Thumbnail

ქენდრიქ ლამარმა განმარტა, თუ რატომ სჭირდება ალბომების შესაქმნელად დიდი დრო

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჟურნალ i-D-ის ახალი ნომრის სტუმრები თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, ქენდრიქ ლამარი და მისი ბიძაშვილი, ახალბედა რეპერი, ჰაკიმ ჯამალ კარტერი, ფსევდონიმით Baby Keem არიან. ქენდრიქი საზოგადოების წინაშე მხოლოდ მაშინ ჩნდება, როდესაც ნამუშევრების გავრცელებას აპირებს. ამიტომაც, მის თაყვანისმცემლებს გაუჩნდათ მოლოდინი, რომ მალე თავიანთი საყვარელი შემსრულებლის ახალ კომპოზიციებს მოისმენენ.

ქენდრიქ ლამარმა ახალ ალბომში შესაძლოა, როკის ელემენტები გამოიყენოს

არტისტებმა ერთმანეთთან დიალოგში გაამხილეს, რომ 2020 წელს ახალი ალბომების გავრცელებას აპირებდნენ, მაგრამ კორონავირუსიის პანდემიამ მათ ხელი შეუშალა. ამასთან, ქენდრიქმა, რომელსაც ჩანაწერები რამდენიმეწლიანი შუალედებით აქვს გამოცემული, განმარტა, რა აყოვნებს სტუდიური ნამუშევრის შექმნისას.

"მთელი წელი ახალი ჟღერადობის მიგნებასა და ფიქრში გავატარე. სწორედ ეს მაყოვნებს. არ შემიძლია, გამუდმებით ერთი და იგივე საუნდი შევქმნა. მინდა, რომ საკუთარმა ჩანაწერმა აღმაფრთოვანოს", - განაცხადა რეპერმა.

აღსანიშნავია, რომ ქენდრიქისა და პროდიუსერ დეივ ფრის მიერ 2019 წელს დაარსებულ მედიაპლატფორმაზე pgLang, რომელიც ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს საკუთარი ნამუშევრების გავრცელების საშუალებას აძლევს, ახალი ვიდეო გამოქვეყნდა. მასში სწორედ ბეიბი ქიმი და ქენდრიქი მონაწილეობენ. 01:30 წამზე უცნობი კომპოზიციის ნაწყვეტი ჟღერს, რომელიც, დიდი ალბათობით, ქიმს ან თავად ქენდრიქს ეკუთვნის.

ქენდრიქ ლამარმა მუსიკალური კარიერა 2004 წელს დაიწყო. თუმცა, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2012 წელს გავრცელებული ნამუშევრით Good Kid, M.A.A.D City გახდა. მისი დისკოგრაფია კომერციულად წარმატებულ 4 სტუდიურ ალბომსა და რამდენიმე ხარისხიან პროექტს აერთიანებს. მსოფლიო მასშტაბით, არტისტის ჩანაწერების 10 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული.

ქენდრიქის მიერ 2017 წელს გავრცელებულმა ბოლო ალბომმა DAMN. მას არნახული წარმატება მოუტანა. მსოფლიო მასშტაბით ნამუშევრის 5 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. სხვა ჯილდოებთან ერთად, ჩანაწერმა გრემიზე წლის საუკეთესო რეპ ალბომის ნომინაციაში გაიმარჯვა. ამასთან, ხსენებული ნამუშევრისთვის კომპტონელმა ემსიმ პულიცერის პრემია დაიმსახურა. ლამარი პირველი რეპერია, რომელმაც მსგავს წარმატებას მიაღწია. აქამდე, პულიცერის ისტორიაში, მხოლოდ ჯაზისა და კლასიკური მუსიკის შემსრულებლები იმარჯვებდნენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული