Thumbnail

აშშ-ში 12 წლის რეპერმა ერთი წლის ბავშვს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ტექსასის შტატის ქალაქ ფორტ უორზის სასამართლომ კრიმინალური წარსულის მქონე 12 წლის რეპერს, რომელიც საკუთარ თავს ფსევდონიმებით Lil Rodney, Baby Savage და 30Shotz მოიხსენიებს, შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. არასრულწლოვანს ერთი წლის ბავშვის მკვლელობის მცდელობა ედებოდა ბრალად, რომლის მისამართითაც დაახლოებით ერთი წლის წინ ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. ახალბედა მუსიკოსის თქმით, ის კრიმინალური დაჯგუფება Crips-ის წევრია.

ფლორიდელმა რეპერმა COVID-19-ის სახელმწიფო ფონდიდან მითვისებული ფულით Ferrari იყიდა

სასამართლო სხდომა პროგრამა Zoom-ის საშუალებით ონლაინ რეჟიმში გაიმართა. ცრემლმორეულმა ბრალდებულმა, რომელსაც სასამართლო პრობაციის წესის დარღვევასაც ედავებოდა, მოსამართლე ალექს კიმს კიდევ ერთი შანსის მიცემა სთხოვა.

"იქნებ კიდევ ერთი შანსი მომცეთ. თუ ამ ჯერზეც არ შევასრულებ პირობას, თუ გინდათ, რამდენიმე თვით გამომკეტეთ", - მიმართა მან მოსამართლეს.

ამაზე კი ალექს კიმი პასუხობს, რომ წარსულში ისედაც ბევრი შანსი მისცა და მისი ტყუილებით უკვე დაიღალა.

"როდნი, მართლა დავიღალე შენი ტყუილებით. ყოველ ჯერზე მოდიხარ და ტირი. შენც ხომ იცი, რომ ასეა? სულ ერთ შანსს მთხოვ. ღმერთს იფიცები, რომ ელექტრონულ სამაჯურს არ გადაჭრი და გაქცევას არ შეეცდები. იცი, ბაბუაშენი როგორი ბრძენი კაცია? შენს ყოველ სასამართლო სხდომას ესწრება, რადგან უყვარხარ და შენზე ზრუნავს. შენ კი ფიქრობ, რომ სახლზე უკეთესი ადგილი არსებობს", - მიმართა მას მოსამართლემ, რომლის გადაწყვეტილებითაც ბიჭი 19 წლამდე არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ საპატიმროში იქნება მოთავსებული.

სასამართლო სხდომის სქრინშოთი

აღსანიშნავია, რომ რეპერი წარსულში ხანძრის გაჩენაში მონაწილეობის გამო შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა, ფეხზე მიმაგრებული ელექტრონული სამაჯური გადაჭრა და სახლიდან გაიქცა. მოსამართლის თქმით, შემთხვევიდან რამდენიმე კვირაში ის ინსტაგრამზე პირდაპირი ჩართვისას მარიხუანას მოიხმარდა და იარაღით ხელში ფოტოებს იღებდა. როგორც გამოცემა Dallas Observer წერს, არასრულწლოვანმა სოციალურ ქსელში დაწერა - "შენი დედაც, მოსამართლე კიმ".

ფოტო მოზარდის ინსტაგრამ გვერდიდან

როგორც ბლოგერი სანდრა როუსი წერს, როდნი დედამისმა 16 წლის ასაკში გააჩინა, მამამ კი ისინი მიატოვა. ამის შემდეგ დედა ორჯერ მოხვდა ციხეში. კანონთან პრობლემები შეექმნა მის ძმასაც. ბიჭი ბაბუამ გაზარდა, რომელიც მისი მეურვეა. ახალბედა არტისტი უკვე რამდენიმე წელია, ჰიპ ჰოპ ნამუშევრებს თავის იუთუბ არხზე აქვეყნებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული