Thumbnail

რა უპასუხა Cardi B-მ კომენტარს, რომ მან ბირკინის ძვირფასი ჩანთები გააუფასურა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, Cardi B-მ ცოტა ხნის წინ ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც მოდის სახლ "ჰერმესის" ცნობილი ჩანთის, ბირკინის კოლექციის ფონზეა აღბეჭდილი. ამის შემდეგ ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ერთ-ერთი მომხმარებლის სახელად celestialthug-ის პოსტს, რომელშიც ის აღნიშნავდა, რომ ბირკინის ძვირადღირებულმა ჩანთებმა თავიანთი ღირებულება დაკარგეს, რადგან მათზე ხელი უკვე ისეთ მუსიკოსებს მიუწვდებათ, როგორებიც არიან ქარდი ბი და ჯგუფ City Girls-ის წევრები.

Cardi B: ბავშვები მიმითითებენ, როგორ ვიცხოვრო, თითქოს არიანა გრანდე ვიყო

Cardi B კრიტიკას პასუხობს: ვარსკვლავების შვილებს ძვირიანი ნივთები სჭირდებათ

"ბოდიში, არ მანაღვლებს, რასიზმში ჩამეთვლება თუ არა, რადგან სიმართლეა, რასაც ვამბობ. ბირკინის ჩანთებმა ღირებულება დაკარგა. მათ City Girls-ის წევრები და ქარდი ატარებენ, ესე იგი ისინი უკვე მარტივად ხელმისაწვდომია. ბირკინი ყოველწლიურად შეზღუდული რაოდენობით მზადდება. უამრავი მილიარდერია, რომლებიც თვეობით და წლობით მომლოდინეთა სიაში არიან, რომ ერთი მაინც მიიღონ. ეს ჩანთები წესით ექსკლუზიურია და მის მოსაპოვებლად მართლაც რაღაცას უნდა წარმოადგენდე მოდის სამყაროში, ანაც საჭირო კავშირები უნდა გქონდეს. ამიტომაცაა, რომ რიანას ისეთი ბირკინის ჩანთა ჰქონდა, რომლის მხოლოდ ორი ეგზემპლარი არსებობს, მეორე ბიონსეს აქვს. ბოდიში, მაგრამ პატარა ჰიპ ჰოპ დუეტს მაიამიდან, რომელსაც ისიც ვერ მოუხერხებია, რომ Vogue-ის გარეკანზე მოხვდეს, ან ჩარტების სათავეში მოექცეს, ნამდვილი ბირკინი ვერ ექნება", - ნათქვამი იყო პოსტში.

ქარდი პოსტს ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში გამოეხმაურა. რეპერმა კომენტარის ავტორი რასიზმში დაადანაშაულა.

"ვნახე - ვიღაცამ მე და სხვა ქალი არტისტები გვახსენა. საუბარი იყო იმაზე, რამდენად შეგვიძლია "ჰერმესის" მაღაზიებში ბირკინის შეძენა, იმასაც აღნიშნავდნენ, თუ როგორ გავაუფასურეთ ეს ჩანთები. პირველ რიგში, გეტყვით, რომ მე მართლაც შემიძლია მათი ყიდვა. დღესაც "ჰერმესიდან" ოთხი ასეთი ჩანთა გამომიგზავნეს. მაინცდამაინც ქალ რეპერებს რატომ ეკითხებით, შეუძლიათ თუ არა ამ ჩანთების მიღება? თეთრკანიანი ცნობილი ადამიანების მიმართ კი ეს კითხვა არ გიჩნდებათ. რა უბედურებაა? საქმის გარჩევის ღირსადაც არ ჩაგთვლით. ჩანთები კი არ გავაუფასურეთ, პირიქით, ღირებულება შევმატეთ", - ამბობს ვიდეოში ქარდი.

ბირკინის ხელჩანთებს სახელი ბრიტანელი მსახიობის, ჯეინ ბირკინის პატივსაცემად ეწოდა. ძვირფასი მასალებისგან შექმნილი ექსკლუზიური მოდელების ფასი 9 000-დან 500 000 აშშ დოლარამდე მერყეობს. გავრცელებული მოსაზრებით, "ჰერმესი" ამ ჩანთებს მხოლოდ განსაკუთრებულ კლიენტებზე ყიდის.

ქარდი ბი ბირკინის ჩანთების კოლექციის ფონზე

ქარდი ბიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს ორმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული