Thumbnail

დამწყები მუსიკალური კოლექტივის მიერ პოპულარობის მოპოვებაში სწორად შერჩეული სახელწოდება ძალზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თუმცა, დღეს უკვე ყველასთვის კარგად ცნობილი მუსიკოსები კარიერის ადრეულ ეტაპზე დიდი ფანტაზიით არ გამოირჩეოდნენ და საკუთარ ჯგუფებსაც არცთუ შთამბეჭდავ სახელებს არქმევდნენ. ისეთს, რომ არ შეეცვალათ, ალბათ, ვერასდროს რომ აღმოჩნდებოდნენ ჩარტების მოწინავე პოზიციებზე.

ჩვენს სტატიაში სწორედ ასეთ ათ შემთხვევას წარმოგიდგენთ.

10. Third World War ⇒ AC/DC

ანგუს და მალკოლმ იანგების მიერ დაარსებულ კოლექტივს ასეთი წარმატების მიღწევა ნამდვილად გაუჭირდებოდა, თავდაპირველი სახელწოდება Third World War რომ არ გამოეცვალათ. ბენდის თანამედროვე სახელის წარმოშობის ამბავს ძმები განსხვავებულად ჰყვებიან. ანგუსის თანახმად, წარწერა AC/DC მათ საკერავ მანქანაზე შენიშნეს, მალკოლმის მიხედვით კი - მტვერსასრუტზე.

9. Polka Tulk Blues Band ⇒ Black Sabbath

იმ პირქუში, აპოკალიპტური ჟღერადობის გათვალისწინებით, რომელიც Black Sabbath-თან ასოცირდება, რთულად დასაჯერებელიცაა, რომ საკულტო კოლექტივს ოდესღაც Polka Tulk Blues Band ერქვა. ამ სახელწოდების ზუსტი წარმომავლობა უცნობია. ზოგი მას ტალკის ფხვნილის მწარმოებელ კომპანიას, ზოგი კი - აზიური ტანსაცმლის მაღაზიას უკავშირებს.

8. On A Friday ⇒ Radiohead

ტომ იორკი და მისი მეგობრები კარიერის დასაწყისში სარეპეტიციოდ პარასკევობით იკრიბებოდნენ, რის გამოც კოლექტივს On A Friday დაარქვეს. თუმცა, ხმის ჩამწერ სტუდიასთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ლეიბლმა გასაგები მიზეზების გამო ჯგუფს სახელი დაუწუნა, ბიჭებმა კი ახალი სახელწოდება Talking Heads-ის კომპოზიციიდან Radio Head ისესხეს.

7. Angel and the Snake ⇒ Blondie

ამერიკული ნიუ ვეივ კოლექტივის წევრები დროულად მიხვდნენ, რომ Angel and the Snake-ით წარმატების მიღწევა გაუჭირდებოდათ და ამ სახელწოდებით მხოლოდ ორი კონცერტი ჩაატარეს. ბენდის ახალი სახელი Blondie კი ჯგუფის ვოკალისტის, დები ჰარის გარეგნობითა და იმიჯით იყო განპირობებული.

6. Tom & Jerry ⇒ Simon & Garfunkel

ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ Simon & Garfunkel-ის მელანქოლიურ, დრამატიზმითა და უსაშველო სევდით აღსავსე ალბომებს ავტორის გრაფაში წარწერა Tom & Jerry მაინც და მაინც არ მოუხდებოდა. ყველასთვის საბედნიეროდ, პოლ საიმონისა და არტ გარფანკელის დუეტმა სახელწოდება პირველი კონტრაქტის გაფორმებიდან მცირე ხანში შეიცვალა.

5. Sigma 6 ⇒ Pink Floyd

ლეგენდარული ბრიტანული როკ კოლექტივის, Pink Floyd-ის თავდაპირველი სახელწოდება Sigma 6 იყო, რომელიც მუსიკოსებმა კარიერის საწყის ეტაპზე ერთიმეორეზე უარესი სახელებით - The Meggadeaths, The Abdabs, The Screaming Abdabs, Leonard's Lodgers და The Tea Set რამდენჯერმე ჩაანაცვლეს.

4. The Obelisk ⇒ The Cure

ბრიტანული პოსტ პანკ კოლექტივის წევრებმა ერთმანეთი სკოლაში სწავლისას გაიცნეს, მათ მიერ ჩამოყალიბებულ ჯგუფს კი თავდაპირველად The Obelisk ერქვა. მოგვიანებით, მუსიკოსებმა ეს არცთუ შთამბეჭდავი სახელი Easy Cure-ით ჩაანაცვლეს, მცირე ხანში კი სახელწოდებას პირველი სიტყვაც დააკლდა.

3. Feedback ⇒ U2

ირლანდიური როკ ბენდის თავდაპირველი სახელი Feedback იყო, რომელიც მოგვიანებით არანაკლებ უინტერესო The Hype-მა ჩაანაცვლა. საბოლოოდ, მუსიკოსებს მათმა მეგობარმა, სტივ ავერილმა ჯგუფის მოსანათლად სახელწოდების ექვსი ახალი ვერსია შესთავაზა, რომელთგან არჩევანი U2-ზე შეაჩერეს.

2. Tony Flow and the Miraculously Majestic Masters of Mayhem ⇒ Red Hot Chili Peppers

არცთუ ხშირია შემთხვევა, როდესაც ბენდის სახელწოდებაში ასოების რაოდენობა თითქმის ორჯერ აღემატება კონცერტზე დამსწრეთა რიცხვს. ერთ-ერთი ასეთი კალიფორნიული კოლექტივის Red Hot Chili Peppers პირველი პერფორმანსი იყო. ჯგუფის მაშინდელი სახელი Tony Flow and the Miraculously Majestic Masters of Mayhem გახლდათ, ღონისძიებას კი სულ რაღაც 30 ადამიანი ესწრებოდა.

1. Mookie Blaylock ⇒ Pearl Jam

გრანჟის დიდი ოთხეულის წარმომადგენლებმა კარიერის საწყის ეტაპზე ჯგუფს Mookie Blaylock კალათბურთელ დარონ "მუკი" ბლეილოკის პატივსაცემად დაარქვეს. ყველასთვის კარგად ცნობილი სახელწოდება კი კოლექტივს მისი ფრონტმენის, ედი ვედერის ბებიის, ფერლისა და ამ უკანასკნელის საფირმო, ჰალუცინოგენი კაქტუსით გაზავებული ჯემების გამო უწოდეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული