Thumbnail

ბრიტნი სპირსის ვიზაჟისტი: ის ვერ აჩენს შვილს, ვერ ქორწინდება შეყვარებულზე

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავის, ბრიტნი სპირსის ვიზაჟისტმა, სახელად მაქსმა ემი ფელდმენისა და მარა ალენის პოდკასტში Calababeses მონაწილეობისას ისაუბრა, რაზე უწევს მომღერალს უარის თქმა სასამართლოს მიერ მისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო. მუსიკოსს არამდგრადი ფსიქიკური მდგომარეობის მიზეზით უკვე 12 წელია, საკუთარი ცხოვრებისა და ქონების განკარგვის უფლება აქვს ჩამორთმეული. მაქსმა ისიც განმარტა, რატომ უჭერს მხარს ბრიტნის თაყვანისმცემლების მიერ წამოწყებულ კამპანიას "თავისუფლება ბრიტნი სპირსს", რომლის მიზანიც 38 წლის არტისტისთვის აღნიშნული შეზღუდვების მოხსნაა.

ბრიტნი სპირსის ვიდეო, რომელმაც მისი თაყვანისმცემლები შეაშფოთა

ბრიტნი სპირსი: მუდმივად კითხვებია - რამ დააბერა ასე? რატომაა ასეთი გამხდარი?

"ყველას, ვისაც გული აქვს, ეს საკითხი ადარდებს ან აინტერესებს მაინც. ის ხომ სულ რამდენიმე წლის წინ ასობით მილიონ დოლარს გამოიმუშავებდა და ლას ვეგასში შოუებს მართავდა. ბრიტნის ისეთი არაფერი დაუშავებია, რომ მის გასაკონტროლებლად მეურვეები დაენიშნათ. მან, უბრალოდ, ერთხელ თმა გადაიპარსა იმის ნიშნად, რომ პაპარაცების თავგასულობა გაეპროტესტებინა. ერთხელ კი შემთხვევით გენიტალია გამოაჩინა ფოტოგრაფების თვალწინ, რასაც დღეს ცნობილი ადამიანები განზრახ აკეთებენ. პირადად მე მგონია, რომ მამამისმა ეს ყველაფერი სათავისოდ გამოიყენა - ყველაფერი ისე გამოიყვანა, თითქოს ბრიტნი ჭკუიდან შეიშალა ან ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული. სხვა ვარსკვლავები ერთხელ, ორჯერ ან მეტჯერ მკურნალობენ სარეაბილიტაციო ცენტრებში და ყველაფერი ამით სრულდება. ზოგი მათგანი 10-12-ჯერაც კი მოხვედრილა მსგავს დაწესებულებებში, მაგრამ მათ მეურვეებს არავინ უნიშნავს და ცხოვრებას ჩვეულებრივად აგრძელებენ", - აღნიშნა მაქსმა.

ვიზაჟისტისვე თქმით, არტისტის შეყვარებულს, 26 წლის სემ ასგარს უსამართლოდ ადანაშაულებენ იმაში, რომ სპირსს ანგარების გამო, ანაც მუსიკოსის მამის, ჯეიმი სპირსის დავალებით ხვდება. მაქსი იმასაც აღნიშნავს, რომ ბრიტნის გადასაწყვეტი რომ იყოს, მას უკვე შვილიც ეყოლებოდა სემისგან და, სავარაუდოდ, დაქორწინდებოდა კიდეც. აღსანიშნავია, რომ წყვილის ურთიერთობა უკვე ოთხი წელია, გრძელდება.

"ბრიტნიმ ორჯერ გადამიხადა მადლობა იმისთვის, რომ ისეთი ადამიანი გავაცანი, რომელიც მის ცხოვრებაში საუკეთესო ბოიფრენდი აღმოჩნდა. სემი მასზე ახალგაზრდაა და ხალხი თვლის, რომ ბრიტნის იყენებს, მაგრამ ის მანამდეც თავისზე უფროს ქალებს ხვდებოდა. ბრიტნის სემის, შვილების და დამლაგებლის გარდა არავინ ჰყავს გვერდით. სემის გამოჩენა ყველაზე კარგი რამაა, რაც მას ბოლო წლებში თავს გადახდენია. შემიძლია, გითხრათ, რომ დღემდე სხვისი გადასაწყვეტია, გააჩენს თუ არა ბრიტნი შვილს, შექმნის თუ არა ოჯახს და ვის დაუმეგობრდება. დეტალებს ვერ ჩავუღრმავდები, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია, ვთქვა, მას უკვე ეყოლებოდა პატარა. სავარაუდოდ, სემზე დაქორწინდებოდა კიდეც და დიდი სამეგობრო წრეც ეყოლებოდა გვერდით", - განაცხადა მაქსმა ქვემოთ მოცემული ვიდეოს 14:28 წუთზე.

მუსიკოსი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პირველად 2007 წელს მოხვდა. მამასა და ადვოკატს მისი ქონების, შემოსავლებისა და სხვა აქტივების განკარგვის უფლება 2008 წელს მიენიჭათ. შარშან ცნობილი გახდა, რომ ჯეიმი სპირსი შვილს პერსონალურ მწვრთნელ, სემ ასგარისთან დაქორწინების უფლებას არ აძლევდა. აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალს შვილებზე მეურვეობის უფლება შეეზღუდა.

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული