Thumbnail

Adele-ს აფრიკელ მამაკაცებზე არსებული სტერეოტიპების გამყარებაში ადანაშაულებენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ბრიტანელმა პოპვარსკვლავმა, ადელმა ახლახან პოპულარული ამერიკული შოუს Saturday Night Live წამყვანის როლი მოირგო. 32 წლის არტისტი გადაცემაში მონოლოგით გამოვიდა და რამდენიმე სკეტჩშიც მიიღო მონაწილეობა. ერთ-ერთი მათგანს, რომელშიც ის კომიკოს ქეით მაკკინანთან ერთად აფრიკაში მოგზაურობის უპირატესობებზე მოგვითხრობს, საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. 3-წუთიან ვიდეოში ისინი ორმოც წელს გადაცილებულ, განქორწინებულ თეთრკანიან ქალების პაროდირებენ, რომლებიც სექსუალური თავგადასავლებისთვის აფრიკის ოკეანისპირა კურორტებს სტუმრობენ.

ადელის ფიტნეს ინსტრუქტორი საუბრობს, როგორ შეძლო მუსიკოსმა წონაში დაკლება

ადელისა და ქეითის ფონზე თეთრკანიანი ქალებისა და შავკანიანი კაცების წყვილები გადაადგილდებიან, ისინი კი მაყურებლებს მიმართავენ.

"მზე, ოკეანე, მთები და ულამაზესი აფრიკა. დაუვიწყარი თავგადასავლები, ქვიშიანი სანაპიროები და "დიდი ზომის ბამბუკები". კულტურა, გემრიელი სამზარეულო, ღამის ცხოვრება, ადგილობრივი კაცები. განქორწინების შემდეგ ახალი ცხოვრების დაწყება მინდოდა და სად ნახავ ამისთვის უკეთეს ადგილს, თუ არა აქ, სადაც კრისტალივით გამჭვირვალე წყალი, ქვიშიანი სანაპიროები და მაღალი, მაღალი კაცები არიან. და ჰო, კიდევ "ბამბუკები".

სკეტჩის გავრცელების შემდეგ ინტერნეტმომხმარებლებმა დაწერეს, რომ აფრიკული სექს ტურიზმის შესახებ შექმნილი სკეტჩები აფრიკელი კაცების მიმართ არსებული სტერეოტიპების გამყარებას იწვევს. მეორე მხრივ კი, როცა ნიგერიაში პოლიციის მხრიდან ძალადობის წინააღმდეგ დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს უამრავი სიცოცხლე ეწირება, მსგავსი ვიდეოების გავრცელება არაეთიკურია.

"სკეტჩი აფრიკის შესახებ ნამდვილად უადგილო იყო. ნიგერიაში, ნამიბიაში, სამხრეთ აფრიკასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ადამიანები გადარჩენისთვის იბრძვიან და თეთრკანიანი ქალებისთვის ამ კონტინენტის სექსუალური დანიშნულების ადგილამდე დაყვანა სამარცხვინოა", - დაწერა ტვიტერზე გამოცემა Vibe-ის ჟურნალისტმა, შენიქია გოლდინგმა.

"არასდროს მიფიქრია, რომ ადელი შემძულდებოდა და SNL-ის ყურებას შევწყვეტდი. ნამდვილად შეუფერებელი სკეტჩი იყო აფრიკის შესახებ".

"ნუთუ, ჩემმა თვალებმა მართლა ნახა თეთრკანიანი ქალების სკეტჩი, რომლებიც აფრიკას საკუთარი სექსუალური ფანტაზიების დასაკმაყოფილებელ ადგილად წარმოაჩენენ, ამ ყველაფერში კი ადელი მონაწილეობს? მართლა დაუჯერებელია".

"ადელი მაინცდამაინც აფრიკული ტურიზმის შესახებ გადაღებულ სკეტჩში ვერ იკავებს სიცილს, რომელიც საძაგელ რასობრივ სტერეოტიპებზეა დაფუძნებული. ყველას, ვინც ამის შექმნაში მიიღო მონაწილეობა, უნდა რცხვენოდეს", - წერენ ინტერნეტმომხმარებლები.

გადაცემის წარმომადგენლები და ბრიტანელი მუსიკოსი კრიტიკას ჯერჯერობით არ გამოხმაურებიან.

ადელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2006 წელს დაიწყო. 2013 წელს ფილმისთვის Skyfall დაწერილი კომპოზიციისთვის მას ოსკარისა და ოქროს გლობუსი ჯილდოები გადაეცა. 15 გრემის მფლობლ მუსიკოსს კარიერის განმავლობაში 120 მილიონზე მეტი ჩანაწრი აქვს გაყიდული. არტისტს სულ სამი ალბომი აქვს გამოცემული, აქიდან ორმა, "21" და "25" ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. 2012-16 წლებში ჟურნალმა Time ის ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის დაასახელა. პოპვარსკვლავს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Rolling in the Deep, Someone Like You და Hello მოუტანა, სამივე კომპოზიციაზე გადაღებულმა კლიპებმა იუთუბზე მილიარდზე მეტი ნახვები დააგროვეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული