Thumbnail

ნახეთ: ემინემის გამოსვლის ყველაზე ადრეული ვიდეოჩანაწერი

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ეპოქალურ ჰიპ ჰოპ არტისტ მარშალ მეზერსს, ფსევდონიმით Eminem, ახლახან 48 წელი შეუსრულდა. დეტროიტელი ემსი სცენაზე 1988 წლიდან დგას და ამ ხნის განმავლობაში ჟანრის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად ჩამოყალიბდა. ტექსტების წერისა და რეჩიტატივის კითხვის უნიკალური მანერის მიღმა, ემინემმა აფროამერიკელთა მუსიკალურ ჟანრში გამეფებული არაერთი სტერეოტიპი დაამსხვრია, მსოფლიო მასშტაბით 220 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა, მოიპოვა არაერთი პრესტიჟული ჯილდო, მათ შორის 15 გრემი და ოსკარი.

ფავორიტი კომპოზიცია, საყვარელი სპორტი - ემინემმა მსმენელების კითხვებს უპასუხა

ნახეთ: ემინემისა და Royce Da 5'9"-ის 1999 წლის კონცერტის ვიდეოჩანაწერი გავრცელდა

დეტროიტელი რეპერის იუბილესთან დაკავშირებით არაერთმა გამოცემამ მუსიკოსისადმი მიძღვნილი სტატიები გამოაქვეყნა, მათ შორის გაიხსენეს ემინემის გამოსვლის ყველაზე ძველი ჩანაწერი, რომელიც 1996 წლით თარიღდება.

ლაივი არტისტის მშობლიურ ქალაქში გაიმართა. ფართო საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობი ემინემი მაყურებლის წინაშე ჯგუფ D12-ის წევრებთან ერთად წარდგა. 4-წუთიან ვიდეოში მარშალი კომპოზიციას Low Down, Dirty ასრულებს, რომელიც მუსიკოსის სტუდიურ ჩანაწერში Slim Shady EP არის წარმოდგენილი.

ემინემა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1988 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ლეიბლში Interscope Records გაწევრიანების შემდეგ გახდა, როდესაც 1999 წელს კომერციულად წარმატებული სტუდიური ნამუშევარი The Slim Shady LP გამოუშვა. 2002 წელს მუსიკოსმა ოსკარის დაჯილდოებაზე ნომინაციაში "წლის საუკეთესო საუნდტრეკი" კომპოზიციით Lose Yourself გაიმარჯვა. ჩანაწერი მის ბიოგრაფიულ ფილმში 8 Mile შევიდა. ემინემი პირველი რეპერი გახდა, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია.

ემინემის მეცხრე ალბომი Revival, რომელიც 2017 წლის დეკემბერში გამოვიდა, კომერციულად წარუმატებელი გამოდგა. 2018 წლის 31 აგვისტოს კი მუსიკოსმა ყოველგვარი ანონსისა და პრომოუშენის გარეშე ახალი სტუდიური ჩანაწერი Kamikaze გაავრცელა. გამოსვლიდან ერთ კვირაში მსმენელებმა ნამუშევრის 434,000-ზე მეტი ეგზემპლარი შეიძინეს, რამაც ალბომი ბილბორდის ჩარტის პირველ პოზიციაზე მოახვედრა. 2020 წლის იანვარში მარშალმა ახალი ალბომი Music To Be Murdered By ყოველგვარი ანონსისა და პრომოუშენის გარეშე გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული