Thumbnail
ფოტო: დათო ქორიძე

ნახეთ: ქართულმა ჯგუფმა The Rylans სადებიუტო სიმღერა Voices In Your Head გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ქართული ჯგუფი The Rylans, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში შეიქმნა, სიმღერას Voices In Your Head და მასზე გადაღებულ კლიპს ავრცელებს. ბენდის ფრონტმენის, მებო ნუცუბიძის თქმით, კომპოზიციისა და ვიდეორგოლის შთაგონების წყარო ტრანსგენდერი ქალი მადონა გახდა, რომელმაც კარანტინის პერიოდში თბილისის ცენტრში თავის დაწვა სცადა.

"The Rylans-ის შექმნის იდეა ზაფხულში გაჩნდა, როცა ხუთი განსხვავებული ადამიანი შევხვდით ერთმანეთს და აღმოჩნდა, რომ საერთო მუსიკალური სათქმელი გვქონდა. რაც შეეხება ამ სიმღერას და ვიდეოს, ყველაფერი ცოტა უფრო ადრე, გაზაფხულზე დაიწყო. 30 აპრილს, კარანტინის დროს, ტრანსგენდერმა ქალმა, მადონამ, პროტესტის ნიშნად თავის დაწვა სცადა. ამ ამბავმა ძალიან იმოქმედა ჩემზე. კიდევ უფრო დამაფიქრებელი იყო ხალხის რეაქცია ამ ყველაფერზე. რა თქმა უნდა, ყველაფერი ილექება ადამიანების ცნობიერებაში და შემდეგ რაღაც ფორმით გამოიხატება სამყაროში. ჩვენ შემთხვევაში ეს იყო სიმღერა, რომელიც ზაფხულში დავწერე. Voices In Your Head", - აღნიშნა მებომ popmusic-თან საუბარში.

ვიდეორგოლის ავტორი ფოტოგრაფი დათო ქორიძე გახლავთ, რომლისთვისაც ეს სადებიუტო ნამუშევარია.

"ძალიან გვინდოდა ამ სიმღერაზე ვიდეოც გადაგვეღო. პირველი ადამიანი, ვინც გამახსენდა, იყო დათო ქორიძე, რომლის შემოქმედება და ხელოვნებისადმი დამოკიდებულება ყოველთვის ძალიან მომწონდა. დათოსთან შეხვედრის შემდეგ ყველაფერი თავისით წავიდა. აღმოჩნდა, რომ ორივეს გვქონდა საერთო სათქმელი. ჩვენი მუსიკალური გზავნილი დათომ ვიდეოგზავნილად აქცია და ასე გაჩნდა ვიდეო, რომელმაც დღეს იხილა დღის სინათლე... ჩარჩოები წარმოსახვითია. საზღვრები არარსებული. ნორმები, წესები, ვალდებულებები და პასუხისმგებლობები დროთა განმავლობაში ცვდება. ის, რაც გუშინ სწორად გეჩვენებოდა, დღეს აბსურდია და პირიქით. ნუ შეაფასებ ფაქტებს, მოვლენებს, ადამიანებს, მათ ქცევებსა და სურვილებს წინასწარ განსაზღვრული საზომებით. უსმინე ხმებს საკუთარ თავში", - ამბობს მებო ნუცუბიძე.

The Rylans ხუთი წევრისგან შედგება: მებო ნუცუბიძე, მარიამ კუბანსკი, დემე სპიგელი, ლევან სიდიანი ფილფანი და გიგი კობერიძე.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული