Thumbnail

ქალი მუსიკოსი, რომლისთვისაც Aerosmith-ის I Don’t Wanna Miss a Thing დაიწერა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილი ფილმის, Armageddon-ის საუნდტრეკი I Don’t Wanna Miss a Thing ლეგენდარული ამერიკული კოლექტივის, Aerosmith-ის ერთადერთი ჰიტია, რომელმაც ბილბორდის ცხელ ასეულში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. როგორც სიმღერის ავტორი, ცნობილი ამერიკელი სონგრაითერი, დაიან უორენი ბრიტანულ ჟურნალთან ShortList ინტერვიუში აღნიშნავდა, მას ვერ წარმოედგინა, რომ ეს ნამუშევარი როკ ჟღერადობას შეიძენდა, რადგან სიმღერა ისეთ პოპ ვოკალისტზე იყო გათვლილი, როგორიც სელინ დიონია.

ნახეთ: Aerosmith-ის პერფორმანსი Run-DMC-ის მონაწილეობით

“სტივენ ტაილერმა ეს სიმღერა სულ სხვანაირი გახადა. წერის პროცესში ქალის შესრულებით წარმომედგინა - ვფიქრობდი, რომ ის სელინ დიონს ან ვინმე მის მსგავსს დარჩებოდა. სელინი შესანიშნავი ვოკალისტია, მაგრამ ბევრად უფრო მაგარია, როცა სტივენ ტაილერის მსგავსი კუშტი, მაჩო როკვარსკვლავი მღერის. ამ საოცრად მაგარი შესრულებით ჩანაწერის ტექსტი სულ სხვა საფეხურზე ავიდა. არ მგონია, რომ ის ასეთივე ჰიტი გახდებოდა, სტივენს რომ არ ემღერა. მან თავისი არაჩვეულებრივი ვოკალური ტექნიკა გამოიყენა, განსაკუთრებით სიმღერის ბოლოში. ჩემი აზრით, ეს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო შესრულებაა", - ამბობდა უორენი.

როგორც ონლაინ გამოცემა Mental Floss წერს, ფილმისთვის, რომელშიც სტივენის შვილი, მსახიობი ლივ ტაილერი მონაწილეობს, "აეროსმიტს" სიმღერა თავად უნდა დაეწერა, თუმცა, დრო არ ითმენდა, მათ კი შესაფერისი მელოდია ჯერაც არ ჰქონდათ მოფიქრებული. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა, რომ ჯგუფი დაიან უორენის ნამუშევარს ჩაწერდა.

"როცა დემო ვერსია მოვისმინე, რომელზეც მხოლოდ ფორტეპიანო და ვოკალი იყო ჩაწერილი, ძნელად წარმომედგინა, რა შეიძლებოდა, გაეკეთებინა მისგან "აეროსმიტს", ეს სიმღერა თავის სტილში რომ მოექცია. თუმცა, როგორც კი დაკვრა დავიწყეთ, ის წამიერად იქცა "აეროსმიტის" კომპოზიციად", - ამბობდა კოლექტივის დრამერი, ჯოუი კრამერი.

აღსანიშნავია, რომ I Don’t Wanna Miss a Thing-ის გარდა, 1998 წელს გამოსულ ფილმში ჯგუფი საავტორო კომპოზიციებთან What Kind of Love Are You On და Sweet Emotion ერთად, ასევე ასრულებს ლეგენდარული The Beatles-ის სიმღერას Come Together.

"აეროსმიტი" ქალაქ ბოსტონში 1970 წელს შეიქმნა და სამი წლის შემდეგ ბენდის სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი გაავრცელა. მუსიკოსებს კარიერის განმავლობაში 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვთ გაყიდული. 4 გრემის მფლობელმა ჯგუფმა ბოლო სტუდიური ნამუშევარი Music from Another Dimension! 2012 წელს გაავრცელა. 2018 წლის 5 მაისს კი "აეროსმიტმა" მსოფლიო ტურნე Aero-Vederci Baby! გამართა, რომლის ფარგლებშიც კონცერტი შეკვეთილშიც ჩატარდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული