Thumbnail

ბრიტნი სპირსის ვიდეო, რომელმაც მისი თაყვანისმცემლები შეაშფოთა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავის, ბრიტნი სპირსის თაყვანისმცემლები მუსიკოსის მდგომარეობამ კიდევ ერთხელ მას შემდეგ შეაშფოთა, რაც 38 წლის არტისტმა ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მადონას კომპოზიციაზე Justify My Love ცეკვავს. ბრიტნი სხვადასხვა შემსრულებლის სიმღერებზე დადგმულ ქორეოგრაფიულ პერფორმანსებს ხშირად უზიარებს გამომწერებს, თუმცა, ამჯერად მას პოსტის წაშლა მოუხდა, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, სოციალური ქსელის მომხმარებლების გამოხმაურება გახდა.

ბრიტნი სპირსი: მუდმივად კითხვებია - რამ დააბერა ასე? რატომაა ასეთი გამხდარი?

ნახეთ: ბრიტნი სპირსი ბილი აილიშის ჰიტზე Bury a Friend ცეკვავს

"როგორც წესი, ასე შეკრული თმით არ ვცეკვავ ხოლმე... თმის სამაგრი არ მაქვს, მაგრამ როგორღაც შევიკარი. ნახეთ, თმა არ მეშლება", - ასათაურებდა ის პოსტს.

ვიდეოს კომენტარებში კი ბრიტნის თაყვანისმცემლებმა დაწერეს:

"სად არის ამ დროს მისი ოჯახი... ცხადია, რომ ბრიტნი კარგად ვერ არის და ასეთი ვიდეოების გამოქვეყნებას აგრძელებს".

"ბრიტნი, ჩვენც შენსავით დავიბენით და არაკომფორტულ სიტუაციაში ვართ".

"აშკარად პრობლემები აქვს".

"სჯობდა, ეს არ მენახა. რა უხერხულია".

"შეშფოთებული ვარ".

თაყვანისმცემლებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც თავიანთი კერპის ცეკვა მოიწონეს:

"ისევ ახალგაზრდულად გამოიყურება. თითქოს 2004 წელია, ბრიტნის პოპულარობის ხანა. არ ბერდება".

"მადლობა, დედოფალო, რომ ვიდეოს გვიზიარებ".

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული