Thumbnail

ფლორიდელმა რეპერმა COVID-19-ის სახელმწიფო ფონდიდან მითვისებული ფულით Ferrari იყიდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ჰიპ ჰოპ გაერთიანება Pretty Ricky-ს წევრი, დაიმონდ ბლუ სმიტი, ფსევდონიმით Baby Blue, პროკურატურამ მას შემდეგ დააკავა, რაც კორონავირუსით გამოწვეული ზარალის ასარიდებლად შექმნილი სპეციალური სახელმწიფო პროგრამიდან Paycheck Protection Program თერთმეტ თანამზრახველთან ერთად 17 მილიონი დოლარი მიითვისა. სამართალდამცველების განცხადებით, არტისტმა, ფალსიფიცირებული დოკუმენტების გამოყენებით, თავისი ერთი კომპანიის Throwbackjersey.com მეშვეობით 427 000 დოლარი მიიღო, მეორე - Blue Star Records-ით კი 708 000.

ამის შემდეგ დაიმონდ ბლუ სმიტმა 96 000 დოლარით "ფერარის" მარკის ავტომობილი იყიდა, 2 290 მოდის სახლ Versace-ს სამოსში გადაიხადა, 27 176 კი ჰოლივუდში მდებარე სასტუმროსა და კაზინოში Seminole Hard Rock Hotel & Casino დახარჯა. რეპერი ორშაბათს ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობისა და თაღლითური გზით ფულის მითვისების ბრალდებით დააკავეს, რა დროსაც შეძენილი "ფერარი" და თანხა ჩამოართვეს.

დაიმონდ ბლუ სმიტი

პროკურატურამ აგრეთვე დაადგინა, რომ რეპერი და მისი თანამზრახველები სხვა პირებსაც ეხმარებოდნენ პროგრამიდან თანხის მითვისებაში და ამ გზითაც იღებდნენ ფულად სარგებელს.

დაიმონდ ბლუ სმიტი Pretty Ricky-ს ორიგინალური შემადგენლობის წევრია. არენბისა და ჰიპ ჰოპის ჟანრებში მოღვაწე კოლექტივი 1997 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფს დღემდე ოთხი სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. გაერთიანებამ პოპულარობის პიკს 2000-იან წლებში ოქროს სტატუსის მქონე ალბომებით Bluestars და Late Night Special მიაღწია. მათმა სინგლებმა Grind With Me და On The Hotline კი პლატინის ტიტული მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული