Thumbnail

ნახეთ: Aphex Twin და კომპანია Novation სინთეზატორს გამოუშვებენ

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარულმა ინგლისელმა არტისტმა, რიჩარდ ჯეიმსმა, სასცენო სახელით Aphex Twin, მუსიკალური ინსტრუმენტების მწარმოებელ კომპანია Novation-თან ერთად ახალი სინთეზატორის The AFX Station დიზაინზე იმუშავა. ინსტრუმენტი გაყიდვაში ახლო მომავალში ჩაეშვება.

მოუსმინეთ: Aphex Twin-მა ჩანაწერი Collapse გამოუშვა

The AFX Station კლასიკური სინთეზატორის, Bass Station II-ის განახლებული ვერსიაა, რომელზეც ინოვაციური პროგრამა AFX Mode წინასწარ იქნება ჩაწერილი. მისი დახმარებით სინთეზატორის თითოეული კლავიშის ინდივიდუალურად მოდიფიცირებაა შესაძლებელი. მას თან 128 ახალი პატჩი და შვიდი აუდიოპრესეტი ახლავს, რომლებზეც ისეთმა არტისტებმა იმუშავეს, როგორებიც არიან: Noyze Lab, Perplex On, Richard Devine, r beny და Lightbath.

ინსტრუმენტის სარეკლამო ვიდეორგოლი მაყურებლებს აფრთხილებს, რომ ფოტოსენსიტიური ეპილეფსიისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის ვიდეოს ყურება რეკომენდირებული არ არის.

Aphex Twin თანამედროვე ელექტრონულ მუსიკაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან არტისტად ითვლება. მან მოღვაწეობა ეისიდ ტექნოს ჟანრში დაიწყო. 1992 წელს კი სადებიუტო ალბომი Selected Ambient Works 85–92 გამოუშვა, რომელმაც მელომანთა და კრიტიკოსთა აღიარება მოუტანა.

1997 წელს გავრცელებულმა EP-მ Come to Daddy და 1999 წლის სინგლმა Windowlicker მუსიკოსი მსმენელთა ფართო მასებს გააცნო. 2001 წელს ჩაწერილი Drukqs-ის შემდეგ, არტისტს Aphex Twin-ის სახელით სტუდიური ალბომი არ გამოუცია. თუმცა, 2014 წელს ის თაყვანისმცემლებს ახალი ნამუშევრით Syro დაუბრუნდა, რომელმაც საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ალბომის ნომინაციაში გრემის ჯილდო მოიპოვა. 2018 წლის 14 სექტემბერს კი მუსიკოსმა EP სახელად Collapse გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული