გაიხსენა, როგორ გადაწყდა, რომ კინოსურათის საუნდტრეკი პოპულარულ ამერიკელ არტისტს, ბილი აილიშს უნდა შეესრულებინა. ციმერმა, რომელმაც ბილისა და მისი ძმის, მუსიკოს ფინიას ო’კონელის მიერ დაწერილი კომპოზიციის No Time to Die საორკესტრო არანჟირებაზე ბრიტანელ მეთიუ ჩარლზ დანკლისთან ერთად იმუშავა, აღნიშნა, რომ თავდაპირველად და-ძმის ნამუშევარს კინოსურათის გუნდზე დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია.

ბილი აილიშმა გაიხსენა, როგორ დაწერა ჯეიმს ბონდის ფილმისთვის საუნდტრეკი

"სიმღერა ბონდის შესახებ გადაღებული ფილმების განუყოფელი ნაწილია. შეიძლება ითქვას, რომ კომპოზიციებით სავსე ყუთი გვქონდა, რომლებსაც ადამიანები უსმენდნენ და ცდილობდნენ, გადაეწყვიტათ, რომელი გამოდგებოდა ამ კინოსურათისთვის. მათ სურდათ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მეც ვყოფილიყავი ჩართული. ამ დროს მოვისმინე ბილის ეს მოკრძალებული, სადა ინსტრუმენტალით გაფორმებული, ძალიან პირადი სიმღერა. მაშინვე მივხვდი, რომ სწორედ ის იყო, რაც გვჭირდებოდა. დანარჩენებმა კი თქვეს - კარგი, მაგრამ ეს მთლად შესაბამისი არ არის. არაა კარგი ნამუშევარიო. მივუგე - არა, შეცდომას უშვებთ. მას და ფინიასს ჯერ ფილმი არ უნახავთ და არ იციან, რის შესახებ წერენ სიმღერას. ისინი თვითმფრინავში უნდა ჩასხდნენ და აქ ჩამოვიდნენ-მეთქი.

ასე რომ, ერთ ბნელ, ნაცრისფერ, ბრიტანეთისთვის ტიპურ ღამეს ისინი სოჰოს დასახლებაში გამოჩნდნენ, ხანგრძლივი მგზავრობისგან დაქანცულები იყვნენ. ფილმი ვაჩვენეთ, მომდევნო დღიდან კი უკვე ერთად შევუდექით მუშაობას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო სწორი მიდგომა. ყველაზე მეტად ამ სიმღერის სისადავე მომეწონა", - იხსენებს ჰანს ციმერი.

ბილი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა არტისტია, რომელიც ჯეიმს ბონდის საუნდტრეკის თანაავტორი და შემსრულებელია. სიმღერის პროდიუსინგზე ფინიასმა გავლენიან ბრიტანელ პროდიუსერ სტივენ ლიპსონთან ერთად იმუშავა. კომპოზიციაში გიტარის პარტიას ლეგენდარული ბრიტანული ბენდის, The Smiths-ის ყოფილი გიტარისტი, ჯონი მარი ასრულებს. კინოსურათის პრემიერა 2021 წლის 2 აპრილს შედგება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული