Thumbnail

პოპულარული მუსიკალური ჯგუფების ლოგოები თვალში ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება, დაწყებული მაისურებითა და სხვადასხვა სახის სუვენირებით, დამთავრებული პოსტერებითა და ვიდეორგოლებით. ამ სიმბოლოებიდან ზოგიერთის მიღმა კი ძალზე საინტერესო ისტორია თუ დაფარული სიმბოლიკა იმალება.

ჩვენს სტატიაში სწორედ ხუთი ცნობილი კოლექტივის ლოგოს შესახებ მოგითხრობთ.

5. Ramones

პანკ როკის პიონერების ლოგო შეერთებული შტატების საპრეზიდენტო ბეჭდის ფორმითა და დიზაინითაა შთაგონებული და მასში წრიულად კოლექტივის კლასიკური შემადგენლობის წევრთა სახელებია ჩაწერილი.

საკულტო ნამუშევრის ავტორის, არტურო ვეგას თქმით, მისთვის Ramones-ის მუსიკა ამერიკული ხასიათის სრულყოფილ განსახიერებას წარმოადგენდა და მსგავსი სიმბოლიკაც სწორედ ამიტომ შეარჩია. არწივის მარჯვენა კლანჭებში ვაშლის ხის ტოტი ამერიკელების ფავორიტ კერძზე, ვაშლის ნამცხვარზე მიანიშნებს, მარცხენაში ბეისბოლის ჯოხი კი ჯგუფის გიტარისტის, ჯონი რემოუნის მხრიდან სპორტის ამ სახეობით გატაცებაზე.

4. Led Zeppelin

ეპოქალური ბრიტანული როკ ბენდის ეს ლოგო Led Zeppelin-ის წევრების მიერ შერჩეული სიმბოლოების გაერთიანებით შეიქმნა.

რობერტ პლანტის ნიშანი ეგვიპტური ქალღმერთის, მაატის ატრიბუტს წარმოადგენს, ჯონ პოლ ჯონსის სამყურა და ჯონ ბონემის სამი წრე კი მე-17 საუკუნის ევროპაში აღმოცენებული როზენკრეიცერების ეზოთერული ორდენისგანაა ნასესხები. რაც შეეხება ჯიმი პეიჯის საქვეყნოდ ცნობილ "ზოსოს", ამ უკანასკნელის ავტორი თავად ლეგენდარული გიტარისტი გახლავთ, რომელიც მის ზუსტ მნიშვნელობასა თუ წარმომავლობას დღემდე არ ამხელს. ზოგი ვერსიით, ის პლანეტა სატურნის ალქიმიური სიმბოლოთია შთაგონებული.

3. Wu-Tang Clan

პოპულარული ნიუ იორკული ჰიპ ჰოპ კოლექტივის Wu-Tang Clan ლოგო მათ დიჯეის, Mathematics-ის ფსევდონიმით ცნობილ პროდიუსერს, რონალდ ბინს ეკუთვნის.

1993 წელს ეპოქალური სინგლის Protect Ya Neck გამოცემამდე ერთი დღით ადრე ჯგუფის დე-ფაქტო ლიდერმა, რობერტ ფიცჯერალდ დიგსმა (იგივე RZA-მ) რონალდს ამცნო, რომ სასწრაფოდ ლოგო სჭირდებოდათ. ამ უკანასკნელმა კი მის მიერ სთენსილისთვის დამზადებული შაბლონიდან ასო W-ს მონახაზი აიღო და მისი გამოყენებით ჰიპ ჰოპის თითოეული მოყვარულისთვის კარგად ნაცნობი სიმბოლო სახელდახელოდ შექმნა.

2. Queen

ლეგენდარული ბრიტანული როკ ბენდის ლოგო თავად ფრედი მერკურიმ შექმნა, რომელიც მუსიკალური კარიერის დაწყებამდე ლონდონის ერთ-ერთ კოლეჯში დიზაინერის პროფესიას ეუფლებოდა.

ნამუშევრის დეტალების ნაწილი Queen-ის წევრების ზოდიაქოთია შთაგონებული. ჯონ დიკონი და როჯერ ტეილორი ლომის ნიშნის ქვეშ არიან დაბადებულნი, ბრაიან მეი - კირჩხიბის, ხოლო ფრედი - ქალწულის. ასო Q-ში ჩასმული გვირგვინი ჯგუფის სახელწოდებაზე (ქართულად: დედოფალი) მიანიშნებს, ფენიქსი კი უკვდავებაზე, რაც ჯგუფის მიერ მოპოვებული სტატუსის გათვალისწინებით, ერთგვარად წინასწარმეტყველურიც აღმოჩნდა.

1. The Rolling Stones

კიდევ ერთი ლეგენდარული ბრიტანული კოლექტივის, The Rolling Stones-ის ლოგო ლონდონში მდებარე ხელოვნების სამეფო კოლეჯის სტუდენტმა, ჯონ პეშმა 1970 წელს შექმნა.

მას იდეა ბენდის ფრონტმენთან, მიკ ჯაგერთან პირველად შეხვედრისას დაებადა, როდესაც მისი ყურადღება მუსიკოსის ტუჩების უჩვეულოდ დიდმა ზომამ მიიპყრო. რამდენიმე ვერსიის დაწუნების შემდეგ, ჯაგერმა ხელოვანს შთაგონებისთვის ინდუისტური ქალღმერთის, კალის ილუსტრაცია აჩვენა, სადაც ღვთაებას ენა ჰქონდა გამოყოფილი. ნახატის ხილვამ პეშს მისი თავდაპირველი ჩანაფიქრის განხორციელებისკენ უბიძგა, შედეგად კი მუსიკის ისტორიაში, დიდი ალბათობით, ყველაზე პოპულარული ლოგო დაიბადა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული