Thumbnail

ჯენიფერ ლოპესი სიმღერის Lonely ტექსტის გამო გააკრიტიკეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავი, ჯენიფერ ლოპესი ცნობილ კოლუმბიელ არტისტ მალუმასთან ერთად გავრცელებული კომპოზიციის Lonely ტექსტის გამო გააკრიტიკეს. ინტერნეტმომხმარებელთა გაღიზიანება სიმღერის იმ მონაკვეთმა გამოიწვია, რომელშიც ჯეილო საკუთარ თავს შავკანიან გოგონად (Negrita) მოიხსენიებს.

მერაია ქერი თავის მემუარებში იხსენებს, რა ეწყინა ჯენიფერ ლოპესისგან

ნახეთ: ჯენიფერ ლოპესმა და მალუმამ კლიპი Pa Ti + Lonely გაავრცელეს

"Siempre serás tu negrita del Bronx".
"მე ყოველთვის შენი პატარა, შავკანიანი გოგონა ვიქნები ბრონქსიდან", - მღერის მუსიკოსი ესპანურ ენაზე.

ფრაზამ ინტერნეტმომხმარებლებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ზოგიერთი მათგანისთვის სიტყვა Negrita მიუღებელი აღმოჩნდა.

"გთხოვთ, ვინმემ მითხარით, რომ ეს რეალობა არ არის".

"ეს იმაზე უარესი შემთხვევაა, როცა ალეხანდრო სანსმა სიმღერაში La Tortura შაკირას Negra დაუძახა".

"Morenita/negrita იმ ქალების მიმართ გამოიყენება, რომლებსაც მუქი კანი აქვთ. ჯეილო კი ძალიან თეთრია. ვერ გამიგია, რატომ უნდა ეთქვა ეს".

"ჩემი აზრით, რეალური პრობლემა იმაშია, რომ მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში მას აფრიკულ ფესვებზე პრეტენზია არ გამოუთქვამს, ახლა კი ამის გაკეთებას ცდილობს. არც კი გაიხსენოთ სიმღერა I'm Real, ყველამ ვიცით, რომ მასში Ashanti მონაწილეობს, რომელიც შავკანიანია".

"ჩემი აზრით, ამას ფართომასშტაბიანი დისკუსია უნდა მოჰყვეს - რატომ ჰგონიათ შავკანიანებს შორის გაზრდილ ლათინოამერიკელებს, რომ ასეთი რაღაცების თქმის უფლება აქვთ".

ესპანურენოვანმა ინტერნეტმომხმარებლებმა კი განმარტეს, რომ Negra მიმართვის მოფერებითი ფორმაა, რომელთანაც ბოლოსართი ita/ito კიდევ უფრო უშუალო დამოკიდებულების ხაზგასასმელად გამოიყენება და იმის მიუხედავად, რომ სიტყვა ნი***ს მსგავსად გამოითქმის, რასისტულ მნიშვნელობას მოკლებულია.

"აშშ-ში გაზრდილ ლათინოებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ლათინურ ამერიკაში ტერმინს negra/o მეგობრებს ვეძახით. ხალხმა უნდა შეიგნოს, რომ ყველაფერი შეერთებულ შტატებში არსებული კულტურის ირგვლივ არ ტრიალებს".

"სხვების კულტურას უკეთ გაეცანით, მანამ ვინმეს გადაუვლით. მაგალითად, პუერტორიკოში სიტყვით negrita, ზოგადად, ქალებს მივმართავთ, არ არის აუცილებელი, მუქი კანი გქონდეს. ბაბუაჩემი სულ ასე მეძახის, მაგრამ მუქკანიანი არ ვარ".

"არ არსებობს ცნება "თეთრი ლათინოამერიკელი", - წერენ ტვიტერის მომხმარებლები.

ჯეილომ და მალუმამ Lonely სექტემბერში კომპოზიცია Pa Ti-სთან ერთად გამოუშვეს. ორივე ნამუშევარი ამერიკული კომედიური მელოდრამის Marry Me საუნდტრეკები იქნება. ფილმის პრემიერა 2021 წელს იგეგმება. მუსიკოსებმა ხსენებულ სიმღერებზე შექმნილი ორნაწილიანი კლიპიც გაავრცელეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული