Thumbnail

ამერიკული ხმის ჩამწერი აკადემიის ჯილდოს, გრემის სამოცდაორწლიან ისტორიას არაერთი უსამართლო, იმედგამაცრუებელი თუ ყოველგვარი ლოგიკის მიღმა მდგომი გადაწყვეტილება ახსოვს. მათ შორის ზოგი იმდენად აბსურდული გახლდათ, რომ თავად გამარჯვებულმა არტისტებმაც კი უხერხულად იგრძნეს თავი.

ჩვენს დღევანდელ სტატიაში სწორედ გრემის ისტორიაში ათი ყველაზე უსამართლო გამარჯვების შესახებ ვისაუბრებთ.

10. Ed Sheeran - Thinking Out Loud (2016)

2016 წელს საუკეთესო კომპოზიციის კატეგორიაში ბრიტანელი შემსრულებლის, ედ შირანის სიმღერის Thinking Out Loud გამარჯვება ერთ-ერთია იმ ათეულობით შემთხვევიდან, როდესაც აკადემიამ ნამუშევრის შეფასების მთავარ კრიტერიუმად მხოლოდ მისი პოპულარობა აიღო. არადა, ნომინანტებს შორის თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ჰიპ ჰოპ არტისტის, ქენდრიქ ლამარის გაცილებით ხარისხიანი ჩანაწერი Alright იყო. წმინდა მუსიკალურ ღირსებებზე საუბარს რომ თავი დავანებოთ, ანტირასისტული საპროტესტო მოძრაობების ჰიმნად ქცეული ეს ტრეკი გამორჩევას ღრმა შინაარსისა და უკომპრომისობის გამოც იმსახურებდა.

9. Lionel Richie - Can't Slow Down (1985)

გრემის რიგით 27-ე ცერემონიაზე წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციაზე წარდგენილ ნამუშებრებს შორის ერთ-ერთი გენიალური ამერიკული არტისტის, პრინსის შემოქმედების მაგნუმ ოპუსი Purple Rain გახლდათ, რომელსაც კონკურენციას ბრიუს სპრინგსტინის საკულტო ჩანაწერი Born in the U.S.A. უწევდა. მათ ფონზე კი გამარჯვება ალბომით Can't Slow Down ლაიონელ რიჩიმ მოიპოვა. ეს უკანასკნელი ნამდვილად ნიჭიერი ვოკალისტია და პრეტენზიები არც მის მიერ მაღალ დონეზე შესრულებულ, უწყინარ სასიყვარულო ბალადებთან აქვს ვინმეს, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ რიჩი ჯილდოს თავის კოლეგებთან შედარებით ნაკლებად იმსახურებდა.

8. Baha Men - Who Let the Dogs Out (2001)

აკადემიის წევრების მიერ 2001 წელს გაკეთებული ეს არჩევანი მათ კომპეტენციას, რბილად რომ ვთქვათ, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. გრემის დაჯილდოების 43-ე ცერემონიაზე საუკეთესო საცეკვაო კომპოზიციის კატეგორიაში პოპულარული მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე უხარისხო ტრეკმა, ჯგუფის Baha Men-ის ჩანაწერმა Who Let the Dogs Out გაიმარჯვა, რომლის სერიოზულ ნამუშევრად აღქმა საკმაოდ რთულია. ოქროს გრამოფონს სხვა ნომინანტები გაცილებით მეტად იმსახურებდნენ, განსაკუთრებით კი ამერიკელი მუსიკოსისა და პროდიუსერის, Moby-ს ფსევდონიმით ცნობილი რიჩარდ მელვილ ჰოლის შესანიშნავი სიმღერა Natural Blues.

7. Blood, Sweat & Tears - Blood, Sweat & Tears (1970)

ამერიკული ჯაზ-როკ კოლექტივის Blood, Sweat & Tears ამავე სახელწოდების მეორე სტუდიური ჩანაწერი უდავოდ შთამბეჭდავი ნამუშევარია და მისთვის გრემის ჯილდოს მინიჭებაც მეტ-ნაკლებად სამართლიანი იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება - იმავე წელს საუკეთესო ალბომის კატეგორიაში "ბითლზის" Abbey Road იყო ნომინირებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ლივერპულური ოთხეულის დღეს უკვე საკულტო სტატუსის მქონე ჩანაწერმა გამოსვლისას კრიტიკოსების მხრიდან არაერთგვაროვანი, ზოგ შემთხვევაში ნეგატიური შეფასებებიც კი დაიმსახურა. შესაბამისად, აკადემიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოულოდნელად მხოლოდ თანამედროვე პერსპექტივიდან შეიძლება მოგვეჩვენოს.

6. Steely Dan - Two Against Nature (2001)

ამერიკული კოლექტივის Steely Dan დისკოგრაფია არაერთ ბრწყინვალე ნამუშევარს მოიცავს, რომელთა ფონზეც 2000 წელს გამოცემული Two Against Nature შედარებით სუსტად გამოიყურება. შესაბამისად, ბრიტანული ბენდის, Radiohead-ის არტ როკ შედევრის Kid A ნაცვლად წლის საუკეთესო ალბომის ტიტულის ამ ჩანაწერისთვის მინიჭება საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა. აკადემიის მხრიდან მსგავს გადაწყვეტილებას ერთადერთ გამართლებად ის თუ მოეძებნება, რომ ჯგუფმა ნამუშევარი ოცწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ გამოსცა, რამაც მათ მიმართ მუდამ ძალზე ლოიალურად განწყობილ კრიტიკოსებში გადაჭარბებული აჟიოტაჟი გამოიწვია.

5. Macklemore & Ryan Lewis - The Heist (2014)

Macklemore-ის ფსევდონიმით ცნობილი რეპერის, ბენ ჰაგერთისა და პროდიუსერ რაიან ლიუისის ერთობლივ ჩანაწერს The Heist ცუდი ნამდვილად არ ეთქმის, თუმცა მის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომად დასახელება მაინც ზედმეტად უცნაური გადაწყვეტილება იყო. მით უმეტეს, რომ 2014 წელს ამ კატეგორიაში, როგორც ქანიე ვესთის ექსპერიმენტული შედევრი Yeezus, ასევე ქენდრიქ ლამარის უკვე ჟანრის კლასიკად ქცეული ნამუშევარი Good Kid, M.A.A.D City იყო ნომინირებული. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, სადაც მომხდარი უსამართლობა თავად გამარჯვებულმაც კი აღიარა - მაკლემორი თვლიდა, რომ ქენდრიქი გაცილებით ღირსეული კანდიდატი იყო და ამ უკანასკნელს ცერემონიის მომდევნო დღესვე ტექსტური მესიჯით ბოდიში მოუხადა.

4. Celine Dion - Falling Into You (1997)

სელინ დიონი პოპ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელია, რომელიც საოცარი ვოკალური მონაცემებითაა დაჯილდოებული. ამის უარყოფა ისევე რთულია, როგორც იმ ფაქტის, რომ კანადელი ვარსკვლავის ჩანაწერების დიდი ნაწილი ბანალურ, გაცვეთილ ფორმულაზეა აგებული. ამ მხრივ გამონაკლისი არც Falling Into You გახლავთ, რომელმაც გრემის ჯილდო 1997 წელს საუკეთესო ალბომის კატეგორიაში დაიმსახურა. მასთან კონკურენციაში კი სხვა, გაცილებით საინტერესო და ღირსეულ ნომინანტებთან (Beck - Odelay და The Smashing Pumpkins - Mellon Collie and the Infinite Sadness) ერთად ამერიკული ჰიპ ჰოპ ტრიოს Fugees საკულტო ნამუშევარიც The Score დაიჩაგრა.

3. Christopher Cross - Christopher Cross (1981)

გრემის დაჯილდოების 23-ე ცერემონიაზე ბრიტანული კოლექტივის Pink Floyd ეპოქალური ჩანაწერი The Wall თითქოს უპირობო ფავორიტი უნდა ყოფილიყო, თუმცა კულტურულ ფენომენად ქცეული ნამუშევრის ნაცვლად, წლის საუკეთესო ალბომის ტიტული ამერიკელი სოფტ როკ შემსრულებლის, კრისტოფერ კროსის შაბლონურ, არაფრით გამორჩეულ სადებიუტო ჩანაწერს Christopher Cross ხვდა წილად. თითქოს ეს არ კმაროდა, აკადემიამ კროსს იმავე საღამოს ჯილდო სამ სხვა მთავარ კატეგორიაშიც მიანიჭა, რაც ათწლეულების განმავლობაში სარეკორდო მაჩვენებლად რჩებოდა, სანამ 2020 წელს იგივე მიღწევა ამერიკელმა პოპ ვარსკვლავმა, ბილი აილიშმა არ გაიმეორა.

2. The New Vaudeville Band - Winchester Cathedral (1967)

1967 წელი პოპულარული მუსიკის ისტორიაში სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ გამორჩეულ მონაკვეთად, რომელსაც ლეგენდარული კოლექტივებისა თუ არტისტების მიერ გამოცემული ათობით ეპოქალური ნამუშევარი უკავშირდება. ამ საოცარი კატალოგის ფონზე კი აკადემიამ გრემის ისტორიაში ერთ-ერთი პირველი აბსურდული გადაწყვეტილება მიიღო და საუკეთესო თანამედროვე კომპოზიციის ჯილდო ჯგუფის The New Vaudeville Band გულისგამაწვრილებელ ნაცოდვილარს Winchester Cathedral მიანიჭა. ყოველი შემთხვევისთვის, იმავე წელს ზემოხსენებულ კატეგორიაში ნომინირებულ ორ სხვა ჩანაწერსაც შეგახსენებთ: The Beatles - Eleanor Rigby და The Beach Boys - Good Vibrations.

1. Jethro Tull - Crest of a Knave (1989)

1988 წელს აკადემიამ ახალი ნომინაცია - საუკეთესო ჰარდ როკ / ჰევი მეტალ პერფორმანსი დააწესა. ეს იდეა რომ დიდი შეცდომა იყო, პირველივე ცერემონიაზე გამოჩნდა, სადაც ჯილდო "მეტალიკას" ეპოქალური ...And Justice for All-ის ნაცვლად პროგრესივ როკ ბენდის Jethro Tull ალბომს Crest of a Knave ხვდა წილად. ამ შესანიშნავ კოლექტივზე აუგი ნამდვილად არ გვეთქმის. აქ პრობლემა იმაშია, რომ მათ ჟღერადობასა და ესთეტიკას ჰევი მეტალთან საერთო არაფერი აქვს. ეს კურიოზული შემთხვევა, რომელზეც Jethro Tull-ის წევრებსაც ეცინებათ, მოარულ ანეკდოტად რჩება, წესი კი შეიცვალა და მეტალის ჟანრში მოღვაწე არტისტებს გრემი დღეს ცალკე გადაეცემათ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული