Thumbnail

Busta Rhymes-მა გაიხსენა, რომ ერთხელ 2Pac ხმის ინჟინერს ახრჩობდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ვეტერანი ბრუკლინელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ტრევორ სმიტ უმცროსი, ფსევდონიმით Busta Rhymes, რეპერ Fat Joe-ს გადაცემაში ინსტაგრამის პირდაპირი ეთერის საშუალებით ჩაერთო. სხვადასხვა თემაზე საუბრისას, რეპერმა გაიხსენა ისტორია, როდესაც ლეგენდარული მუსიკოსი, თუფაქ შაკური ხმის ინჟინერს დაუპირისპირდა.

► ნახეთ: Busta Rhymes x Anderson .Paak - YUUUU

"მე და თუფაქი საუნდის შესამოწმებლად ვემზადებოდით, თუმცა, ხმის ინჟინერი არაადეკვატურად იქცეოდა. ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ წასასვლელად ემზადებოდა. ვუხსნიდით, რომ საუნდჩეკი აუცილებლად უნდა დაგვესრულებინა. თუფაქი მასთან მივიდა და მკაცრად უთხრა, რომ საქმე გაეკეთებინა. გაბრაზდა და ყვირილიც დაიწყო, ინჟინერი მას მაინც არ უსმენდა. ამის შემდეგ თუფაქი მივარდა, აგინა და ყელში ხელი წაუჭირა. მივცვივდით, გამოვიყვანეთ და დავაწყნარეთ. იმ კაცს კი ავუხსენით, რომ მასთან დაპირისპირება არ გვსურდა და, უბრალოდ, ვითხოვდით იმის გაკეთებას, რაც მას ევალებოდა", - იხსენებს ბასთა რაიმსი, რომელიც იმ დროს ჰიპ ჰოპ გაერთიანებაში Leaders of the New School წევრიანდებოდა.

ბასთა რაიმსმა მუსიკალური მოღვაწეობა 1989 წელს დაიწყო. ის ნიუ იორკული ჰიპ ჰოპის ლეგენდარული წარმომადგენელია. რეპერი ფართო საზოგადოებამ გაერთიანებიდან Leaders Of The New School გაიცნო. ჯგუფმა სულ ორი ალბომი გამოუშვა, თითოეულმა მათგანმა მსმენელის მოწონება დაიმსახურა. ბრუკლინელი ემსის სოლო დისკოგრაფიაში 9 ალბომი, 3 კომპილაციური ალბომი და 7 მიქსტეიპი ერთიანდება. ციფრულმა პლატფორმამ About.com და გავლენიანმა გამოცემამ The Source ტრევორი ყველა დროის 50 რეპერს შორის დაასახელეს.

თუფაქი ჰიპ ჰოპის ერთ-ერთ უდიდეს ფიგურად მიიჩნევა. ემინემის კვალდაკვალ, მუსიკოსი რიგით მეორე ყველაზე გაყიდვადი რეპერია. 1996 წლის 7 სექტემბერს არტისტი ლას ვეგასში, მანქანაში ჩაცხრილეს. 13 სექტემბერს ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. დანაშაული კი დღემდე გაუხსნელია. 2017 წელს შემსრულებელი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული