Thumbnail

ნახეთ: პირველი კადრები ბილი აილიშის ონლაინ კონცერტიდან WHERE DO WE GO?

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა 24 ოქტომბერს ონლაინ კონცერტი WHERE DO WE GO? გამართა. 18 წლის არტისტმა თაყვანისმცემლებს ვიზუალური ეფექტებით დატვირთული სანახაობა შესთავაზა, რომლის ერთ-ერთი შემოქმედებითი ხელმძღვანელიც თავად იყო. 55-წუთიანი შოუს მიმდინარეობისას ბილიმ, სადებიუტო სტუდიურ ნამუშევარში When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესულ ჰიტებთან ერთად, ალბომის განახლებულ ვერსიაში წარმოდგენილი ტრეკი Everything I Wanted და 2020 წელს გამოშვებული კომპოზიციები My Future და No Time to Die იმღერა. ჯერჯერობით უცნობია, როდის გავრცელდება კონცერტის სრული ჩანაწერი.

ბილი აილიში და მისი თაყვანისმცემლები ვერ თანხმდებიან, რა ფერისაა ფეხსაცმელი

ბილი აილიშის ფანები მის გარეგნობასთან დაკავშირებულმა კრიტიკამ გააღიზიანა

ბილი აილიშმა გაიხსენა, როგორ დაწერა ჯეიმს ბონდის ფილმისთვის საუნდტრეკი

სიმღერის You Should See Me In A Crown შესრულებისას ეკრანზე გიგანტური ობობის გამოსახულება გამოჩნდა.

კომპოზიციის ilomilo წარმოდგენის დროს კი წყალქვეშა სამყაროში მყოფ მომღერალს უზარმაზარი ზვიგენი "დაესხა თავს".

ბილიმ და მისმა ძმამ, ფინიას ო'კონელმა ასევე გოგონას სადებიუტო ალბომში შესული სიმღერა I Love You შეასრულეს.

ხოლო მაშინ, როცა ბილი კომპოზიციას All The Good Girls Go To Hell მღეროდა, ნაპირზე გამორიყული დელფინების, ნარჩენებით დაბინძურებული ოკეანისა და ტყის ხანძრების ფონზე მდგომმა არტისტმა თაყვანისმცემლებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი პლანეტა გარემოს დაცვის მიმართულებით.

"მკვდარ პლანეტაზე აღარც მუსიკა იარსებებს", - აღნიშნა მან.

შოუს მუსიკალური ნაწილის დაწყებამდე კი ეკრანზე რამდენიმეწუთიანი ვიდეო გავიდა, რომელშიც მუსიკოსმა თაყვანისმცემლებს კითხვები დაუსვა:

"რამდენი წლის იყო ბილი, როცა თმა პირველად შეიღება?".
"რომელი თავშესაფრიდან აიყვანა ბილიმ თავისი ძაღლი?".
"სად გამართა ბილიმ უკანასკნელი შოუ კორონავირუსის გავრცელებამდე?".

კონცერტის შემდეგ გოგონამ ინსტაგრამის სთორიში სახალისო ფოტოც გაავრცელა, რომელშიც ჩანს, როგორ ადევნებდა თვალს შოუს მისი ძაღლი.

"მოსაცდელი ოთახიდან დედას უყურებს", - დაწერა ბილიმ.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მეხუთე გრემი მან საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის ნომინაციაში დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული