Thumbnail

ამერიკული როკ ჯგუფის Van Halen თანადამფუძნებელი, ედი ვან ჰალენი 65 წლის ასაკში, ყელის კიბოთი გარდაიცვალა. ორმოცდარვაწლიანი კარიერის განმავლობაში ლეგენდარულმა გიტარისტმა, კომპოზიტორმა, მულტიინსტრუმენტალისტმა და პროდიუსერმა არაერთი უკვდავი ჰიტის შექმნაში მიიღო მონაწილეობა, ათასობით ახალგაზრდა კოლეგა შთააგონა და ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ვირტუოზის სტატუსიც დაიმკვიდრა. როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანილი მუსიკოსი მისი საფირმო, ორმაგი თეფინგის ტექნიკით იყო ცნობილი, რომლის დახვეწისა და პოპულარიზების საქმეშიც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.

ჩვენს სტატიაში ედი ვან ჰალენის მიერ შესრულებულ გიტარის ხუთ საუკეთესო სოლოს წარმოგიდგენთ.

5. Van Halen - 316

ეს კომპოზიცია ედის ვაჟის, ვოლფგანგ ვან ჰალენის გაჩენიდან მცირე ხანში ჩაიწერა და სახელწოდებაც სწორედ ამ უკანასკნელის დაბადების თარიღზე, 16 მარტზე მიანიშნებს (მესამე თვის მეთექვსმეტე დღე). საინტერესოა, რომ 15 წლის ასაკში ვოლფგანგი Van Halen-ის ბასისტი გახდა და ჯგუფის შემადგენლობაში მამასთან და ბიძასთან, ალექსთან ერთად მოღვაწეობდა.

4. Van Halen - Hot for Teacher

Van Halen-ის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, გიტარის ბრწყინვალე სოლოთი გამორჩეული კომპოზიცია მათ მეექვსე სტუდიურ ალბომში "1984" შევიდა. აღსანიშნავია, რომ Hot for Teacher კოლექტივის ორიგინალური შემადგენლობის მიერ ჩაწერილი უკანასკნელი სინგლი იყო.

3. Van Halen - Cathedral

1982 წელს ჩაწერილი Cathedral ედის საოცარი საშემსრულებლო ტექნიკისა და საკომპოზიციო ტალანტის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი დემონსტრირებაა. ტრეკის სტუდიური ვერსია ჟღერადობით ძალზე წააგავს საეკლესიო ორღანს და ნამუშევარს ეს სახელწოდებაც სწორედ ამიტომ შეურჩიეს.

2. Michael Jackson - Beat It

1984 წელს მუსიკოსმა მაიკლ ჯექსონს ეპოქალური ჰიტის Beat It შესრულებისას გაუწია პარტნიორობა. თუ რაიმეს შეეძლო პოპის მეფეს სრულყოფილებამდე დახვეწილი ნამუშევრის კიდევ უფრო შთამბეჭდავად წარმოჩენა, ეს სწორედ ედი ვან ჰალენის მიერ შესრულებული არაჩვეულებრივი გიტარის სოლო გახლდათ.

1. Van Halen - Eruption

დიდი ალბათობით, Van Halen-ის სტაჟიანი მსმენელები პირველ ადგილზე სწორედ ამ ჩანაწერს ელოდებოდნენ. როკ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ინსტრუმენტულ ნაწარმოებად აღიარებულმა კომპოზიციამ თავის დროზე ნამდვილი ფურორი მოახდინა და ათასობით ახალგაზრდას უბიძგა ხელში გიტარის აღებისკენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული