Thumbnail

ქიდ ქადი: ქანიე ფეხზე წამოდგომაში დამეხმარა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარული ალტერნატიული ჰიპ ჰოპ არტისტი, ქიდ ქადი ცნობილი გამოცემის Rolling Stone ოქტომბრის ნომრის სტუმარი გახლავთ. ჟურნალის გვერდებზე დაბეჭდილ ინტერვიუში მუსიკოსმა არაერთ საინტერესო საკითხზე, მათ შორის კოლეგებთან, ქანიე ვესთთან და ტრევის სკოტთან თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა. ქადი საუბრისას გამოტყდა, რომ 2018 წელს ქანიესთან ერთად კოლაბორაციულ ალბომზე Kids See Ghosts მუშაობამ გადაარჩინა.

მოუსმინეთ: Travis Scott x Kid Cudi - THE SCOTTS

ნახეთ: ტრევის სკოტმა და ქიდ ქადიმ ერთნაირი ტატუები დაიხატეს

"ჩანაწერზე Kids See Ghosts მუშაობამ გადამარჩინა. იმ პერიოდში არ ვიცოდი, გავაგრძელებდი თუ არა მუსიკის კეთებას. ქანიე ზუსტად მაშინ გამოჩნდა და ფეხზე წამოდგომაში დამეხმარა. სწორედ ეს იყო, რაც იმ მომენტში მჭირდებოდა", - გაიხსენა ქადიმ.

ამის შემდეგ არტისტმა ტრევის სკოტთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა:

"ტრევისთან ერთად მუშაობა შესანიშნავი გამოცდილება იყო. წლებია, ერთმანეთს ვიცნობთ და მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს. ის ჩემი ოჯახის წევრია".

36 წლის მუსიკოსს ნამუშევრებში არაერთხელ უსაუბრია საკუთარ ფსიქიკურ მდგომარეობაზე - დეპრესიაზე, რომელსაც წლების განმავლობაში ებრძოდა. ახალ ინტერვიუში ქადი ამ თემასაც შეეხო:

"როდესაც მუსიკას აკეთებ, შენს სიმართლეს ამბობ. ჩემს დეპრესიაზე ავლაპარაკდი იმიტომ, რომ ადამიანებს შეძლებოდათ, ჩემს ისტორიაში საკუთარი თავი დაენახათ. ამ ყველაფრის შემდეგ ალბომების დიდ ნაწილზე მუშაობა დასრულებული მქონდა. ისინი შეიცავს SOS მესიჯებს - იმედი მქონდა, ვინმე მათზე მიპასუხებდა და თავს ნაკლებად მარტოსულად ვიგრძნობდი".

ქადიმ მუსიკალური კარიერა 2003 წელს დაიწყო. ფართო საზოგადოებამ ის ხუთმაგი პლატინის სტატუსის მქონე ჰიტით Day 'n' Nite გაიცნო, რომელიც არტისტის სადებიუტო, კომერციულად ყველაზე წარმატებული ალბომის Man On The Moon: The End Of Day სინგლია. შემსრულებლის დისკოგრაფია დღეისთვის 1 მიქსტეიპს, 6 სტუდიურ ნამუშევარსა და 2 კოლაბორაციულ ჩანაწერს აერთიანებს. ქიდ ქადის შემოქმედება განსაკუთრებული მელანქოლიურობით გამოირჩევა.

2017 წელს ქადიმ მის პოპულარულ ჩიკაგოელ კოლეგასთან, ქანიე ვესთთან ერთად მუსიკალური დუეტი Kids See Ghosts ჩამოაყალიბა. გაერთიანებამ 2018 წელს ამავე დასახელების პირველი ერთობლივი ალბომი გაავრცელა, რომელმაც მსმენელთა და კრიტიკოსთა მაღალი შეფასებები დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული